მამისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმე – რას ამბობენ პროკურორები და ბრალდებული

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მ.პ, რომელსაც დღეს, 22 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დანაშაულს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ არ იცის, ვის უნდა მოეკლა მისი ოჯახის წევრები და საუბრობს იმის შესახებ, რომ ქმარს ვალები ჰქონდა და ემუქრებოდნენ.

ბრალდებულს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე იცავს.

სასამართლოს სხდომაზე მ.პ.–მ თავად ისაუბრა 19 დეკემბერს მომხდარ მოვლენებზე.

ბრალდებულის თქმით, მის ქმარს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, მოუვიდა ავარია სამსახურის მანქანით, რის გამოც ვალები დაედო, ასევე  მ.პ.–მ აღნიშნა, რომ ქმარს უცნობი პირები ემუქრებოდნენ. გარდა ამისა, მ.პ–მ განაცხადა, რომ მისი ქმარი აგრესიული იყო, როდესაც თვრებოდა და ამ დროს მისი ეშინოდა ხოლმე.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის ღამეს, მ.პ. იხსენებს, რომ იყო სახლში ბავშვთან ერთად, როდესაც ქმარი სამსახურიდან მოვიდა და მათ ერთად ივახშმეს. ამის შემდეგ ქმარი ბავშვთან ერთად გარეთ გავიდა. როდესაც მათ დააგვიანდათ, მ.პ–ს თქმით,  დედამთილთან ერთად სცადა ქმართან დარეკვა, თუმცა მას მობილური გათიშული ჰქონდა. მათ მოსაძებნად წასვლა გვიან ღამით, დაახლოებით 3 საათზე გადაწყვიტა, სადარბაზოში რომ გამოვიდა, საკუთარი ქმრისა და შვილის ცხედრებს გადააწყდა, თუმცა თავდაპირველად ვერ მიხვდა, რომ ისინი გარდაცვლილები იყვნენ:

“ვიფიქრე, რომ ძალიან მთვრალი იყო და დაეცა. სიბნელეში არაფერი დამინახავს,”– ამბობს ბრალდებული.

ამის შემდეგ, მისი თქმით, სახლში შევიდა და მანქანის გასაღები აიღო, რათა ქმარი და შვილი საავადმყოფოში გადაეყვანა. მ.პ. აცხადებს, რომ ვერც იფიქრებდა,  ისინი ცოცხლები რომ აღარ იყვნენ.

რაც შეეხება პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რაში სჭირდებოდა ურო, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მან განაცხადა, რომ ურო თავის დასაცავად უნდოდა. კერძოდ, მისი თქმით, მან იფიქრა, რომ ქმარი ნასვამი იყო და მისი აგრესიის მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო თვითონ, ურო ამისთვის გამოიტანა.

პროკურატურა ამ ვერსიას ეჭვით უყურებს:

“თქვენ უგონო მდგომარეობაში მყოფი ქმარი და შვილი დატოვეთ ადგილზე და იმიტომ, რომ ვაიდა, რამე არ მოეწია თქვენთვის ამ უგონო მდგომარეობაში მყოფ, უკვე დასისხლიანებულ კაცს, გამოიტანეთ ურო და გადააგდეთ?”– განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებული ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ მას მთვრალი ქმრის ეშინოდა.

” გადავაგდე იმიტომ, რომ მეგონა მთვრალი და როცა მთვრალი იყო, იყო აბსოლუტურად აგრესიული,”– ამბობს ბრალდებული. მან ასევე განაცხადა, რომ უროს ყიდვა თავის დროზე ქმარმა თავად სთხოვა, რადგანაც სამუშაოებისთვის სჭირდებოდა.

რაც შეეხება მის სახლში აღმოჩენილ სისხლის კვალს, მ.პ. ამბობს, რომ სახლში შესვლისას ეს კვალი თვითონ შეიტანა, ვინაიდან მისი ქმარი სისხლიანი იყო.

ამის შემდეგ, ბრალდებულის თქმით, ბავშვი ჩააწვინა ავტომანქანაში, რადგანაც ცოცხალი ეგონა და აპირებდა მეუღლისა და შვილის საავადმყოფოში გადაყვანას.

რაც შეეხება გადაყრილ სისხლიან ნივთებს, ბრალდებული ამას შემდეგნაირად ხსნის:

“მანქანაში ის ადგილი, სადაც მე უნდა დავმჯდარიყავი და მანქანა მემართა, იყო ძალიან უკან გადაწეული. ურო როდესაც ჩავაგდე, მე ვერ დავინახე, “სიდენიის” უკან იყო შავი დიდი პარკი. მაგრამ იმ მომენტში ვჩქარობდი, რადგან ქმარი უნდა ჩამესვა უკან და ფიზიკურად ვერ ჩავსვამდი. უროსთან ერთად გადავაგდე იმიტომ, რომ ქმარი იქ არ დაეტეოდა. ვიფიქრე, რომ ნაგავი იყო და გადავყარე. ოთახში სისხლი თუ იყო, მე ვამბობ, რომ სისხლიანი შევედი აბსოლუტურად ოთახში, ესე გამდიოდა სისხლის გუბეები,”– აცხადებს მ.პ.

ამ ყველაფრის შემდეგ კი, მისი თქმთ, როდესაც მანქანის შუქზე დაინახა, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მისი ქმარი და შვილი, დააბრახუნა თავისი დედამთილის კარზე, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობს:

“მის კარებზე ჩანს ჩემი სისხლიანი ხელები. შევდივარ მასთან, ჩქარა გამოდი და მიშველე-თქო. მას აქვს ოთახში სველი წერტილი, იქ გადავივლე ხელზე და გამოვვარდი უკან,”– განაცხადა მან.

ამის შემდეგ, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო მივიდა.

“არც ჩემი შვილის, არც ქმრის მკვლელობას არ ვაღიარებ. ჩემი შვილის მკვლელი არ ვარ, არ მომიკლავს,”– განაცხადა მ.პ–მ სასამართლოზე.

რაც შეეხება პროკურატურის ვერსიას, გამოძიების თქმით, დადასტურებულია, რომ მ.პ.–მ მკვლელობის წინა დღეს შეიძინა ის ურო, რომლითაც მიაყენა თავში დაზიანება თავის ქმარს, ასევე გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. გარდა ამისა, პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით მორეცხა იატაკი, თუმცა ოთახში სისხლი მაინც აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, პროკურატურის თანახმად, მ.პ. შეეცადა, რომ ცხედრები მანქანაში მოეთავსებინა, რაც ვერ შეძლო, ამიტომაც გეგმა შეცვალა და შეთხზა ვერსია, თითქოს გარდაცვლილები ეზოში აღმოაჩინა. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მ.პ.–ს ქმარი და შვილი არ იყვნენ თბილად ჩაცმულები, მათ მოკლემკლავიანი მაისურები ეცვათ.

პროკურორი ასევე ამბობს, რომ ნაგვის ბუნკერიდან არის ამოღებული მ.პ–ს მოკლული შვილის ფოტოები. თავად ბრალდებული კი აცხადებს, რომ ამ ფოტოების შესახებ არაფერი იცის.

პროკურატურა საუბრობს ბრალდებულის სავარაუდო მოტივზეც:

“ბრალდებული ვერ იტანდა, სიძულვლილით იყო განმსჭვალული მეუღლის მიმართ. მათ შორის წარმოიშვა რამდენიმე წლის წინ კონფლიქტი, რის გამოც მათ ურთიერთობა დაეძაბათ. სწორედ ეს გახდა საფუძველი და მოტივი იმისა, რომ ბრალდებულმა ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა,”– ამბობს პროკურორი ელენე ჩხეიძე.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებულის დედა, ლია სამუშია, რომელიც ამბობს, რომ მის შვილს ქმართან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბოლოს რა მოხდა, არ იცის. მას გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

“ძალიან კარგი დედა იყო, გამორჩეული დედა იყო თავისი შვილის,”– ამბობს ლია სამუშია.

პროკურატურის განცხადებით, დაკითხულია მ.პ–ს მეგობარი მამაკაციც, თუმცა იგი ამ საქმეში არ ფიგურირებს.

ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურის მიერ ნახსენებ მეგობარი მამაკაცთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის და ბრალდებული  “მეგობრობდნენ მრავალი წლის განმავლობაში”.

მ.პ.–ს ბრალის ფორმულირება შემდეგია: ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა, მათ შორის- ერთის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ  (111-109-2, ბ-3, ა ქ/პ).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი