სამართალი

არჩევნები ციხეებში

2 ოქტომბერი, 2012 •
არჩევნები ციხეებში

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ქუთაისის N2, გლდანის N8, თბილისის N12 და ქსნის N15 დაწესებულებებში, ხოლო დანარჩენ დაწესებულებებში ხმის მიცემა მოხდა გადასატანი ყუთების საშუალებით. 

 

ქსნის N15 დაწესებულებაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 414 მსჯავრდებულს, რომელთაგან, ადმინისტრაციის განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 131–მა მსჯავრდებულმა, ხოლო რეალურად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 64–მა მსჯავრდებულმა. როგორც გაირკვა, მსჯავრდებულთა უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, რის გამოც მათ ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება არჩევნებში, ხოლო მსჯავრდებულთა გარკვეულმა ნაწილმა, ვისაც ხელთ ჰქონდა პირადობის მოწმობები, თავად განაცხადა უარი ხმის მიცემაზე. 

 

თბილისის N12 დაწესებულებაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 181 მსჯავრდებულს, აქედან მონაწილეობა მიიღო 92–მა მსჯავრდებულმა, ხოლო დარჩენილი პატიმრებიდან ზოგმა საკუთარი ინიციატივით თქვა უარი მონაწილეობის მიღებაზე, მეორე ნაწილს კი არ გააჩნდა პირადობის მოწმობები. მონახულებული მსჯავრდებულების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი გაფრთხილებული იყვნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე.  

 

გლდანის N8 დაწესებულებაში საარჩევნო უბანი გახსნილი იყო დაწესებულების D კორპუსში.  არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 1008 პატიმარს, რომელთაგან საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო 235–მა პატიმარმა, ხოლო დარჩენილმა ნაწილმა, ძირითადად ვერ მიიღო მონაწილეობა პირადობის მოწმობის უქონლობის გამო.

 

რაც შეეხება N18 სამკურნალო დაწესებულებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პატიმრები თავიანთ არჩევანს აფიქსირებდნენ N8 დაწესებულებაში არსებულ საარჩევნო უბანში. N18 დაწესებულებიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 36 პატიმარს, საიდანაც მონაწილეობა მონიტორინგის დრომდე მიიღო 2–მა პატიმარმა,  ერთმა პატიმარმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ხოლო დარჩენილ ნაწილს არ ჰქონდა პირადობის მოწმობები. 

 

ქუთაისის N2 დაწესებულებაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 235 პატიმარს, საიდანაც საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო 53–მა პატიმარმა. დარჩენილ ნაწილს პირადობის მოწმობის უქონლობის გამო არ მიუღია მონაწილეობა არჩვნებში, ხოლო ნაწილმა საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. 

 

რაც შეეხება დანარჩენ დაწესებულებებს, არჩევნები ჩატარდა გადასატანი ყუთების მეშვეობით. 

 

რუსთავის N17 დაწესებულებაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 116 მსჯავრდებულს, ხოლო საარჩვნო პროცესში მონაწილეობა მიიღო 13–მა მსჯავრდებულმა. სამმა მსჯავრდებულმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. მსჯავრდებულთა დარჩენილმა ნაწილმა ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან არ ჰქონდათ პირადობის მოწმობები. 

 

მსგავსი ვითარება იყო რუსთავის N16 დაწესებულებაშიც, სადაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 71 მსჯავრდებულს, საიდანაც პირადობის მოწმობა ჰქონდა მხოლოდ 9 მსჯავრდებულს. 

 

რუსთავის N6 დაწესებულებაშიც არჩევნები გადასატანი ყუთით ჩატარდა. N6 დაწესებულებაში  ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 31 პატიმარს, თუმცა პირადობის მოწმობა გააჩნდა 7 პატიმარს, აქედან თავის მხრივ უარი თქვა მონაწილეობაზე 4–მა პატიმარმა და საბოლოოდ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 3–მა პატიმარმა. 

 

ქალთა N5 დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 24 მსჯავრდებულს, საიდანაც პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა 10 მსჯავრდებულს, რომელთაც საარჩევნო პროცესში მიიღეს მონაწილეობა. N5 დაწესებულებაში ამავდროულად განთავსებული იყო 45 ბრალდებული, რომელთაც არ მიუღიათ მონაწილეობა. მათი ნაწილის განმარტებით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია თავიანთი საარჩევნო უფლების შესახებ. 

 

ზუგდიდის N4 დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 72 პატიმარს, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 42–მა პატიმარმა. 

 

ბათუმის N3 დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე 203 პატიმრიდან მონაწილეობა მიიღო 15–მა პატიმარმა, ხოლო გეგუთის N14 დაწესებულებაში  ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 209 მსჯავრდებულს, საიდანაც არჩვნებში მონაწილეობა მიიღო 32–მა მსჯავრდებულმა, ხოლო 7–მა მსჯავრდებულმა საკუთარი სურვილით თქვა უარი მონაწილეობაზე.

 

სახალხო დამცველის რწმუნებულები გაესაუბრნენ მსჯავრდებულთა დიდ ნაწილს, ვინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მსჯავრდებულთა განმარტებით, ხმის მიცემის პროცესმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ესწრებოდნენ დამკვირვებლები. მსჯავრდებულების გადმოცემით, მათ მიმართ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ძალდატანებას და ზეწოლას არც არჩევნების ჩატარებამდე და არც მას შემდეგ ადგილი არ ჰქონია. 

 

დადებითად შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა დაწესებულებაში არჩევნების პროცესმა ჩაიარა მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში. არც ერთ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ძალდატანებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და პატიმრების გადმოცემით, მათ თავისუფლად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. 

 

ამავდროულად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური სამსახურების ხარვეზები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა საკუთარ ანგარიშებში სხვადასხვა დროს. ყველა დაწესებულებაში კვლავ პრობლემად დგას პატიმრებისთვის პირადობის მოწმობების დამზადების საკითხი, რაც თავის მხრივ მოითხოვს გარკვეულ დროს და ამისათვის თადარიგი ადრევე უნდა ყოფილიყო დაჭერილი. ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ მათ საერთოდ არ იცოდნენ იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ბრალდებულის სტატუსით, რაც ასევე სოციალური სამსახურის კომპეტენციაა და პატიმრის უფლება-მოვალეობის გაცნობა მათი პირდაპირი ვალდებულებაა.   

 

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იყრიდიული დახმარების სამინისტროს, დროულად უზრუნველყოს ადგილებზე საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე პატიმართა აღრიცხვა და მათთვის სათანადო საბუთების დამზადება, რათა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველა მათგანმა შეძლოს საარჩევნო უფლებით სარგებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი