სამართალი

ორი ვერსია “ქართული ოცნების” ხობის შტაბის უფროსის სხეულის დაზიანებაზე

21 მაისი, 2012 • 1198
ორი ვერსია “ქართული ოცნების” ხობის შტაბის უფროსის სხეულის დაზიანებაზე

“ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განაცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, 20 მაისს, დაახლოებით 00.45 წუთზე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან 4 დაუდგენელი პირი თავს დაესხა მამუკა ქარდავას:

 

“თავდამსხმელები მას ავტომანქანაში მაშინ ჩაუხტნენ, როდესაც სარკინიგზო გადასასვლელთან ავტომობილი წინ მდგომი ავტომაქნის გამო გააჩერა. მანქანაში ჩხუბის დროს ავტომობილი შეეჯახა მგზავრთა მოსაცდელს. მამუკა ქარდავა თავდამხსმელებმა ხელკეტებით უმოწყალოდ სცემეს, რის გამოც ის ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მიუხედავდ იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილია მომხარდის შესახებ, ამ დრომდე არ მომხდარა მისი დაზარალებულის სტატუსით დაკითხვა.”

 

ამის საპასუხოდ შსს დღეს, 21 მაისს, აქვეყნებს განცხადებას, სადაც აშნიშნულია, რომ პოლიციამ ქარდავას უწყება გაუგზავნა და  მისი დაკითხვა მოითხოვა:

 

“ქარდავა ამ ეტაპამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით დაკითხვაზე უარს აცხადებს. პოლიცია კონსულტაციას გადის მის მკურნალ ექიმებთან და ექიმების თანხმობის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ მოახდენს მის დაკითხვას. საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – აცხადებენ შსს-ში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქარდავასთან დაკავშირებულ შემთხვევაზე საკუთარ ვერსიას ავრცელებს. კერძოდ, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 მაისს,  02 საათსა და 30 წუთზე ქ. ხობში პატრულირებისას  ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა ქარდავა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდის” მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042, შეჯახებული იყო იქვე, რკინიგზის გადასასვლელზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს:

 

“შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული თავად მამუკა ქარდავას, დაზიანებული იყო მისი ავტომობილიც, რადგან ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას”.

 

აღნიშნული შესახებ, შსს-ს ცნობით, ინსპექტორ– გამომძიებელმა 02 საათსა და 37 წუთზე შეატყობინა ხობის რაიონულ სამმართველოს: 

 

“აღნიშნული შეტყობინება  საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას საქართველოს ს.ს.კ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. რადგან ადგილი ჰქონდა  მძღოლის მიერ  სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას,  მამუკა ქარდავას განემარტა, რომ  მოხდებოდა ალკოჰოლური თრობის დადგენის მიზნით ალკოტესტით შემოწმება და მ. ქარდავა შემოწმებულ იქნა  ალკოტესტით-NST-E 05139, რომელმაც დაადასტურა ალკოჰოლის მიღება. დამატებითი ანალიზებისათვის მასალები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.”

 

შსს-ს ინფორმაციით, რადგან მამუკა ქარდავას აწუხებდა ტკივილები, ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა,  რომლის მიერაც მამუკა ქარდავა გადაყვანილ იქნა ხობის რაიცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გაეწია პირველადი დახმარება და გაწერილ იქნა საცხოვრებელ სახლში:

 

“ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია. ცემის შესახებ მას არაფერი უთქვამს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ფორმალური დაკითხვა იმ ეტაპზე არ მომხდარა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს. 

 

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ხობში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური კლანის რეალური სახე:

 

“მათ ისღა შეუძლიათ, რომ ბნელ ღამეში ქურდულად მიეპარონ ოთხნი და ხელკეტებით სცემონ ერთ ადამიანს. ასეთი ქმედებით მათი არსებობის დასასრული კიდევ უფრო სწრაფად ახლოვდება. ღამ-ღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე – ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც –კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე.” 

 

“ქართულმა ოცნებამ” გუშინვე მიმართა უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება დამნაშავეების გამოსავლენად. უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა, საქმიანობას 18 მაისიდან შეუდგა.

 

უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შეიქმნა და მის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი