ხელოვნება

ღვინის დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში

4 დეკემბერი, 2013 • 5118
ღვინის დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში

 

იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფოთაშორისი კომიტეტის მე-8 სესია  2 დეკემბერს გაიხსნა.  კომიტეტს ოფიციალური ქართული დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით ესწრება. 

 

„ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ქვევრის ღვინის შექმნის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი მეცნიერულად დადასტურებულია, როგორც უძველესი ტექნოლოგია და საქართველო მსოფლიო მასშტაბით უკვე აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, რომელსაც ღვინის დაყენების 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს.” – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გვერდზე . 

 

2012 წლის 19 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N 3/85 ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

2012 წლის 30 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის N 257 ბრძანებულებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კატეგორია. 

 

იუნესკომ კონვენცია “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” 2003 წელს მიიღო, რომელსაც საქართველო 2007 წელს შეუერთდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი