ხელოვნება

კულტურის მინისტრის ყოფილი ბიზნესპარტნიორებისთვის უკონკურსოდ გაცემული 365 ათასი ლარი

25 ივლისი, 2015 • • 2621
კულტურის მინისტრის ყოფილი ბიზნესპარტნიორებისთვის უკონკურსოდ გაცემული 365 ათასი ლარი

პროექტი “სითი საუნდი” ელექტრონული მუსიკის ფესტივალისა და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო მიზნის მქონე სამუშაო შეხვდრების ჩატარებას გულისხმობს. პროექტის საერთო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია, აქედან 365 ათას ლარს კულტურის სამინისტრო აფინანსებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელი სულხან სალაძე ამბობს, რომ როდესაც საუბარია საჯარო ფინანსების ხარჯვაზე, საჭიროა გამჭვირალობისა და საჯარო ფინანასების რაციონალური ხარჯვის მაღალი სტანდარტი. მისი აზრით, სამინისტროს კონკურსის წესით უნდა გაეცა დაფინანასება.

იურისტის შეფასებით, კონკურსის არარსებობის პარალელურად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ პიროვნებები, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს, მიხეილ გიორგაძის ბიზნესპარტნიორები იყვნენ, სანამ იგი მინისტრი გახდებოდა.

“გაცილებით კარგად მუშაობს სისტემა, როდესაც ცნობილია, რა მოთხოვნები აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს. სუბიექტური ფაქტორი საქართველოში ყოველთვის ძალიან მნიშვენლოვანია”, – ამბობს სალაძე.

მედიაპროდიუსერმა ნაჯა ორაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ კონკურსის გამოუცხადებლობის გამო კულტურის სამინისტრომ არაჯანსაღი კონკურენციის პირობები შექმნა და პრივილეგირებულ პოზიციაში მოაქცია ერთი კონკრეტული ჯგუფი.

“რთულია კონკურენცია გაუწიო სახელმწიფოს დოტაციაზე მყოფ კომპანიას, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მძიმე ფინანსურ პირობებში იმყოფება”, – ამბობს ნაჯა ორაშვილი.

მისი მოსაზრებით, სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობა ელექტრონული მუსიკის სფეროში, რომელიც ამის გარეშეც საკმაოდ წარმატებულად ვითარდება, ხშირ შემთხვევაში უკუშედეგების მომტანია.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში გამორიცხავს მიკერძოებას და ამბობს, რომ ადამიანები, რომლებმაც კულტურის სამინისტროდან დაფინანსება მოიპოვეს, საქმის პროფესიონალები არიან.

“სითი ფესტივალის” დირექტორმა გიორგი ჭუბაბრიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან გამოცდილი ივენთ მენეჯერები და უცხოელი პარტნიორები – სანდრო კაპანაძე, გიორგი მოზგოვოი, პანტელეი შარია, ირაკლი შენგელია, გიორგი ჭუბაბრია, გიორგი გომარელი, შორენა (შოკო) ჩაჩუა, ლევან ღვინიანიძე, კრისტიან ვოლფი, ოლეგ ბელოლიპეცკი, CES, Vodkast.

“სითი საუნდის” კავშირი კულტურის სამინისტროსთან

პროექტის ორგანიზატორებს, გიორგი ჭუბაბრიას, გიორგი გომარელსა და ირაკლი შენგელიას მიხეილ გიორგაძესთან და კულტურის სამინისტროს კიდევ ორ მაღალჩინოსანსანჸან ხანგრძლივი ბიზნესპარტნიორობა აკავშირებთ. ისინი ერთად ფლობდნენ თბილისის საკონცერტო დარბაზს.

მინისტრობამდე მიხეილ გიორგაძის თანამფლობელობაში იყო “ინტერნეშენალ ივენთსი”, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზის 70%-ს ფლობდა, დანარჩენ 30%-ს – “ვიზარდ ივენთი”, რომელიც გიორგი ჭუბაბრიასა და ირაკლი შენგელიას კომპანიაა.

“სითი საუნდისთვის” თანხის გამოყოფაზე თანხმობა კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილელმა კომისიამ გასცა, რომელშიც 8 წევრი შედიოდა, მათ შორის, მიხეილ გიორგაძე და კახი კანდელაკი, ხოლო დავით მენაბდე, როგორც მოწვეული ექსპერტი ისე მონაწილეობდა.

 

დავით მენაბდეს ირაკლი შენგელიასთან ბიზნესპარტნიორობის გარდა ნათესაობაც აკავშირებს, ირაკლი შენგელია მენაბდის სიძეა.

“ერთი კონკრეტული პროექტის შემთხვევაში ამდენი დაკავშირებული პირი როცა იყრის თავს, კიდევ უფრო ძლიერება ეჭვი, რომ ადგილი აქვს წინასწარ შეთანხმებას, წინასწარ ჩამოყალიბებულ პროექტს”, – ამბობს სულხან სალაძე.

კულტურის სამინისტროსა და “სიტი ფესტივალს” შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, “სიტი ფესტივალმა” 6 “მსოფლიო კოსმოპოლიტი ქალაქის წარმატებული, უცხოელი პროფესიონალები” უნდა მოიწვიოს და ქართველი დაინტერესებული საზოგადოებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები ჩაატაროს.

საგანმანათლებლო შეხვედრების მიზანი, ავტორების თქმით, არის ვიზუალური არტის, მუსიკალური ფროდაქშენის, გამოცდილების გაზიარების, განათებისა და ხმის ინჟინერიის, მუსიკის ფროდაქშენისა და ღონისძიების მენეჯმენტის შესახებ მასტერკლასების ჩატარება.

პროექტის ფარგლებში 6-8 აგვისტოს ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი უნდა ჩაატარდეს.

“სიტი ფესტივალმა” პროექტის განხორციელება 2015 წლის მარტიდან დაიწყო. 3 მარტს ჩაატარა De-Phazz-ის კონცერტი.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ “სითი ფესტივალის” წარმოდგენილი პროექტი იყო გამართული, რადგან ამ ადამიანებს დიდი გამოცდილება აქვთ.

თუმცა კითხვაზე, თუ რატომ მიიღო საგანმანათლებლო მიზნებისთვის დაფინანასება კომპანიამ, რომელსაც გამოცდილება მხოლოდ ღონიძიებების დაგეგმვაში აქვს, მინისტრი აბობს, რომ “ვიზარდ ივენთის” გარდა ამ საკითხში არიან ჩართული სხვა პროფესიონალები და სწორედ ისინი აწყობენ ვორქშოფების სერიას.

ჩემს ხედვაში ორი რამის შერწყმა მოხდა: ივენთ მენეჯმენტის და შინაარსობრივი მხარის – ჭუბაბრიას და 4GB-ს ბიჭების, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

შეცვლილი ტრენერები

მაისის თვეში ჩატარდა ვორქშოფების სერია City-Sound 4GB, რომლისთვისაც  48 342 ლარი იყო განკუთვნილი. ტრენინგები 6 დღის განმავლობაში ჩატარდა და მასში ხუთმა ტრენერმა მიიღო მონაწილეობა.

კულტურის სამინისტროში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ტრენინგი უნდა ჩაეტარებინა 4 ტრენერს, რომელთა ჰონორარისთვის, ჯამურად, 19 620 ლარი იყო განკუთვნილი. მაისის შემდეგ ივნისშიც უნდა ჩატარებულიყო მასტერკლასები, თუმცა “სითი ფესტივალმა” კულტურის სამინისტროს ყველა ტრენერის სხვა ტრენერებით ჩანაცვლება თხოვა. ცვლილებას ჰონორარზე არ უმოქმედია – არც შემცირებულა და არც გაზრდილა.

 

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე

აღმოჩნდა, რომ სიტი ფესტივალმა წინასწარ დაპირებული ვერც ერთი ტრენერი ვერ მოიწვია, თუმცა კულტურის მინისტრს მიაჩნია, რომ საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის მოწვეული ექსპერტების შეცვლა ჩვეული მოვლენაა:

“ეს ისეთი თემაა, რომ გასაკვირი არაა, ხშირად ხდება ფესტივალების პრაქტიკაში.”

პარტნიორი კომპანიების ჩართვა

მიღებული დაფინანასების დიდი ნაწილი “სითი ფესტივალმა” სწორედ იმ კომპანიებს გადაურიცხა, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებული.

2015 წლის 5 მარტს გამართული De Phazz-ის კონცერტისთვის სამინისტროდან მიღებული თანხის დიდი ნაწილი თბილისი ივენთ ჰოლს, ივენთ ჰოლის დაცვის კომპანია “ომეგა მ.ბ.რ.”-სა და “ვიზარდ ივენთს” გადაურიცხა.

ჭუბაბრიამ თბილისის საკონერტო დარბაზში იქირავა ფართი 6 000 ლარად. დარბაზის იჯარის მომსახურებაში შედის სამზარეულო და მისი მომსახურება (ქართულ-ევროპული მენიუ ან ფურშეტი),  თუმცა გიორგი ჭუბაბრიამ ივენთ ჰოლს ავიაბილეთებისა და სასტუმროთი მომსახურების თანხასთან ერთად კვების მომსახურებაში განკუთვნილი 1700 ლარიც გადაურიცხა.

გიორგი ჭუბაბარიამ “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ ნებისმიერ ჯგუფს აქვს თავისი მოთხოვნები კვებასთან დაკავშირებით.

მაისში ჩატარებულ ვორქშოფების მონაწილეების კვების ხარჯები (857.80 ლარი) ჭუბაბრიამ თავის კომპანია “ვიზარდ ივენთს” გადაურიცხა.

ვორქშოფის ფარგლებში კინოსტუდიის ტერიტორიაზე 9 მაისს ჩატარდა მუსიკალური ღონისძიება, რომლის დაცვისთვის თანხები თბილისის საკონცერტო დარბაზის კუთვნილ დაცვის სამსახურს “ომეგა მ.ბ.რ.”-ს გადაურიცხა- 3 500 ლარი 06:00-დან 18:00 საათამდე დაცვის მომსახურებისთვის.

ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალისთვის ტერიტორიის ტენტებით, სკამებით, მაგიდებით, ბარის დახლითა და შესაბამისი დეკორაციებით მოწყობისთვის გიორგი ჭუბაბრიამ ისევ თავის კომპანია “ვიზარდ ივენთს” 17 700 ლარი გადაურიცხა.

“ვიზარდ ივენთს” გადაერიცხა 5520 ლარი 6-დღანი ღონისძიების მონაწილეებისთვის სადილისა და ვახშმით მომარაგებისთვის, ხოლო თბილისის საკონცერტო დარბაზს წინასწარ გადაუხადა აგვისტოში ბათუმში მდებარე კაფე Take Five-ში ფესტივალის მონაწილეების კვებით უზრუნველყოფისთვის, სულ 4130 ლარი.

“სიტი ფესტივალმა” წინასწარ გადაუხადა 20 ათასი ლარი “ვიზარდ ივენთს” აგვისტოში დაგეგმილი გამოფენის ფარგლებში საგამოფენო ტერიტორიის შესაბამისი ინვენტარით მოწყობისათვის.

 

კახი კანდელაკი და ირაკლი შენგელია. 2015 წლის 26 მაისს. ფოტო კახი კანდელაკის ფეისბუქიდან
კახი კანდელაკი და ირაკლი შენგელია. 2015 წლის 26 მაისს. ფოტო კახი კანდელაკის ფეისბუქიდან

ამას გარდა, თბილისის საკონცერტო დარბაზის დაცვის სამსახურს “ომეგა მ.ბ.რ-ს მომსახურებისთვის სულ 26 300 ლარი გადაერიცხება.

სულხან სალაძე ამბობს, რომ საკუთარი კომპანიებისთვის ფულის გადარიცხვა შეიძლება იყოს კარგი საშუალება იმისათვის, რომ  სხვა პარტნიორი კომპანიები შეინახო ამ თანხის საშუალებით.

“როდესაც თავად დაინტერესებული პირი სთავაზობს თამაშის ერთგვარ წესებს და ხარჯთაღრიცხვიდან გამომდნარე ითხოვს თანხას და პირიქით ხდება პროცესი, ეს არ არის კარგი ვარიანტი საჯარო ფინანების ხარჯვის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რატომ მიდის სამინისტრო ამ გზით და რა არის ამის საფუძველი”, – ამბობს სალაძე.

მინისტრი მიხეილ გიორგაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ სამინისტრომ განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადები უნდა დააწესოს და საკონკურსო მოდელის შემოიღოს, რითიც შესაძლებელი გახდება მონაწილე პროექტების ერთმანეთთან შედარება. მინისტრის დაპირებით, მომავალი წლიდან სამინისტრო ამ მოდელით იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი