საზოგადოებასამართალი

“ეს შენ გეხებას” 3 მოთხოვნა

14 მარტი, 2016 • 2140
“ეს შენ გეხებას” 3 მოთხოვნა

‘ეს შენ გეხებას’ კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტების გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო ფორმის შემუშავებას ითხოვენ. ასევე, “ეს შენ გეხება” კვლავ ითხოვს ფარული თვალთვალისა და მოსმენის კანონმდბელობის მოდიფიცირებას. ამის შესახებ კამპანიის წევრმა ორგანიზაციებმა 14 მარტს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

არასამთავრობოები 19 მარტს, 13:00 საათზე საპროტესტო მსვლელობასაც გეგმავენ. მათი სამი მოთხოვნის შესახებ ნეტგაზეთს EMC-ის იურისტი სოფო ვერძეული ესაუბრა:

“ამ ეტაპზე სამი მთავარი მოთხოვნა გვაქვს:

1. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ მათგან მოვისმინოთ: რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე პირადი ცხოვრების დარღვევის სისტემური დანაშაულის გამოძიება. რატომ ვერ გადაიდგა საკმარისი ნაბიჯები იმისთვის, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონოდა და მომხდარიყო ამ ძალიან მძიმე დანაშუალის პრევენცია.

2. ეს მოთხოვნა უკავშირდება სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას, რადგან ჩვენ მოქმედი საგამოძიებო ორგანოების მიმართ უნდობლობა გვაქვს. მათ საზოგადოებაში არსებულ ვერც ერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცეს. ისევ არის რისკი, რომ ის ადამიანები, ვინც მსგავს დანაშაულს ჩადიან, დაუსჯელები დარჩნენ.

3. დაუყოვნებლივ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და არ არის დამატებითი რისკების და დანაშაულების წყარო. აქ ვგულისხმობ ფარული მოსმენა/მიყურადების კანონმდებლობის რეფორმას, რაც არ განახორციელა ხელისუფლებამ”, – აცხადებს ვერძეული.

‘ეს შენ გეხება’ პრემიერთან შეხვედრას გეგმავს და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტების გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო ფორმის შემუშავებას მოითხოვს. ასევე, 19 მარტს, 13:00 სთ-ზე, საპროტესტო სვლელობა იგეგმება.

Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი