აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ 2012 წლის ანგარიში 19 ივნისს გამოაქვეყნა და საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა წარუდგინა.
აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ქართველი ქალები სექსტრეფიკინგში ჩართულნი არიან როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ეგვიპტეში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უზბეკეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქე ქალები საქართველოში, სავარაუდოდ, იძულებით არიან ჩართული კომერციულ სექსინდუსტრიაში. პროსტიტუციაში იძულებით ჩართული ქალები კი კლიენტებს, ძირითადად, ემსახურებიან სასტუმროებში, საუნებსა და სტრიპტიზკლუბებში.
ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი კაცები, ძირითადად, შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თურქეთსა და რუსეთში. 2011 წლის ანგარიშში ამ ქვეყნების სიაში ლიბია და ეგვიპტეც იყო, თუმცა წლევანდელ ანგარიშში ისინი ნახსენები არ არიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვირვებით, ე.წ. ქუჩის ბავშვები სხვა პირების – მშობლების ან სხვა ნაცნობების დავალებით ქურდობენ, რაც ტრეფიკინგის ერთგვარი ფორმაა. სახელმწიფო დეპარტამენტი ახსენებს ადგილობრივი არასამთავრობოების წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ქურდობის ფაქტზე დაჭერილ ბავშვებს ციხეში სვამენ და სამართალდამცავები არ ითავლისწინებენ, რომ ისინი, შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ.
”საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს . საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიზარდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებისა და ტრეფიკიორთა გასამართლების ფაქტები. სახელმწიფომ ასევე გაზარდა ანტიტრეფიკინგული ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრისთვის,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ თანამშრომლეთა რაოდენობა, ვისაც ჩაუტარეს ტრენინგები ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოსავლენად. მიუხედავად ამისა, წლის განმავლბაში ადგილობრივი ექსპერტები მუდმივად წუხდენენ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ტრეფიკინგის პრობლემის მიმართ და საუბრობდნენ, რომ მთავრობა ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა პროაქტიულ გამოვლენაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებსაც სთავაზობს. აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს იმ არასამათავრობო ორგანიზაციების დაფინასნება, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებაზე მუშაობენ, უფრო ეფექტურად გამოიძიონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევები, ხშირად შეამოწმონ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული უცხოელები, რადგან ისინი იძულებითი შრომის მიმართ ყველზე მოწყვლადები არიან.
”საქართველოს ხელისუფლებამ ანტიტრეფიკინგული კანონმდებლობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გააუმჯობესა და ტრეფიკიორი საქართველოში 7-დან 20 წლამდე პატიმრობის ვადით ისჯება, რაც სიმკაცრით გაუპატიურებაში ბრალდებულთა სასჯელს უტოლდება. 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ტრეფიკინგის 16 შემთხვევა გამოიძია, რომელიც ეხებოდა 18 ადამიანს. 2010 წელს გამოძიებული იყო 10 შემთხვევა, რომელიც ასევე 18 ადამიანს უკავშირდებოდა. საქართველოს ხელისუფლების ცნობით, ტრეფიკინგის ხელშეწყობაში სახელმწიფოს არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა შემჩნეული,” – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში ეყრდნობა ქართველ ექსპერტებს, რომელთა მოსაზრებითაც, ხელისუფლების მიერ მიღებულმა შრომითმა კოდექსმა გაზარდა დასაქმებულთა მოწყვლადობა იძულებითი შრომისადმი. 2011 წლის სექტემბერში საქართველოს პროფკავშირები აცხადებდნენ, რომ ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში არსებული სამუშაო პირობები ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავდა, რადგან ქარხნის ადმინისტრაცია პასპორტებს არ უბრუნებდა იმ მუშებს, რომლებიც სამუშაო პირობებზე პროტესტს გამოხატავდნენ, მათ შორის იყო ინდოეთის 100-მდე მოქალაქე.
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება ჩაატარა, ქარხანაში დასაქმებული 200-მდე ადამიანი გამოკითხა და დაადგინა, რომ ინდოელები ტრეფიკინგის მსხვერპლნი არ იყვნენ, მათ თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება და მუშაობა, ასევე სრულად უხდიდნენ კონტრაქტით გათვალისწინებული შრომის საფასურს.
”საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, გამოევლინა ტრეფიკინგის მსხვერპლნი, 2011 წლის პირველ ნახევარში არაეფექტური გამოდგა, რადგან ამ პერიოდში ტრეფიკინგის მსხვერპლი არ გამოვლენილა.
2012 წლის თებერვალში ხელისუფლებამ უზბეკეთის ორი მოქალაქე ქალი გამოავლინა, რომლებიც სექსტრეფიკინგში იძულებით იყვნენ ჩართული. ტრეფიკინგის გამოვლენილ მსხვერპლთა ნახევარმა თავად სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას დახმარება, ნახევარს კი სამართალდამცავებმა გამოძიების შედეგად მიაგნეს,”- წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
სახელწმიფო ანგარიშის მიხედვით, პირველი რანგის ქვეყნებს შორის მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ქვეყნაში ტრეფიკინგის პრობლემა არ არსებობს. დოკუმენტის მიხედვით, პირველი რანგის ქვეყნებს შორის მოხვედრა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მთავრობა აკეთებს იმის მინიმუმს, რასაც ითხოვს ტრეფიკინგის აღმიოფხვრასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტები. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი პირველი რანგის ქვეყნებმა, არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა და ხელისუფლებები აიძულონ, ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად გაატარონ სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა დონეზე, დაწყებული ქვეყნის პოლიტიკური სფეროებით, დამთავრებული ვაჭრობითა და ინდუსტრიით, ასევე საერთაშორისო შრომითი სტანდარტების ერთგულება, არატოლერანტულობა არასრულწოვანთა სექსუალური ვაჭრობის სფეროში ჩართვის წინააღმდეგ, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ჯანმრთელობის დაზღვევისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარება, მკურნალობა და ა.შ.