ციხე, სადაც ყოფნა წამების ტოლფასია

სახალხო დამცველის ოფისის შეფასებით, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ”ისეთი არაადამიანური რეჟიმია, რომ იქ ადამიანის ხანგრძლივი გაჩერება შეიძლება წამების ტოლფასიც კი გახდეს.”

 

ნათია იმნაძე, გიორგი ტუღუში, თამარ ჩუგოშვილი
ნათია იმნაძე, გიორგი ტუღუში, თამარ ჩუგოშვილი

სახალხო დამცველის ოფისის შეფასებით, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ”ისეთი არაადამიანური რეჟიმია, რომ იქ ადამიანის ხანგრძლივი გაჩერება შეიძლება წამების ტოლფასიც კი გახდეს.”

 
 
აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იმნაძემ დღეს ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,” ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი,” ”ემპათია,” საქართველოს სახალხო დამცველი და ა.შ.

 

მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე ”არასათანადო მოპყრობა – ძირითადი პრობლემები საქართველოში”. სახალხო დამცველის ოფისმა და საია-მ საზოგადოებას გააცნეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში 2011 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რაც ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობას. 2011 წლის სრულ ანგარიშს საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნებს. მრგავლი მაგიდა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, რა დროსაც დამსწრეთა დისკუსიის შედეგად გაირკვა, რომ კვლავ აქტუალური პრობლემაა ქართული ციხეების ნაწილში არასათანადო მოპყრობა, არაეფექტური გამოძიება და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის არახელმისაწვდომობა.

 

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნათია იმნაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2011 წლის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს ციხეებში და ციხის სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას ასახავდა.

 

”გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისეთი არაადამიანური რეჟიმია, რომ იქ ადამიანის ხანგრძლივი გაჩერება შეიძლება წამების ტოლფასიც კი გახდეს,”- განაცხადა ნათია იმნაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიმართ პატიმრების საჩივრების ყველაზე ნაკლები რაოდენობა შედის, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ იქ პრობლემა არ არსებობს. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის შეფასებით, საჩივრების ნაკლები რაოდენობა სწორედ ციხეში არსებული რეჟიმით არის გამოწვეული და პატიმრებს საკუთარი პრეტენზიების წერილობით გადმოცემის ეშინიათ. ნათია იმნაძის თქმით, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები საკნებში ჩურჩულებენ და ჩვეულებრივ ხმაზე საუბარს ერიდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ საკანს კოლექტიურად სჯიან. გარდა ამისა, მსჯავრდებულები სასეირნოდ გასვლისგან თავს იკავებენ, რადგან საკნიდან გასვლისას განსხვავებული მოძრაობის გაკეთების შემთხვევაშიც კი ისჯებიან. ომბუდსმენის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ზაფხულში, როცა საკნებშიც კი სიცხე 40 გრადუსს აღწევს, პატიმრებს უფლება არა აქვთ, წელს ზევით გაიხადონ. დასჯის მეთოდად კი ფიზიკური ანგარიშსწორება და საკარანტინე ოთახში ჩაყვანა იგულისხმება, სადაც პატიმრებს ბეტონის იატაკზე უწევთ ღამეების გათენება. გარდა ამისა, ჩვეულებრივ საკნებშიც კი დღის განმავლობაში მათ წამოწოლის უფლებაც არა აქვთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ საკნებში მსჯავრდებულებს რადიო აქვთ, ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, მას მხოლოდ დაბალ ხმაზე უსმენენ.

 

ნათია იმნაძე ამბობს, რომ ერთხელ ომბუდსმენის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთ საკანში რადიოს ხმა აუწიეს, რასაც მსჯავრდებულების პანიკური რეაქცია მოჰყვა, მათ დასჯის შეეშინდათ.

 

ნათია იმნაძის თქმით, აღნიშნული პრობლემები გლდანის ციხეში სისტემურ ხასიათს წარმოადგენდა 2011 წელს, თუმცა, იმედი აქვს, რომ სიტუაცია 2012 წელს შეიცვლება. მისი თქმით, 2011 წლის ბოლოს მთლიანად შეიცვალა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და გლდანის №18  მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობა.

 

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, გლდანის №18 სამკურანლო დაწესებულებაში მსჯავრდებულები გადაყვანას ეწინააღმდეგებიან და საკანში დარჩენას და ადგილობრივი რესურსის ფარგლებში მკურნალობას ამჯობინებენ. ამის მიზეზი კი პატიმრების ცემა და მათდამი არასათანადო მოპყრობაა. მსგავსი ფაქტი მოხდა გასული წლის ნოემბერშიც. საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, მსჯავრდბული კახაბერ ბარათაშვილი სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლებმა იმიტომ სცემეს, რომ თირკმლის ტკივილის გამო ექიმის გამოძახება ითხოვა. აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა 2011 წლის დეკემბერში.

 

”გლდანის ციხესა და სამკურანლო დაწესებულებაში სისხლის მდინარეები არ ჩქეფს, მაგრამ იქ დიდი პრობლემებია. წარმოუდგენელია, სამკურნალო დაწესებულებაში ცემდნენ ადამიანს, ასეთი რამ არსად გამიგია,” – განაცხადა საქართველს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

 

სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ პროკურატურის მხრიდან არ ხდება მსგავსი ფატქების სათანადო გამოძიება. ძიირთადად კი, პატიმრის ცემის შემთხვევაში, გამოძიება იწყება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მიხედვით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გიორგი ტუღუში ამბობს, რომ წამების მუხლით გამოძიება არ იწყება. გარდა ამისა, დაწყებული გამოძიებების შედეგი არ ჩანს, რაც ომბუდსმენის აზრით, დაუსჯელობის შეგრძნების რისკს ზრდის, შედეგად კი მსჯავდებულებიც თავს იკავებენ ზეწოლის და ცემის ახალი ფაქტების გახმაურებისგან.

 

გიორგი ტუღუშის შეფასებით, ბოლო წლებში შედარებით გამოსწორდა სიტუაცია ქსნის კოლონიაში და მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს სისტემური ხასიათი არ აქვს, თუმცა იქაც ხდება ცალკეული შემთხვევევბი.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი სამი მსჯავრდებულის ინტერესებს იცავს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მიმართ პატიმრობის კოდექსის თითქმის ყველა მუხლი ირღვევა. როგორც მოსიაშვილი ამბობს, მან ვერ მიაღწია იმას, რომ მსჯავრდებულებს კანონის შესაბამისად შხაპის მიღების საშუალება მიეცეთ და ისინი დიდი ხნის მანძილზე ვერ სარგებლობენ შხაპით.

 

გაგი მოსიაშვილის თქმით, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ზაზა მამულაშვილმა ადმინისტრაციისგან შხაპის მიღების უფლება ითხოვა, საიდანაც მას უპასუხეს, ”სტრასბურგმა დაგბანოს”. ადვოკატის ინფორმაციით, ზაზა მამულაშვილს სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აქვს გაგზავნილი და სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა მის გამოტანას აიძულებს.

 

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე გაგი მოსიაშვილს შეეკამათა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში შხაპის აკრძალვა სისტემურ ხასიათს არ წარმოადგენს, თუმცა დასჯის ერთ-ერთ მეთოდად ნამდვილად გამოიყენება.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ემპათიას” წარმომადგენლის, მაკა ჯიშკარიანის ცნობით კი, სასჯელაღსრულების სისტემაში დიდ პრობლემას წარმოადგენს არასათანადო ექსპერტიზა, რაც შემდგომ გამოძიებას უშლის ხელს და თითქმის შეუძლებელია გარკვევა, თუ სად მოხდა პატიმარზე ფიზიკური ზეწოლა.

 

სახალხო დამცველის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, სასჯელაღსურლების სისტემაში არსებობს ”რაღაცის შეცვლის” სურვილი და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ომბუდსმენის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს ყველა ყურადღებით ელოდება. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ამ ანგარიშებს თუნდაც ორი წლის წინ ”ფეხი ფეხზე გადადებული ელოდნენ.”

 

2011 წლის შესახებ სრული ანგარიში 2012 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი