კინოხელოვნება

როგორ შეიძლება განვითარდეს ქართული კინო

11 ივლისი, 2014 • • 2205
როგორ შეიძლება განვითარდეს ქართული კინო

პრემიერ ღარიბაშვილის 18 ივნისის განკარგულებით, ქართულ კინოს განვითარების ხელშემწყობი კომისია შეიქმნა, რომელშიც კულტურის მინისტრის გარდა, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შედიან.

 

კომისიის დეკლარირებული მიზანი არის ქართული კინოს განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო იმედოვნებს, რომ ქართული კინო ეროვნულ დონეზე გაძლიერდება და საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობას აიმაღლებს.

 

რამაზ ხოტივარი, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გელა სული, “ქართული ფილმის” დირექტორი, ამბობენ, რომ კინემატოგრაფის განვითარებას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კინოწარმოება არ დაიბეგრება და კინოსტუდიას საწყისი ფინანასური დახმარება მიეცემა იმისათვის, რომ მან მენეჯმენტი ააწყოს.

 

შეხვედრა კულტურის სამინისტროში ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი კომისიის ფარგლებში
შეხვედრა კულტურის სამინისტროში ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი კომისიის ფარგლებში

საქართველოში კინოწარმოებას ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ კანონი არეგულირებს, კანონის მე-15 მუხლში განმარტებულია, რომ “კინოორგანიზაციების საქმიანობის საგადასახადო რეგულირების თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.” საქართველოს საგადასახადო კოდექსი კინომწარმოებლებს არ ათავისუფლებს გადასახადისგან. 

 

ხოტივარის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნა არის საქართელოში კინოწარმოების აღდგენა. ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები კინოსთან დაკავშირებით, კინოსტუდიის სტრუქტურული მოწყობა.

 

ხოტივარი ამბობს, რომ “კანონი ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” კინოს განვითარების საკანონმდებლო გარანტიებს არ იძლევა:

 

“კარგი სიტყვები წერია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს ქართულ კინოს ფეხზე დადგომაში, ლოზუნგური ტექტსებია, მაგრამ მექანიზმი, როგორ დაეხმაროს, არ წერია.”

 

ხოტივარის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძესაც შეხვდნენ. პარლამენტარი ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა გეგმის დასახვა და შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება:

 

“მე ვფიქრობ, რომ მთავარი მიზანი არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კინოსგან შემოსავლის მიღება. სახელმწიფომ უნდა განავითაროს, როგორც კულტურული ფენომენი. თუ ამისათვის საჭროს იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, პრობლემა უნდა იყოს გაანალიზებული, მისი გადაჭრის გზა ნანახი და თუ ეს მოითხოვს საკანონმდებლო მოქმედებას, უნდა საკანონმდებლო მოქმედება შესრულდეს.”

 

გელა სული, “ქართული ფილმის” დირექტორი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ ფილმის დაბეგვრა აფეხრებს კინოწარმოების განვითარებას, როგორც შიდა მწარმოებლებისთვის, ასევე, უცხოური პროექტების მოზიდვის კუთხით.

 

შიდა მწარმოებელი პატარა სტუდიების ურთიერთობა უცხოელ კოპროდუქციის პარტნიორებთან გართულებულია იმით, რომ გადასახადების თვალსაზრისით რეკლამის შემქმნელ ადამიანებთან შედარებით ცუდ მდგომარეობაში არიან. როცა უცხოელი ჩამოდის რეკლამის გადასაღებად საქართველოში, ეს ითვლება ექსპორტად და არ იბეგრება. კინოპროდუქციის შემთხვევაში 18%-ს მაინც იხდის.

 

კინოსტუდიის ხელმძღვანელი ასევე სთავაზობს სახელმწიფოს, რომ როდესაც უცხოელი ინვესტორი საქართველოში კინოპროექტს განახორციელებს, კვალიფიცირებული ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ დახარჯული თანხის 20% უკან დააბრუნოს:

 

“დიდი კინოგადაღება არის წარმოუდგენელი რეკლამა. საქართველო რომ მაგარი ფილმის გადაღების ადგილი გახდეს, დივიდენდი მოაქვს ძალიან კარგი.”

 

გელა სული იხსენებს საქართველოში 2013 წელს მიშელ ჰაზანავიჩუსის სტუმრობას, რომელმაც ფილმი “ძებნა” გადაიღო. გელა სულის თქმით, ამ ფილმმა საქართველოში 4 მილიონი ევრო დატოვა. თითქმის იმდენი, რამდენიც კინოცენტრის დაფინანსებაა.

 

ფინანსების მოზიდვის გარდა, ამბობს სული, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვა ხელს შეუწყობს ქართული კინოს ცნობადობის გაზრდას, რომელსაც დაბალი დაფინანსების პირობებშიც აქვს რესურსი, რომ მოიპოვოს წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალებზე:

 

“წარმოება ხელს უწყობს საერთაშორისო აღიარებას და საერთაშოირსო აღიარება კიდევ ხელს შეუწყობს, ფილმმწარმოებელმა ყურადღება მიაქციოს საქართველოს, როგორც გადასაღებ მოედანს.”

 

ამის გარდა, საქართველოში საერთაშორისო კინოპროექტების განვითარება დაასაქმებს ადგილობრივ კინემატოგრაფისტებს. სული იხსენებს, რომ ჰაზანავიჩუსს 80 წევრიანი ჯგუფი ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელსაც 250 ადამიანი დაემატა საქართველოდან.

 

“საქართველოს რომ ჰქონოდა უკეთესად აწყობილი საქმე, მიშელს შეიძლება ჩამოეყვანა 40 ადამიანი.”  

 

მნიშვნელოვანი საკითხია კინოსტუდიაში მენეჯმენტის აწყობა. გელა სული ამბობს, რომ დასაწყისისთვის კინოსტუდიას სჭირდება 1 მილიონი დოლარი, რომ მენეჯმენტი ამუშავდეს, ხოლო შემდეგ საჭირო თანხებს თავად მოიზიდავს.

 

რა ფუნქცია დარჩება ამის შემდეგ კინოცენტრს, რომელიც დღეს კინოპროექტების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა? გია სულის მიაჩნია, რომ კინოცენტრი არის ფონდი, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო და აფინანსებს ისეთ კინოპროექტებს, რომელიც მისაღებია სახელმწიფოს პრიორიტეტების მიხედვით. კინოსტუდია, მეორე მხრივ, არის ბიზნესი, რომელსაც წმინდა კომერციული მიზნები აქვს.

 

“ქართული ფილმი” ფლობს 9.7 ჰექტარის ფართობს. აქვს ორი პავილიონი, სადაც შეიძლება დეკორაციების გაკეთება და გადაღება. აქვს რამდნეიმე სამონტაჟო ხმისა და პოსტპროდუქციის გასაკეთებელი კომპიუტერები, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება გაუმჯობესება, ამბობს გელა სული.

 

დახმარების თხოვნით კინემატოგრაფისტებმა გასული წლის აპრილში პრემიერ ივანიშვილს მიმართეს, რომ აუდიტი ჩატარებულიყო. ამისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო. რამაზ ხოტივარი ამბობს, რომ აუდიტმა შეაფასა “ქართული ფილმის” ქონება და მისი მატერიალური მდგომარეობა. მისი თქმით, აუდიტის დამოწმებული ბეჭდით ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელი გახდება.

 

ხოტივარი იმედოვნებს, რომ 2-3 წელიწადში ქართული ფილმი შეძლებს იმას, რომ საქართველოში 7-8 უცხოურ პროექტს მაინც გადაიღებენ, ხოლო ეს ინვესტიცია იმდენს დატოვებს ქვეყანაში, რომ კინოსტუდია საკუთარი ხარჯითაც შეძლებს ერთი ქართული ფილმის გადაღებას მაინც და შესაძლოა კინოცენტრი ნაწილობრივ დააფინანსოს. 

 

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ უცხოელს ერჩივნოს საქართველოში გადაიღოს ფილმი, ვიდრე სხვა ქვეყანაში. აქ უნდა დახვდეს მას დაბალი გადასახადები, საინვესტიციო გარემო, მაღალი დონის კვალიფიციური კინომუშაკები. ჩვენ გვყავს მაღალი დონის კინომუშაკები და გვჭირდება საინვესტიციო გარემო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი