სამართალი

ელჩების სამუშაო ჯგუფი უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოების გავრცელებით უკიდურესად შეშფოთებულია

17 მარტი, 2016 • 1122
ელჩების სამუშაო ჯგუფი უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოების გავრცელებით უკიდურესად შეშფოთებულია

საქართველოში მომუშავე უცხო ქვეყნის ელჩების სამუშაო ჯგუფი უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოების გავრცელებით უკიდურესად შეშფოთებულია. როგორც ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიზანში ამოღება იმ დემოკრატიული პრინციპების აბუჩად აგდებაა, რომელსაც საქართველო ემყარება.

“ვგმობთ ბოროტმოქმედების ყველა ამგვარ ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა მხარდასაჭერად იყო მიმართული.

ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება ქართველი ხალხის საჯაროდ და მტკიცედ გამოხატულ სოლიდარობას. ამგვარ ქმედებათა წინააღმდეგ. ეფექტური, გამჭვირვალე და დაჩქარებული გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა საკითხს წერტილი დაესვას იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოება ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების დასაცავად კონსტრუქციულ დიალოგშია ჩაბმული”, – ნათქვამია განცხადებაში.

სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები Youtube.com-ის მეშვეობით გასულ კვირას გავრცელდა. ასევე გამოქვეყნდა მუქარის შემცველი მეორე ვიდეოც, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების კადრებიც გამოქვეყნდება, თუ ისინი თავის საქმიანობას არ შეწყვეტენ. გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. ხელისუფლებამ დამხარებისთვის FBI-ის მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი