გამოძიებამ თამარ რუხაძე უკვე დაკითხა. კანონის მიხედვით, ტელეკომპანია მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ გამოძიება თამარ რუხაძის მიერ 21 მაისის ღამეს ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას დაადგენს და, ამასთან, ავტოავარიას მოქალაქის სიკვდილი მოჰყვება.
ამჟამად პაციენტი, რომელიც 21 მაისის ღამეს მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილის შეჯახების შედეგად გოჩა ინგოროყვას ნეიროქირურგიის ცენტრშია მოთავსებული, ექიმების თქმით, სუნთქვით აპარატზეა შეერთებული და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ინგოროყვას ნეიროქირურგიის ცენტრის ექიმმა 21 მაისს ტელევიზიებთან საუბარში პაციენტის მდგომარეობა შეაფასა როგორც ძალიან მძიმე და თქვა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა ჟურნალისტების ჩაძიების შემდეგ ამავე ექიმმა განაცხადა:
“კონტროლს ექვემდებარება ნიშნავს იმას, რომ საციცოცხლო პარამეტრები სტაბილიზაციიის მედიკამენტური მკურნალობის ფონზე, მართვითი სუნთქვის ფონზე არის. პაციენტის ჰემოდინამიკური პარამეტრები მეტნაკლებად სტაბილურია, მაგრამ მძიმეა მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს,”- განაცხადა ექიმმა ცენტრში პაციენტის შეყვანის მეორეს დღეს.
ის, რომ პაციენტის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და მისი “ფაქტობრივად, გადარჩენის იმედი აღარ აქვთ,”- ამის შესახებ პირველი განცხადება შსს ანალიტიკური დეპატამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა Media.Ge-სთან საუბრისას, ექიმების კომენტარების გაკეთებამდე განაცხადა.
უტიაშვილის თქმით, საქმე შედეგის შესაბამისად გაგრძელდება.
“თუ პაციენტი გარდაიცვალა, შესაბამისი მუხლი ამოქმედდება,“- განაცხადა შოთა უტიაშვილმა Media.Ge-სთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით კი, მოქალაქე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის, თუ მან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ისჯება.
დაარღვია თუ არა თამარ რუხაძემ ავტოსაგზაო მოძრაობის წესები 21 მაისს ღამეს, შსს ინფორმაციით, ამას გამოძიება ადგენს.
„გამოძიების მიმდინარეობიდან მის დამთავრებამდე კომენტარს არ გავაკეთებთ. მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც ყველას შეიძლება დაემართოს, ამ თემით სპეკულირება არ უნდა მოხდეს,“ – განუცხადა უტიაშვილმა “ნეტგაზეთს” 22 მაისს.
ავტოსაგზაო შემთხვევა 21 მაისს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე მოხდა. საჭეს მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თამარ რუხაძე მართავდა, ავტომობილი გმირთა მოედანზე გვირაბიდან გამოსვლის დროს ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
ერთ-ერთი მათგანი, ლერი უშარაშვილი ტელევიზიებთან საუბარში ამბობს, რომ ის და პიროვნება, რომელიც მას ახლდა, ლუდის დასალევად ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ჯიხურში მიდიოდნენ.
„უკვე ნასვამები ვიყავით და გვერდიდან გამიქრა,“- ამბობს ლერი ბიჩინაშვილი, რომლის ადგილსამყოფელი აღნიშნული ინციდენტის შემდეგ უცნობია.
იმ კლინიკის რეგისტრატურაში, სადაც ამჟამად პაციენტია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერს ამბობენ.
„ამ პაციენტის შესახებ პრესსამსახურს უნდა დაუკავშირდეთ,“- ამბობს კლინიკის რეგისტრატურის თანამშრომელი.
მალხაზ ბიჩინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარის ჩასაწერად კლინკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა კლინიკის დირექტორის მოადგილე გელა არაბიძესთან დაგვაკავშირა.
„მას აქვს სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა. ამჟამად იმყოფება კომაში და არის მართვით სუნთქვაზე. პაციენტის შემოსვლის დროსაც მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ქალას ფუძის მოტეხილობა, ქალას დახურული ტრავმა, სისხლჩაქცევა,“- ამბობს კლინიკის დირექტორის მოადგილე.
კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიმდინარე მკურნალობის შესაბამისობაში, ნებისმიერ ექიმს შეუძლია პაციენტის ნახვა.
კითხვაზე, ვინ იხდის პაციენტის მკურნალობის ხარჯებს, კლინიკის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ პაციენტის მკურნალობის ხარჯებს ამ ეტაპზე არავინ იხდის და მხოლოდ მკურნალობისა და გამოძიების დასრულების შემდეგ მოხდება აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება.
განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ტელეკომპანია მე-9 არხის დირექტორი, კახა ბექაური, რომლის მტკიცებითაც, მას აქვს გადახდის ქვითარი, რომლის მიხედვით, კლინიკის ადმინისტრაციის თხოვნის საფუძველზე, პაციენტის, მალხაზ ბიჩინაშვილის რეანიმაციაში ყოფნისა და ჩატარებული მკურნალობისთვის მან 2000 ლარი გადაიხადა.
„დანარჩენი თანხის გადახდა გადარიცხვით გვინდოდა, თუმცა მოგვიანებით უარი გვითხრეს. სახელმწიფომ გადაწყვიტა ხარჯების ანაზღაურება და განცხადება დაწერეთ იმ 2000 ლარის უკან გამოსატანადო,- ასე გვითხრეს“- ამბობს ბექაური ნეტგაზეთთან საუბარში.
ბექაური ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან უარი ხარჯების ანაზღაურებაზე.
„ჯერჯერობით, არ გვინდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული. მინდა გავარკვიო, რა შეიცვალა ასე უცებ,“- აცხადებს კახა ბექაური.
კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, რომელიც აღნიშნულ საქმესთან არის დაკავშირებული, პაციენტის ვინაობაა.
კლინიკის დირექტორის მოადგილის თქმით, პაციენტისთვის ამ დრომდე ოჯახის წევრებს ან ახლობლებს არ მიუკითხავთ. მისივე თქმით, პაციენტს არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მოეპოვება, რომლის მიხედვითაც მისი ვინაობა გაირკვეოდა.
კითხვაზე, საიდან გაიგეს პაციენტის სახელი, გვარი და ასაკი, გელა არაბიძე პასუხობს, რომ პაციენტის ცენტრში შემოყვანის დროს მისი სახელი და გვარი პოლიციამ აცნობა.