რა ბედი ელის დირექტორის გარეშე დარჩენილ კინოსტუდია “ქართულ ფილმს”

კინოსტუდია “ქართული ფილმი” 4 თვეა რაც დირექტორის გარეშე მუშაობს, ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს კინოსტუდიის გაყიდვა სურს, რასაც სამინისტროში არ ადასტურებენ.

“ეს დღე შავი სიზმარივითაა ჩემთვის, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ისე დასრულდეს, როგორც მგონია,” – განაცხადა რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ, კინოსტუდია “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ისაუბრეს კინოსტუდიის გაყიდვის საფრთხეზე.

ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირკაშვილი, რომლის უწყების ბალანსზეცაა “ქართული ფილმი” და მის მფლობელობაში არსებული 14 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დიღომში, ამბობს, რომ ტერიტორიის გასხვისებას არ აპირებს და მისთვის “გასაკვირია” კინემატოგრაფისტების განცხადებები.

“ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბუბა ხოტივარს, ისევე როგორც საბჭოს სხვა წევრებს ელდარ შენგელაიას, მიხეილ კობახიძეს, ოთარ იოსელიანს, მერაბ კოკოჩაშვილს, ეკონომიკის მინისტრის დაპირების არ სჯერათ.

“დაგვრჩა 14 ჰექტარი ქალაქის ცენტრში, ახლა ამაზე არიან დაგეშილები. წარმოუდგენელი შემოსავალია ეს კერძო და არაკერძო ფირმებისთვის, რომლებიც მოიგებენ კონკურსს, თუ გამოცხადდა ეს კონკურსი”, – ამბობს ხოტივარი.

ბუბა ხოტვარი ეკონომიკის სამინისტროს ბრალს სდებს იმაში, რომ უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააკნინოს მათი მუშაობა და კინოსტუდია მენეჯმენტის გარეშე დარჩეს, რადგან ეკონომიკის მინისტრმა კინოსტუდიას აქამდე არ დაუნიშნა დირექტორი.

ყველაფერი 4 თვის წინ დაიწყო, როცა სამეთვალყურეო საბჭომ “ქართული ფილმის” დირექტორის მოვალეობა გელა სულის იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ იგი კინოსტუდიის პერსპექტივას კერძო ინვესტორისთვის მიყიდვაში ხედავდა, ამბობს ოთარ ლითანიშვილი, ვისი დირექტორად არჩევა კინოსტუდიის სამეთვალყურეო საბჭოს სურს. თუმცა ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ სამინისტროს თანხმომობა არ გაუცია.

 

მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ კინოსტუდიის ხელმძღვანელი კინემატოგრაფსტებთან დიალოგის გზით შეარჩევენ და რომ მათ “ზურგს უკან არანაირი პროცესები არ მიმდინარეობს”.

ოთარ ლითანიშვილის ამბობს, რომ კინოსტუდია კრიზისულ მდგომარეობაშია, რადგან ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელისმომწერი პირი არ ჰყავთ. მისი თქმით, ამ მიზეზით თურქ კინომწარმოებლებთან შეთანხმება ვერ შედგა.

დირექტორის გაჭიანურებული დანიშვნის გამო, კინემატოგრაფისტები ეჭვს გამოთქვმენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს კინოსტუდიის გაყიდვა არაპირდაპირი გზით სურს.

ოთარ ლითანიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს გამოცხადებული აქვს კონკურსი კინოსტუდიის ეფექტური მართვისთვის, რომ სხვა კომპანიას გადაეცეს იგი სამართავად. მას მიაჩნია, რომ უბრალოდ ეკონომისტი ვერ შეძლებს კინოსტუდიის მართვას:

“კინოფაბრიკა არ არის მხოლოდ ფაბრიკა. ვერაფერს ვერ გააკეთებ თუ არ იცი რა უნდა და  როგორ უნდა [კინოს]”, – ამბობს ლითანიშვილი.

 

კინოსტუდია ქართული ფილმის შენობა
კინოსტუდია ქართული ფილმის შენობა

მერაბ კოკოჩაშვილი კი კითხულობს, რატომ სურს ეკონომიკის სამინისტროს მენეჯმენტში სხვა კომპანიის შესვლა, მაშინ როცა კინოსტუდიამ თავისი ვალები გაისტუმრა და ახლა მოგებაზე გადის.

ბუბა ხოტივარმა აღნიშნა, კინოსტუდიამ, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზე არაა დამოკიდებული, გასულ წელს ბიუჯეტში 400 ათასი ლარი შეიტანა.

გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ იგი ცდილობს მოძებნოს გზები რომ კინემატოგრაფისტები გაერთიანდნენ და ერთიანი კონცეფცია შეიმუშაონ კინოსტუდიის განვითარების თაობაზე.

“ვიქნები ძალიან მოხარული, თუ საქართველოს კინემატოგრაფისტები და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიმუშავებენ ერთობლივ კონცეფციას და წარმოადგენენ, იმისთვის რომ ჩვენ ეს საკითხი დავძრათ”, – განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ კინემატოგრაფისტებს არავინ ებრძვის, იგი მიიჩნევს, რომ მათი პროტესტი “ცალკეული ადამიანების მიერ წაქეზებულია”.  

ოთარ ლითანიშვილის თქმით, კინოსტუდიას 2 წლიან განვითარების კონცეცფიაც აქვს შემუშავებული, რომელიც კინოს განვითარების სამთავრობო კომისიაშიც აქვს წარდგენილი, რომლის წევრი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიცაა.

ლითანიშვილის განმარტებით, მათი ხედვა ასეთია: კინოსტუდიას აქვს შესაძლებლობა განვითარდეს საკუთარი, ისე გარე სტუდიებისთვის სერვისის მიწოდებით.

 

მათ აქვთ გახმოვანებისა და გახმაურების საკუთარი სტუდიები, სკანერი ფირების გასაციფრებლად, გადასაღები პავილიონები, იარაღის საწყობი. შეუძლიათ იმუშაონ დაკვეთაზე და მათი მცირე პროექტების შექმნაზე, ამბობს ლითანიშვილი.

კინოსტუდია ქართული ფილმის შენობა
კინოსტუდია ქართული ფილმის შენობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი