სამართალი

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები 10 ივნისიდან განიხილავენ

7 ივნისი, 2016 • 1223
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები 10 ივნისიდან განიხილავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 10 ივნისს, 11:00 საათზე მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის  განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მ.პ.-ს მიმართ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მ.პ.-ს ბრალად ედება  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობა.

საქალაქო სასამართლოს ცნობით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 15 ნაფიცი მსაჯული. დღეს, 7 ივნისს ჩატარებულ სხდომაზე კი განისაზღვრა 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

მ.პ. სამართალდამცავებმა 2015 წლის 20 დეკემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს ქმრისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი