სამართალი

საბანკო ანგარიშებს პროკურატურა დააკვირდება

4 ოქტომბერი, 2011 • 1337
საბანკო ანგარიშებს პროკურატურა დააკვირდება
რას შეუწყობს ხელს ცვლილებების პროექტი, რომელიც პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლებას აძლევს – დანაშაულის გამოვლენას, თუ უკანონობას?

თუკი პარლამენტი ინიცირებულ ცვლილებებს დაამტკიცებს,  “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს”  დაემატება 1241–ე მუხლი, რომლის თანახმადაც პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ეძლევა.  

კანონპროექტის თანახმად,  თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი,  რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის/ანგარიშების გამოყენებით, ან/და ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიების/იდენტიფიცირების მიზნით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე.  ბანკი  ამ განჩინების მიხედვით ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მიმდინარე რეჟიმში ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

მედია სამართლის ექსპერტს, ადვოკატ სანდრო ბარამიძის შეფასებით, ამ სახის ნორმის გამოყენება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექს”–ში  უკანონო არ იქნება, თუმცა ის ასევე ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდველიც გახდება.

“თავისთავად, თუ  ხელისუფლებას მსგავსი ნორმის გათვალისწინება სურს სისხლის სამართლის პროცესში, ამაში უკანონოს ვერაფერს ვხედავ. თვითონ ნორმა როგორი იქნება, რამდენად პროპორციულად შემზღუდველი იქნება პირად ცხოვრებაში ხელშეუხებლობის, რამდენად აუცილებელი იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ნორმა, ამას დრო გვიჩვენებს. ცხადია, ამ სახის ნორმა იქნება შეზღუდვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის. მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ არის აბსოლუტური უფლება. ის, ცხადია, შესაძლოა შეიზღუდოს. ამას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი. სხვა საკითხია, როგორ გავრცელდება ეს შეზღუდვა ქართულ სინამდვილეში. იგივე კონვენციის მერვე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს პირობებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას,” – აღნიშნა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ბარამიძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და უნდა ემსახურებოდეს რაღაც ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის თუნდაც დანაშაულის გამოძიებასა და აღკვეთას.

“თვითონ შემოთავაზებულ მუხლში რაიმე აშკარა ხარვეზს, ერთი შეხედვით, ვერ ვხედავ, თუმცა არ მომწონს კანონპროექტის მე-4 ნაწილის დებულება, რომლის თანახმადაც, “საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.” მე არ მესმის, რას ნიშნავს მტკიცებულების მოპოვებისთვის აუცილებელი ვადა, ასეთი ვადები სისხლის სამართლის პროცესებში გათვალისწინებული არ არის. ამ შემთხვევაში, როდესაც ვადაზე ვაკეთებთ აქცენტს, საჭიროა, კონკრეტულ ვადაზე იყოს მინიშნება გაკეთებული, ვთქვათ, არაუმეტეს ერთი თვისა, და ის გარკვეულ პროცესუალურ ფაზას, ეტაპს უნდა დაუკავშირდეს,” – აღნიშნავს იურისტი სანდრო ბარამიძე.   

საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრ ნიკოლოზ ლალიაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს ნაკლებად შეუწყობს დანაშაულის გახსნას და ეს  ქვეყანაში ტოტალიტარიზმის განმტკიცების მთავარი ფაქტორი გახდება.

“რამდენად შეუწყობს ხელს მსგავსი ნორმა დანაშაულის გახსნას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მცირედ, სამაგიეროდ ეს შეუწყობს  ხელს თავისუფლების შემცირებას. ქვეყანაში მოქალაქეს დაეკარგება განცდა იმისა, რომ ის თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს.

ჩვენს ქვეყანაში მკვიდრდება ტოტალიტარიზმი. რაში გამოიხატება? ამ შემთხვევაში ყველგან და ყველაფერში ჩარეული იქნება სახელმწიფო. მათ შორის ადამიანთა პირად ცხოვრებაშიც კი. აღარაფერი დარჩება ამ ქვეყანაში კონფიდენციალური. ფაქტია, ავადმყოფობად გადაიქცა უკვე სატელეფონო მოსმენების თემა. შიშით ადამიანები ტელეფონზე ყოფით საკითხებზეც აღარ საუბრობენ. ახლა უკვე აღარ გამიკვირდება, თუ ჯერი საბანკო ანგარიშების შემოწმებაზე დადგება. ეს შეიძლება ითქვას, რომ იყო ერთადერთი გადარჩენილი კუნძული, რომელშიც კონფიდენციალურობა იყო დაცული,” –   განუცხადა “ნეტგაზეთს” ლალიაშვილმა.

მისივე თქმით,  ყოველთვის იდგა დილემა  რეფორმირების პერიოდში მყოფი ქვეყნებისთვის: სამართლიანობა, თუ სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანობა. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების სასწორი ამ უკანასკნელისკენ იხრება სამართლიანობის საზიანოდ.

დღევანდელი სასამართლო პირობების გათვალისწინებით, იურისტი სანდრო ბარამიძე აღნიშნული მუხლის დაუსაბუთებლად გამოყენების ალბათობას არ გამორიცხავს და ამ მხრივ ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთებაც უჭირს.

“ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ არ მოხდეს ამ მუხლის გამოყენება დაუსაბუთებლად და უფლებამოსილების გადამეტებით. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო კონტროლი საგამოძიებო ორგანოების მოქმედებებზე ძალზე სუსტია, თუ საერთოდ არსებობს. როგორც წესი, სასამართლოები ბრალდების მხარის შუამდგომლობებს ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვის ან უკვე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ თითქმის ავტომატურად, სათანადო გარემოებების შემოწმების გარეშე, აკმაყოფილებენ. მთავარი საფრთხე სწორედ ამ მანკიერ პრაქტიკაში ძევს. თუ სასამართლოები გულდასმით შეამოწმებენ, მართლაც არსებობს თუ არა “დასაბუთებული ვარაუდი”, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის/ანგარიშების გამოყენებით, ან/და ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიების/იდენტიფიცირების მიზნით, მაშინ საფრთხე ბევრად უფრო მცირე იქნება. მაგრამ დაიცავენ თუ არა სასამართლოები კანონის ამ მოთხოვნას, ამის თაობაზე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება მიჭირს,” – აღნიშნა ბარამიძემ.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მუხლი კანონში დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მსგავსი ვალდებულებები ბანკებსა და სხვა საფინანსო დაწესებულებებს ეკისრებათ, როდესაც არსებობს მონაცემები ამა თუ იმ პიროვნების არაკეთილსინდისიერი საფინანსო ოპერაციების შესახებ.

თუმცა, კანონმდებელ ნიკოლოზ ლალიაშვილის შეფასებით, დარღვევები ამ მხრივ დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყნებშიც შეიმჩნევა, რაც უფრო საეჭვოს ხდის, საქართველოში არსებული სასამართლო პირობების გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლის სამართლიანად განხორციელების შესაძლებლობებს.   

“აღსანიშნავია, რომ აშშ–შიც მოქმედებს მსგავსი მოსმენები. თუმცა შტატების დემოკრატიულობის პირობებშიც კი ათეულობით ათასი დარღვევა იკვეთება გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მიერ, როდესაც ისნი იყენებდნენ ამ მოსმენებს და ამ კონტროლის მექანიზმებს სხვა ამოცანებისა და მიზნებისთვის. არა იმისთვის, რისთვისაც ეს კანონში იქნა განსაზღვრული. თუმცა ამერიკას აქვს იმის მექანიზმი, რომ მოხერხდეს მათი გამოაშკარავება და შემდგომში მათი დასჯა. ჩვენთან მსგავსი შემაკავებელი მექანიზმები არ არსებობს,” – აცხადებს ლალიაშვილი.

ქრისტიან-დემოკრატები არ აპირებენ, მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი