შსს–ს პრესსამსახურის უფროსის, სალომე მახარაძის თქმით, მდგომარეობა 1 სექტემბერს, 11 საათის მონაცემებით კვლავ უცვლელია. მისივე ცნობით, ხეობაში ამჟამად მხოლოდ ადგილობრივი სამართალდამცავები რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ მძევლების გათავისუფლების მოტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სპეცოპერაციაში მონაწილეობა ასეულობით სამართალდამცავმა მიიღო და მისი ძირითადი ფაზა 30 აგვისტოს დასრულდა. შედეგად, მოკლულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევი, 6 მათგანის ძებნას კი შსს–ს წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ.
ოფიციალური ვერსიით, საზღვრისპირა სოფელ ლაფანყურის მცხოვრები 5 ახალგაზრდა 26 აგვისტოს სოფლიდან 3–4 კილომეტრის მოშორებით, ტყეში საქეიფოდ გავიდა და ისინი მძევლად შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა აიყვანეს. ადგილობრივების დახმარებით დაკარგული ბიჭები ქართველმა მესაზღვრეებმა იპოვეს. ერთ–ერთი ქართველი მესაზღვრე ახალგაზრდების გამოშვების სანაცვლოდ თავად დარჩა მძევლად შეიარაღებულ ჯგუფთან, რის შემდეგაც მძევლად აყვანილი 5 სამოქალაქო პირი 28 აგვისტოს გაათავისუფლეს.
აღნიშნულის შემდეგ, შსს–მ მძევლად აყვანილი მესაზღვრის სანაცვლოდ შეიარაღებულებთან მძევლად დატოვა უწყების ერთი ოფიცერი.
შს მინსიტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ რადგან შეიარაღებულმა პირებმა იარაღის დაყრაზე და დანებებაზე უარი განაცხადეს, დაიწყო მათი განეიტრალების სპეცოპერაცია. შოთა ხიზანიშვილის თქმით, შეიარაღებულ პირებს მძევლად აყვანილთა გათავისუფლების სანაცვლოდ არანაირი პირობა არ წამოუყენებიათ, ასევე უცნობია მძევლების აყვანის მოტივი.
სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის სამი ქართველი სამართალდამცავი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი.
ამ დროისათვის შსს არ ავრცელებს ინფორმაციას შეიარაღებული ჯგუფის წარმომავლობის შესახებ, ასევე, როდის და საიდან აღმოჩნდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე.