“კომერსანტის” ინფორმაციით, ლოპოტის ხეობაში მოკლულთა შორის ყველაზე გავლენიანი ფიგურა 44 წლის დოშუევი იყო. ის მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ კამპანიაში, როგორც ახმედ ზაკაევის პირადი მცველი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, როგორც პოლიტიკური დევნილი.
2000 წლის დასაწყისში, როდესაც ზაკაევი საზღვარგარეთ წავიდა, დოშუევი დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურებმა, მაგრამ მოგვიანებით ის ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.
2003 წელს, როდესაც ლონდონის სასამართლო განიხილავდა ზაკაევის ექსტრადიციის საქმეს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ წარადგინა მოწმე დოშუევის ჩვენება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სწორედ ზაკაევი გასცემდა ბრძენებებს გატაცებებისა და მკვლელობების შესახებ, რომელთა გარშემოც აღძრული იყო რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები. თუმცა თავად დუკვახა დოშუევმა, რომელსაც იმ დროისთვის უკვე დატოვებული ჰქონდა რუსეთი, ყველაფერი უარყო და სასამართლოს განუცხადა, რომ ეს ჩვენება მისი წამების შედეგად იყო მიცემული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე რუსეთის მხრიდან საზღვარი გადმოლახა ჩრდილო კავკასიელებისგან შემდგარმა შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელბმაც მძევლად აიყვანეს სოფელ ლაფანყურში მცხოვრები 5 ახალგაზრდა.
არსებობს განსხვავებული ვერსიაც, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული ჯგუფი პოლიციელებს მაშინ შეეჯახა, როდესაც ისინი დაღესტანში გადასვლას ცდილობდნენ საქართველოდან იმ მიზეზით, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ დოკუ უმაროვის [ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კავკასიის ემირი, რომელიც რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დაწყებიდან დღემდე იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ] მიერ ორგანიზებულ შეკრებაში. იმის გამო, რომ შეიარაღებულ ჯგუფს გზა აებნა საზღვრის გადალახვის დროს, მათ მეგზურებად აიყვანეს ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც შემდეგ ქართულმა პოლიციამ მძევლებად გამოაცხადა.
სპეცოპერაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 სპეცრაზმელი ემსხვერპლა და 11 ადამიანი შეიარაღებული ჯგუფიდან, რომელთაგან მხოლოდ 7-ია იდენტიფიცირებული და მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი 5 რუსეთის მოქალაქე, მათგან 4 – ჩეჩნეთშია დაბადებული, 1 კი – ინგუშეთში.