ხელოვნება

საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

19 ივლისი, 2013 • 1252
საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სამინისტროს დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ომერ ჩელიკმა გურამ ოდიშარიასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა. განცხადების მიხედვით, ჩელიკმა დაადასტურა, რომ ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი იშხანში უკვე ჩავიდა. სამინისტროს განცხადებით, ვიზიტი იშხნის სარესტავრაციო სამუშაოების დაკვირვებას და აღდგენასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს მიზნად. 

 

ქართველი სპეციალისტები ოშკის ტაძრის მონახულებასაც გეგმავენ. 

 

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს თანამშრომლობისათვის და ხაზი გაუსვა, რომ ქართველი სპეციალისტებისათვის იშხნის სარესტავრაციო სამუშაოების დაკვირვების მიზნით  ვიზიტის ორგანიზება მეტად მნიშვნელოვანია ქართული მხარისათვის,”–ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

 

კულტურის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ქართველი სპეციალისტების სტუმრობა თურქეთში საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კეთილი ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმებით განხორციელდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციის შესახებ“ რჩება ხელმოუწერელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

სამინისტროს მტკიცებით, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ქართულ მხარეს რეაბილიტაციის პროცესში ჩართვის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. 

 

ქართველი სპეციალისტების შვიდკაციანი ჯგუფი იშხანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში თავიანთ შენიშვნებს თურქ კოლეგებს გაუზიარებენ. ჯგუფი 17 ივლისს გაემგზავრა თურქეთში

 

ქართველი სპეციალისტების იშხანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობა 12 ივლისს საქართველოს კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარის განცხადებით, თურქეთის ელჩი ქართულ მხარეს თურქეთის მთავრობასთან შუამდგომლობას დაპრიდა:

 

“ბატონი ელჩი შეგვპირდა, რომ კიდევ ერთხელ გაგვიწევს შუამდგომლობას, სანამ სამართლებრივი ჩარჩო გვექნება თანაშმრომლობისა ხელშეკრულების სახით, რათა დაშვებული იქნან ჩვენი სპეციალისტები იშხანზე მიმდინარე სამუშაო პროცესში,”– აღნიშნა მიზანდარმა 12 ივლისს. 

 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართულ მხარეს სჭირდება ჩარჩო–დოკუმენტი, რომლის ძალითაც უფრო ეფექტურად შეძლებს აღდგენით სამუშაოებში ჩართვას. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელმოსაწერ დოკუმენტში გათვალისწინებულ განახლებულ რაბათის ციხესთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ ეთანხმება და ხელს არ აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი