ხელოვნება

ეროვნული კინოცენტრი მხატვრული ფილმის კონკურსს წელიწადში 2-ჯერ ჩაატარებს

19 ნოემბერი, 2015 • • 2123
ეროვნული კინოცენტრი მხატვრული ფილმის კონკურსს წელიწადში 2-ჯერ ჩაატარებს

კონკურსანტებს შესაძლებლობა ეძლევათ ორივე ჯერზე ერთი და იგივე პროექტი წარადგინონ. კონკურსებს შორის პერიოდი კი სცენარის დასახვეწად გამოიყენონ. თითოეულ კონკურსს საკუთარი, ახალი წევრებისაგან შემდგარი ჟიური ეყოლება.

 

კინოცენტრის ხელმძღვანელის ნანა ჯანელიძის თქმით, კინოინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ეროვნულმა კინოცენტრმა გადაწყვიტა შექმნას დაფინანსების უფრო მოქნილი სისტემა, რაც ქართველ კინემატოგრაფისტებს ევროპულ ფონდებთან ურთიერთობას გაუადვილებს.

 

“ეს უფრო მეტად პროდიუსერებისათვისაა საინტერესო, მათ მეტი დრო რჩებათ ფილმის გადასაღებად თანხების მოსაძიებლად. რეჟისორისთვის კარგია, რადგან უფრო მშვიდად მუშაობს პროექტზე. იცი, რომ ახლა თუ არა, კიდევ გაქვს შანსი. სახელმწიფო სხვა დაფინანსების გზებს არ გვთავაზობს, მხოლოდ კერძო ინვესტორებსა და საერთაშორიდო ფონდებზე დამოკიდებული ხდება პროექტი. ინვესტორების მხრიდან დაინტერესება კი ძალიან მცირეა,”- ამბობს რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი.

 

გამარჯვებული კონკურსანტები ეტაპობრივად მიიღებენ მოპოვებულ დაფინანსებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თანხის მიზნობრივად ათვისებასა და პროექტის წარმატებით განვითარებას. როგორც წესი, კონკურსანტი თავად უთითებს პროექტის განაცხადში საჭირო თანხის რაოდენობას, რომელსაც შემდეგ ჟიურის წევრები შეხედულებისამებრ კვეცენ. ნანა ჯანელიძის თქმით, ეს პრინციპიც ასევე, გადაიხედება.

 

“ჟიურის წევრებს აღარ ექნებათ უკვე უფლება, რომ, ასე ვთქვათ, შეამცირონ მოთხოვნილი თანხა. განისაზღვრება ერთგავრი “მოჭრილი” თანხა, რომელზე ნაკლებს ან მეტს კინოცენტრი არ გასცემს,” – ამბობს ჯანელიძე.

 

ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლების თქმით, ერთი წლის განმავლობაში ცენტრი მხოლოდ კინოწარმოებაზე მთლიანი ბიუჯეტის 65%-ს ხარჯავს, რაც დაახლოეით 1.5 მლნ ევროა.

 

კინოცენტრი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულებს დეკემბრის დასაწყისში დაასახელებს, მეორედ კონკურსის გამოცხადება კი უკვე იანვარ-თებერვალში იგეგმება.

 

ამჟამად კონკურსში მონაწილეობას იღებენ უკვე ცნობილი ქართველი რეჟისორები: ნანა ჯორჯაძე, გიორგი ოვაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, ქეთი დოლიძე, ქეთი მაჭავარიანი, ლევან კოღუაშვილი, ზაზა ხალვაში, რუსუდან ჭყონია, თინათინ ყაჯრიშვილი, ნიკოლოზ ხომასურიძე, გიორგი მეგრელიშვილი, ნინო ბასილია, გიორგი ცქვიტინიძე და გიორგი ბარაბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი