სამართალი

სავარაუდოდ, ელისო კილაძის ოფისში მიტანილი ფარული კადრების საქმეზე ორი პირი დააკავეს

15 მარტი, 2016 • 1265
სავარაუდოდ, ელისო კილაძის ოფისში მიტანილი ფარული კადრების საქმეზე ორი პირი დააკავეს

სამართალდამცვეებმა დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ედება. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ამავე საქმეზე მეორე ადამიანიცაა დაკავებული.

როგორც ადვოკატმა ნეტგაზეთს განუცხადა, ერთ-ერთი ზ.ჯ-ია, ხოლო მეორე – ადვოკატი ი.ფ [მეორე დაკავებულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს]. თუმცა, მისივე თქმით, ნათელი არ არის, ედავებიან თუ არა დაკავებულებს მიმდინარე დღეების განმავლობაში Youtube-ს მეშვეობით გავრცელებული ვიდეოების ატვირთვას. ფოფხაძის თქმით, ბრალი ისეა ფორმულირებული, რომ დაკავებულებს მხოლოდ ელისო კილაძის გაზეთის, ქრონიკა პლუსის ოფისში მიტანილ მასალებზე ედავებიან.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ საუბრობს ადვოკატი ალბათობით, იგი ამბობს, რომ მისთვის პროკურტაურაში საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ და დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის საქმეს გრიფი “საიდუმლო” არ ადევს.

“ბრალი წაუყენეს გუშინ. შესაბამისად, გუშინ მოხდა მისი დაკავება. ჩემთვის მათ დოკუმენტები არ გაუცვლიათ, ასე რომ, ინფორმაციას არ ვფლობ თავიდან ბოლომდე. ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისმხობს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება/გავრცელებას. ბრალს არ აღიარებს”, – ამბობს ზ. ჯ.-ს ადვოკატი.

მისი თქმით, ზ.ჯ-ს, ედავებიან იმას, რომ კადრებს ინახავდა და შემდეგ  ი.ფ-ს გადასცა, რაც შემდეგ ელისო კილაძის ოფისამდე მივიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი