საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 ივნისს, ორი სასამართლო პროცესი გაიმართა. ერთი ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის ათეულობით მილიონი ლარით დაჯარიმებას მოსახლეობისთვის ”გლობალ ტვ” –ის ანტენების გამო. მეორე პროცესზე კი უნდა გარკვეულიყო შპს ”ელიტა ბურჯისა” და შპს ”ბურჯის” მიერ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” 239 ავტომობილის მიქირავების კანონიერების საკითხი.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო მიზნებისთვის ”გლობალ ტვ”–ის ანტენები უსასყიდლოდ გადასცა მოსახლეობას. მაკონტროლებლის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიებმა შპს ”ელიტა ბურჯმა” და შპს ”ბურჯმა” პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” 239 ავტომობილი ფიქტიური ხელშეკრულებით პრაქტიკულად უფასოდ მიაქირავა, თუმცა სერვისის ღირებულება 2.4 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, კონტროლის პალატა სასამართლოსგან ბიძინა ივანიშვილის ამ თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას ითხოვს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა– სანდრო ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ კონტროლის პალატის პარტიების ფინანსნური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილეს გიორგი ამირანაშვილს სასამართლოზე მოსთხოვეს, წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ”ელიტა ბურჯი” და ”ბურჯი” ივანიშვილის კომპანიებია.
”აქ ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს კომპანიები ბიძინა ივანიშვილისაა,” – განაცხადა ნათია მოგელაძის მოადგილემ გიორგი ამირანაშვილმა. ივანიშვილის ადვოკატებმა მისგან კვლავ მოითხოვეს ამ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუმცა ამირანაშვილი პროცესზე დაჟინებით იმეორებდა, რომ მან ამ კითხვას პასუხი უკვე გასცა. ივანიშვილის ადვოკატების თქმით კი, აღნიშნულ კომპანიებს სულ სხვა პირები ფლობენ და არც ერთ იურიდიულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი არ ფიგურირებს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, როგორ გამოითვალა კონტროლის პალატამ, რომ კერძო კომპანიებმა პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” ავტომობილების მიქირავების ღირებულება 2,.4 მილიონი იყო და ვთქვათ, არ იყო 5 მილიონო, ან უფრო ნაკლები. კონტროლის პალატის წარმომადგნელის თქმით, უწყებამ შემოსავლების სამსახურისგან ავტომობილების დაქირავების საბაზრო ფასი გამოითხოვა და ეს თანხაც ამის მიხედვით გამოიანგარიშა.
საქმის მასალების მიხედვით, კონტროლის პალატამ კერძო კომპანიების მიერ პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” 2012 წლის იანვირდან მაისის ჩათვლით მანქანების მიქირავების ფაქტი მიიჩნია უკანონოდ, თუმცა აღნიშნული პარტია 2012 წლის 7 მაისს დაფუძნდა ოფიციალურად. შესაბამისად, ადვოკატი სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია შპს ”ბურჯსა” და ”ელიტა ბურჯს” არარსებული პარტიისთვის მიექირავებინათ ავტომობილები. მისი აზრით, 239 მანქანის მთელი წლით ქირავნობის თანხა– 2.4 მილიონი ლარი, რომელიც კონტროლის პალატამ დაითვალა, არაადეკვატურია, რადგან ამ თანხით ამავე რაოდენობის ავტომობილის არათუ დაქირავება, ყიდვაც არის შესაძლებელი.
ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლისგან საქმის განხილვის გადადებას ითხოვდნენ ადეკვატური დროით, რადგან მათ საქმის მასალები 7 ივნისს, 15:00 საათზე ჩაბარდათ და ასეულობით გვერდის გასაცნობად და არგუმენტების მოსამზადებლად მხოლოდ 23 საათი ჰქონდათ, როცა კონტროლის პალატამ რამდენიმე თვე მოანდომა აღნიშნული საქმის შესწავლას. მოსამართლემ არც ერთი მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა მისი აცილების საკითხიც დააყენეს, თუმცა, უშედეგოდ.
საბოლოოდ, მოსამართლე ნანა დარასელიამ საქმის არსებითი განხილვის პრაქტიკულად დასრულების შემდეგ, პროცესი 11 ივნისისთვის გადადო. სავარაუდოდ, მან სწორედ ამ დღეს უნდა გამოაცხადოს თავისი გადაწყვეტილება ივანიშვილის დაჯარიმებაზე. გარდა ამისა, ასევე 11 ივნისს გაირკვევა, დააჯარიმებენ თუ არა ივანიშვილს ”გლობალ ტვ”–ის ანტენების დაყენებისთვისაც.