სამართალი

რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის მკაცრად დაისჯებიან

14 მარტი, 2012 •
რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის მკაცრად დაისჯებიან

თუკი საქართველოს მოქალაქე  რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ის სამომავლოდ გაცილებით მძიმედ დაისჯება, ვიდრე – დღეს. ამის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად გათავლისწინებული არ იყო, თუმცა ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ”lgbt საქართველოს” ინიციატივა კანონპროექტის მეორე მოსმენისას, დღეს, 14 მარტს, პარლამენტარებმა გაითვალისწინეს და კანონში შესატანი ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

“დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ინდეტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.”

კანონპროექტის ავტორების, დეპუტატების – კახა ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას თქმით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც  დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას.

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI)  2010 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით რასიზმის მოტივაციით ჩადენილი დანაშაული დადგინდებოდა ზოგად დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ტიპის დანაშაულისთვის.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ თუ მანამდე ჩადენილი ქმედებისათვის პირი შეიძლება დასჯილიყო ზოგადად დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელით, ცვლილებების შემდეგ ის დაისჯება იმავე ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისათვის, რაც, ბუნებრივია, გაზრდის სასჯელს.

”საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტმა თათული თოდუამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დღესაც არის 156-ე მუხლი (დევნა), რომლითაც ერთ-ერთ დამაძიმებელ გარემოებად მიჩნეულია დევნა რელიგიური მოტივით. იურისტის თქმით, დღესდღეობით მთავარი პრობლემაა დანაშაულის სწორად კვალიფიკაცია.

”სახალხო დამცველის მოხსენებებშიც აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო დანაშაულის კვალიფიკაცია 156-ე მუხლით, ხდებოდა სხვა მუხლების მითითება, როგორიცაა ჩვეულებრივი ხულიგნობა, ქონებრივი ზიანის მიყენება და ა.შ. ეს იყო პრობლემა, რომელიც აქამდე უკავშირდებოდა რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციას,” – ამბობს საია-ს იურისტი თათული თოდუა.

მისივე თქმით, თითოეულ საქმეზე დანაშაულის მოტივის დასადგენად და დასადასტურებლად კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებები უნდა იყოს მოძიებული. იურისტის მოსაზრებით, ეს შეიძლება იყოს მოწმეთა ჩვენებები, სადაც ნათლად იკვეთება, რომ ამ ადამიანის მამოძრავებელი მოტივაცია ამ დანაშაულის ჩადენისას იყო რომელიმე მადისკრიმინირებელი საფუძველი. ეს შეიძლება ასევე იყოს ვიდეო ან აუდიოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს დამნაშავის საუბარი, განმარტება, თუ რატომ სჩადის ამ დანაშაულს.

თათული თოდუამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუ რომელიმე რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ცემისას, ან სხვა დანაშაულის ჩადენისას მიმართავენ ფრაზით – ”თქვე, თათრებო”,  შეიძლება, ჩაითვალოს, რომ დანაშაული ხდება სწორედ რელიგიური და ეთნიკური მოტივით. გამოძიების მიერ ამის დადასტურების შემთხვევაში კი პირი გაცილებით მკაცრად დაისჯება, ვიდრე ეს მოხდებოდა რელიგიური და ეთნიკური მოტივის არარსებობის შემთხვევაში.

იურისტ გიორგი მშვენიერაძეს მიაჩნია, რომ ამ ტიპის ცვლილების განხორციელება ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც დადებითი ნაბიჯი.  მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას უპირველესად გააჩნია პრევენციის ფუნქცია. შესაბამისად, ასეთი ცვლილება, როგორც წესი, ამცირებს დანაშაულის რაოდენობას.

”რადგან აქამდე არსებული კანონმდებლობით რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი მოტივებით ჩადენილი დანაშაულის ცალკე აღრიცხვა არ წარმოებდა, შეუძლებელია სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ცვლილებას რეალურად შეუძლია, პრევენციის როლი იქონიოს მსგავსი მოტივით დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად,” – განუცხადა გიორგი მშვენიერაძემ ”ბათუმელებს”.

იურისტების– თათული თოდუასა და გიორგი მშვენიერაძის– მოსაზრებით, რელიგიური და ეთნიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის გაზრდა შეიძლება საკმარისი არ იყოს და დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდეს საჭირო.

თათული თოდუას თქმით, ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს აქტიური საინფორმაციო კამპანია და ხალხს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ნებისმიერი განსხვავებული რელიგიური მრწამსის ან ეროვნების ადამიანის მიმართ დანაშაულის ჩადენა იმიტომ, რომ ის განსხვავებულია, გაცილებით მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. იურისტს მიაჩნია, რომ მთავარია, პირველ რიგში, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ სხვა რელიგიის, რასისა და ეთნიკურობის ადამიანის დევნა, ცემა და ა.შ. ამავე ნიშნით დაუშვებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი