სამართალი

რუსი უფლებადამცველები სააკაშვილს ვახანიას გათავისუფლებას თხოვენ

5 დეკემბერი, 2011 • 1925
რუსი უფლებადამცველები სააკაშვილს ვახანიას გათავისუფლებას თხოვენ

რუსეთში მოღვაწე ცნობილმა უფლებადამცველებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ღია წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს, რომელშიც თხოვენ, პირადად მიიღოს მონაწილეობა ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაში.

წერილს ხელს აწერენ  რუსეთში მოღვაწე და დასავლეთში ცნობილი და ავტორიტეტული უფლებადამცველები და მოღვაწეები: მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა, “სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის” კო­მი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სვეტ­ლა­ნა გა­ნუშ­კი­ნა, ჟურნალისტთა უფლებების დაცვის საზოგადოება “გლასნოსტის” ხელმძღვანელი ალექსეი სიმონოვი, რუსეთის მეცნიერებათა დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის თავმჯდომარე ერნსტ ჩერნი და სხვები.

წერილის  ერთ-ერთი ავტორია სერგეი კოვალიოვიც, საბჭოთა პერიოდის დისიდენტი და ცნობილი უფლებამდაცველი, რუსეთის ყოფილი ომბუდსმენი, რომელიც 2009 წლის მიწურულს პირადად იმყოფებოდა საქართველოში, რათა ევროკავშირის დამკვირვებელთან ერთად დასწრებოდა ვახანიას საქმის განხილვას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მაშინ მან ამ საქმეს  “თეთრი ძაფით შეკერილი” უწოდა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:  “აქ აშკარად იკვეთება პოლიტიკური ინტერესი. მე ვნახე ყველა დოკუმენტი, რაც საქმეს ერთვის და გავოგნდი”.

საქართველოს და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანია სამართალდამცავებმა 2009 წელს დააკავეს და გაასამართლეს საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარდგენილ ბრალდებებისთვის. ვახანიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა და ამჟამად მას სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს. საქმე კი გასაჩივრებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

2011 წლის 30 ივნისს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ტომას ჰამარბერგის ანგარიში. ანგარიშის გარკვეული ნაწილი ეხება ვახანიას სისხლის სამართლის საქმეს. რუსი უფლებადამცველები პრეზიდენტ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში სწორედ ამ ანგარიშზე მიუთითებენ:

“ანგარიშის თანახმად, “ზემოხსენებულ საქმეებში (იგულისხმება ვ.ვახანიას და კიდევ ორი სხვა პატიმრის სისხლის სამართლის საქმეები) დარღვეულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების განხორციელება…სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ბრალის დადასტურებისათვის აუცილებელი მინიმალური მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, საგამოძიებო ორგანოებმა არ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა აუცილებელი ზომა, რომელიც მათ სავარაუდო სამართალდარღვევის ყველა შესაბამისი გარემოების დადგენაში დაეხმარებოდა. იარაღის…უკანონო ტარების საქმეებში ხშირად აღინიშნებოდა პროცედურული დარღვევები ჩხრეკის დროს, კერძოდ, არ იყო უზრუნველყოფილი დამსწრის დასწრება, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩხრეკის კანონიერებას და, შესაბამისად, ამოღებული მტკიცებულების დასაშვებობას… სასამართლოები სისტემატურად სათანადო დასაბუთების გარეშე ამბობდნენ უარს იმ შუამდგომლობებზე, რომლებიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დადგენასა და შეფასებას მოითხოვდა. ბ-ნი ტ.ჰამერბერგი ასევე აღნიშნავს, რომ “არსებობს საკმარისი რაოდენობით სანდო განცხადებები, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციის აქტივისტების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის სამართალდარღვევების გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში სერიოზული ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს, რაც ზიანს აყენებს მთელ ამ პროცესს; ამით ეჭვქვეშ დგება ბრალდების და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა”.

ვახანიას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 მარტიდან. 2010 წლის 15 დეკემბერს მან მოიხადა სასჯელის ნახევარი, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, ვ.ვახანიამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუმცა აღნიშნულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა ვახანიას შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ ვ. ვახანია არ განიცდის რესოციალიზაციას, რადგან არ აღიარებს მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულს. სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება ვახანიამ გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა სასამართლომაც არ მიიჩნია საჭიროდ ვ.ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლება.

უფლებადამცველები პრეზიდენტ სააკაშვილს წერენ:

“გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია თავისი არსით წარმოადგენს ამა თუ იმ მსჯავრდებულის განმეორებით (დამატებით) შეგუებას საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მსჯავრდებულის ჩართვას მისი ოპტიმალური ადაპტაციის მიზნით. ამავე დროს რესოციალიზაცია არ გულისხმობს მსჯავრდებულის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ბრალის აღიარებას. არც სამინისტრომ და არც სასამართლომ მსჯავრდებულ ვ.ვახანიას პიროვნების კრიტერიუმის შეფასებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვ.ვახანია მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის, სასჯელის მოხდის პერიოდში არ მიუღია საყვედური და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციასთან თავისუფლების აღკვეთის მთელი პერიოდის განმავლობაში აქვს კორექტული ურთიერთობა; ვ.ვახანია მანამდე არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ისინი წარმოადგენენ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს); ვ.ვახანია არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე სამეცნიერო აკადემიის წევრი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი. მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის 2005 წელს იგი დაჯილდოებული იქნა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემიით.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ბ-ნი ვ.ვახანიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მკვეთრად გაუარესდა მისი დაპატიმრების შემდგომ პერიოდში.

ამჟამად იმის გამო, რომ სამინისტროს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ვ.ვახანიასათვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გავიდა 6 თვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  ვ.ვახანიამ კვლავ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით.

მიხეილ ნიკოლოზის ძევ, გთხოვთ პირადად მიიღოთ მონაწილეობა ვლადიმერ ვახანიას საკითხის გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოთ მის პირობით ვადამდე გათავისუფლებას”.

საქმე, რომლის გამოც უფლებადამცველები პრეზიდენტს მიმართავენ, 2009 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო, რადგან იმის მიუხედავად, რომ წარდგენილ ბრალდებაში არ ფიგურიებდა ჯაშუშობა, ეს თემა საქმეს თან სდევდა და ახლობლები ვახანიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. 2009 წელს გამომძიებელმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ {რომელმაც 2010 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო შვეიცარიაში} ამ თემაზე გადაიღო ფილმი “ჯაშუშის  სინდრომი” და იმის მიუხედავად, რომ ადვოკატები სასამართლოს ამ ფილმში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამო სხვადასხვა დარღვევის შესახებ ფილმის საქმეში ჩართვის შუამდგომლობას აყენებდნენ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა.

ვახტანგ ვახანია, რომელიც ამჟამად საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა. მას საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვ. ვახანია ოჯახთან ერთად რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მთელი კონფლიქტის განმავლობაში ის და მისი ოჯახი საქართველოში იმყოფებოდნენ.

სტრასბურგის სასამართლოსადმი დაწერილ საჩივრის მიხედვით,  ”შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ვ. ვახანია შეხვდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილს, რომელსაც შესთავაზა დახმარება ქართველი ტყვეების გათავისუფლების საკითხში, რაზეც თ. იაკობაშვილმა თანხმობით უპასუხა, თუმცა შემდგომში ვ. ვახანიასთვის დახმარება არავის უთხოვია”.

2008 წლის 12 ოქტომბერს ვ. ვახანია მიემგზავრებოდა ქ. მოსკოვში, რეისით თბილისი-კიევი-მოსკოვი. როგორც სარჩელშია მოთხრობილი, ”თბილისის აეროპორტში ვ. ვახანიამ ჩააბარა ბარგი, გაიარა რეგისტრაცია და საპასპორტო კონტროლი. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, იგი შეაჩერა აეროპორტის სასაზღვრო დაცვის ცვლის უფროსმა კოტე გოლეთიანმა, რომელმაც ვ. ვახანიას ჩამოართვა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები, მობილური ტელეფონი და იგი წარუდგინა საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს, რომლებსაც ვ. ვახანიასათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ უჩვენებიათ. ამის შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვ. ვახანია შეიყვანეს აეროპორტის შენობაში მდებარე ერთ-ერთ ოთახში, სადაც მას უხეშად მიმართეს და უწოდეს “მოღალატე” და “რუსეთის აგენტი”. ისინი ვ. ვახანიასგან მოითხოვდნენ წერილობით ეღიარებინა, რომ იყო რუსეთის აგენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით”.

ვახანიას საქმე  სწორედ ამ ისტორიით იწყება. მოგვიანებით ის არა ჯაშუშობის, არამედ იარაღის შენახვის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის ბრალდებით გაასამართლეს.

ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის თქმით,  ვახანიას საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დროისთვის პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და განხილვის სტადიაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი