საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე (ე.წ. კაბელების საქმე) გაკეთებული განცხადებები დემოკრატიულ ღირებულებებს ხელყოფს.
“იუსტიციის საბჭოსთვის გაუგებარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების „დაუსაბუთებელად“ მიჩნევა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებული არ არის და უცნობია, რა არგუმენტებს ეყრდნობა ის. მივიჩნევთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 16 მაისს გაკეთებული განცხადებები ხელყოფს საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოვუწოდებთ, დაიცვან საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი და მისი პრეამბულით გათვალისწინებული პრინციპები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ იმ საჯარო განცხადებებს, რომლითაც ისინი დამამცირებელ ასპექტში მოიხსენიებენ როგორც კონკრეტულ მოსამართლეს, ისე სასამართლო ხელისუფლებას საზოგადოდ. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, დაიცვან საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი და იმოქმედონ კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის წესების შესაბამისად,” – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გუშინ, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.
პარტია “თავსუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს.