სამართალი

თეა წულუკიანი: ჯაშუშობის საქმეები მთლიანადაა გადასახედი

15 ოქტომბერი, 2012 • 1644
თეა წულუკიანი: ჯაშუშობის საქმეები მთლიანადაა გადასახედი

კონტრტერორისტული ცენტრისა და კუდის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი 2009 წელს აშანტაჟებდა ბათუმელებისჟურნალისტს – თედო ჯორბენაძეს, რის შემდეგაც ამ საქმეზე დაიწყო გამოიძება. გაზეთმა ბათუმელებმა 2011 წლის ნოემბერში, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, დაადგინა ამ პიროვნების ვინაობა და საცხოვრებელი, რაც ასევე ეცნობა შსსსა და პროკურატურას. მათგან ამ საქმეზე რეაგირება დღემდე არ ყოფილა.

დავი დევნოზაშვილი ასევე დაასახელა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ, რომელმაც თქვა, რომ აღიარებით ჩვენებას იძულებით სწორედ დევნოზაშვილი აწერინებდა. არის თუ არა ეს მასალები საკმარისი ამ ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად და მოხდება თუ არა ამ საქმეების გამოძიება?

მე თვითონ საქმის მასალებს არ ვიცნობ, ვიცი ის, რასაც თქვენ ბრძანებთ და რაც ვრცელდება მედიასაშუალებებით. არა მარტო ამ საქმეზე, არამედ, ზოგადად, პრინციპი უნდა იყოს ის, რაც უნდა ყოფილიყო, თუმცა ხელისუფლება ამას არ აკეთებდა. პროკურატურა როგორც კი შეიტყობს (წყაროს არა აქვს მნიშვნელობა), პირველ რიგში, მედიასაშუალებებისგან იმ ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მას ევალება ამაზე მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება. ამიტომ ეს კულტურა აუცილებლად დამკვიდრდება და არა მხოლოდ ამ საქმეზე.  

ანუ შესაძლოა ველოდოთ ბათუმელებისსაქმის გამოძიების ეფექტურად გაგრძელებას?

რა თქმა უნდა, შესაძლოა. უბრალოდ, ამ ინფორმაციებს უნდა ჩაღრმავება. ერთი შეხედვით, მეჩვენება, რომ იქ არის პროკურატურისთვის გასაკეთებელი საქმე, მაგრამ ეს ამ საქმეს სცილდება. მიდგომა უნდა შეიცვალოს. ბოლო წლებში, მედიასაშუალებების მეშვეობით, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა სხვადასხვა დანაშაულის შესახებ, მაგრამ პროკურატურა არ რეაგირებდა, რადგან იყო პოლიტიკური წნეხის ქვეშ.   

 

სისხლის სამართლის კოდექსის 314– მუხლის (ჯაშუშობა) შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარია შეტანილი, იურისტები კი ბევრს საუბრობენ მის ბუნდოვანებაზე. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით? მოხდება თუ არა ამ მუხლის შეცვლა და იმ ათეულობით ადამიანის რეაბილიტაცია, ვინც ამ მუხლითაა გასამართლებული?

ბატონი ლაშა ტუღუშის, სანდრო ბარამიძის და სხვების მიერ სასამართლოში შეტანილი ეს საჩივარი მე არა მარტო ნანახი მაქვს, არამედ ჩვენ ერთად გავდიოდით კონსულტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით და მეც მეჩვენება, რომ ეს მუხლი არის ბუნდოვანი, თუმცა ამ მუხლის მთლიანად გაუქმება არ შეიძლება. სახელმწიფო ინტერესს სჭირდება დაცვა და ეს ინტერესი სხვადასხვა გზით, მათ შორის ამ კანონით უნდა იყოს დაცული. თვითონ ეს კანონი არ აკმაყოფილებს “ხარისხიანი კანონის” პრინციპს, რის გამოც უნდა დაიხვეწოს. ჩვენ ევროპის სასამართლოში აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ გვქონდეს ხარისხიანი კანონი. ხარისხიანი კანონი ნიშნავს იმას, რომ მე როცა რაღაცას ვაკეთებ, უნდა განვჭვრიტო, დასჯადია თუ არა ეს ქმედება. ეს მუხლი არ იძლევა ამის საშუალებას.


აქედან გამომდინარე, კანონის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულთა საქმეების გადახედვა, ან მათი რეაბილიტაცია?

 

ამ კანონის შეცვლა არ არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ მსგავსი საქმეების გადახედვა მოხდეს იმიტომ, რომ იმ საქმეებში გაცილებით დიდი პრობლემები იკვეთება, ვიდრე ეს 314–ე მუხლის ტექსტია. ჯაშუშების საქმეებში მთავარი პრობლემა ბუნდოვანი კანონი კი არ იყო, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობდა და რაც არსებობდა, ისიც ძალადობით იყო მოპოვებული. შესაბამისად, ეს საქმეები მთლიანადაა გადასახედი.

 


ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორების საქმეზე როგორია თქვენი პოზიცია? ეს საქმეც გადაიხედება?

 

ფოტორეპორტიორების საქმეს ახლავს ძალიან ბევრი ჩრდილი და შეკითხვა. მე პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ ღრმად ჩავიხედო ამ საქმეში, თუ რა მოხდა რეალურად. ეს საქმე გადაიხედება და თუ დადგინდა, რომ ეკუთვნით, მოხდება თვითნებობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია.

 

მოხდება თუ არა ფინანსური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია? მაგალითად, გადასახადის დამალვისთვის უნდა დაეკისროს თუ არა პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მრავალწელი მიესაჯოს?

 

მე ამაზე ჩამოყალიბებული აზრი მაქვს, მაგრამ ჯერ არ შემითანხმებია ჩემს მომავალ თანამშრომლებთან, რადგან ამ საკითხის გადასაწყვეტად მათი აზრი იქნება მნიშვნელოვანი. ჩემი მოსაზრებით, სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი გამოყენებაა, როცა მთლიანად პროკურატურაზეა ჩამოკიდული ისეთი დიდი ტვირთი, როგორიც არის ფინანსური დანაშაული. წამყვანი მიდგომა უნდა იყოს ის, რომ ფინანსურ დანაშაულს სახელმწიფომ, პირველ რიგში, ფინანსური პასუხი გასცეს, იქნება ეს ჯარიმა, თუ სხვა ტიპის ფინანსური სანქცია.

აპირებთ თუ არა კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით დღეს არსებული კანონმდებლობის შეცვლას?  

ამ ეტაპზე კანონიერი ქურდების ფენომენთან დაკავშირებით არსებული კანონის შეცვლა ჩვენ მიერ არ იგეგმება.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

 

გადაიხედება თუ არა მოქალაქეებისთვის იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი დოკუმენტების ტარიფები? როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?

ტარიფების გადახედვა, ალბათ, უნდა მოხდეს, მაგრამ იმისათვის, რომ გაგცეთ პასუხი, თუ როგორ და რა პრინციპით მოხდება ეს, უფრო ღრმად უნდა ჩავიხედო ამ საკითხში. ის, რომ ეს ტარიფები შეუსაბამოა საქართველოში ადამიანთა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ცხადზე ცხადია.

იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს პროექტს კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება”. გაგრძელდება თუ არა მსგავსი პროექტები იუსტიციის სამინისტროს ეგიდით და ამას უნდა აკეთებდეს თუ არა იუსტიციის სამინისტრო?

 

გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ეს და მსგავსი პროექტები, მაგალითად, ქალაქების რესტავრაცია ჩამოკიდებული იუსტიციის სამინისტროზე. ალბათ, გახსოვთ, ზურაბ ადეიშვილი იყო ბათუმის და სიღნაღის მთავარი რესტავრატორი. სხვა საქმეა, ასევე, იუსტიციის სახლების მშენებლობა. ეს პროექტები უნდა ხორციელდებოდეს იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, მაგრამ არ შეიძლება პროკურორი იყოს მშენებლობის ზედამხედველი, მასალების მიმწოდებელი. პროკურორი არ უნდა ამოწმებდეს იუსტიციის სახლების მშენებლობის ხარისხს და პროცესს, თუმცა მათ ამას ავალებდნენ და მათ სხვა გზა არ ჰქონდათ.

 

პატიმართა წამების ვიდეოების გამავრცელებლის, ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება თუ არა? გააგრძელებთ თუ არა ამ საქმის გამოძიებას?

 

მე რომ გიპასუხოთ კი, ან არა, არასერიოზული იქნება იმიტომ, რომ მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია – ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში რა მასალები დევს. სანამ არ გავეცნობი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ციხის საქმის გამოძიება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი არა მარტო ჩემთვის, არამედ შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებისთვის.


როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოსთან ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მისთვის დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით? იუსტიციის სამინისტრომ, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ იქნებით, საქართველოს პოზიცია დაიცვას. გიმსჯელიათ თუ არა ამ საკითხზე ივანიშვილთან?

ამ საკითხზე მე მასთან არ მიმსჯელია, მაგრამ ჩვენი მიდგომა ერთმანეთს დაემთხვევა აუცილებლად. მე სანამ “ქართული ოცნება” დეპუტატობის კანდიდატად დამასახელებდა, ვხელმძღვანელობდი კოალიციის იურიდიულ სამსახურს და კარგად ვიცნობ ყველა იმ სამართლებრივ დავას, რაც ეხებოდა აუდიტის სამსახურის მიერ ივანიშვილისთვის ჯარიმების დაკისრებას. ბიძინა ივანიშვილი იქნება მხარე, თუ  ნებისმიერი სხვა პირი, იმ საქმეებში, სადაც საქართველოს სახელმწიფო იქნება ცალსახად დამნაშავე, უნდა მორიგდეს ქვეყნის შიგნით ისე, რომ საზღვარგარეთ დავა, თუნდაც საარბიტრაჟო სასამართლოში, არ გახდეს საჭირო.

 

როგორ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობა?

 

სამინისტროს სტრუქტურის დოკუმენტი რომ მომცეს, იქ საერთოდ არ არის ცალკე გამოყოფილი პრესსამსახური ან საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მე მსურს გვქონდეს ცალკე განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მინისტრის და სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობაზე.

 


სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანების ოჯახის ინტერესების დამცველი იურისტი დავით ჯანდიერი იქნება თუ არა თქვენი მოადგილე?

 

დავით ჯანდიერი აუცილებლად იქნება ჩემი ერთ–ერთი მთავარი საყრდენი, თუმცა, პირველი, მეორე თუ მესამე მოადგილე იქნება, ჯერ ზუსტად არაა გადაწყვეტილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი