კინოხელოვნება

საქართველოში მუნიციპალური კინოთეატრების განვითარებას დაიწყებენ

31 მაისი, 2013 • 4384
საქართველოში მუნიციპალური კინოთეატრების განვითარებას დაიწყებენ

“გერმანიაში მუნიციპალური კინოთეატრების განვითარება ჯერ კიდევ 1970-ან წლებში დაიწყო, ჩვენ 21-ე საუკუნეში ვიწყებთ. როდესმე ხომ უნდა დავიწყოთ? როგორ შეიძლება რეგიონში, სოფელში, კინოთეატრში ვერ დადიოდეს ხალხი. ინტერნეტი ვერ გაუწევს კონკურენციას კინოთეატრს. კინოთეატრი სხვა გარემოა,”- ამბობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სახელოვნებო განათლების სპეციალისტი ბაია მელიავა.


ქრისტიანე შლაინდლი და კორნელია კლაუსი საქართველოში გერმანიიდან კონფერენციაზე – “მუნიციპალური კინოთეატრი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში” ჩამოვიდნენ. ქრისტიანე 1981 წლიდან კინემატოგრაფიაზე ლექციებს კითხულობდა და კინო-კურატორად მუშაობდა. 1986 წლიდან კი, დღემდე სხვადასხვა მუნიციპალური კინოთეატრების საორგანიზაციო ჯგუფებში მუშაობს, ამავდროულად ის ნიურნბერგის ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებელი და  მუნიციპალური კინოთეატრების ფედერალური ასოციაციის თავმჯდომარეა. ის და კორნელია კლაუსი მუნიციპალური კინოთეატრების განვითარების გერმანულ გამოცდილებაზე ჰყვებიან.


მუნიციპალური კინო და გერმანიის გამოცდილება


გერმანიის ქალაქი ნიურნგბერგში არსებული კინოთეატრი კომუნალური კინოთეატრების ევროპული გაერთიანების წევრი და ბოლო 6 წლის განმავლობაში საუკეთესო კომუნალური კინოთეატრია გერმანიაში.


“თავიდან, როდესაც მის დაარსებას ვიწყებდით, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენს გავაკეთებდით,”- ამბობს ქრისტიანე.


1990-ან წლებში გერმანიის გაერთიანების შემდეგ კინოთეატრების (სადაც დოკუმენტურ, ან არაკომერციულ კინოს უშვებდნენ) სტურქტურა ჩამოიშალა. როგორც ქრისტიანე და კეროლი ამბობენ, ერთი ხელის მოსმით ინვესტორებმა დაიპყრეს კინოთეატრები, რამდენიმე წელში კი, მათ ადგილას ფეხსაცმლის მაღაზიები, სუპერმარკეტები და სხვა ობიექტები გაჩნდა.


მოგვიანებით, სამოქალაქო ინიციატივების წყალობით, ნიურნბერგის კინოთეატრის განვითარების გეგმამ ჯილდოც მოიპოვა. თავდაპირველად ინვეტარიზაცია მოხდა, მერე მუნიციპალიტეტმა კინოთეატრის დაარსების მსურველებს შენობა უსასყიდლოდ გადასცა. დღემდე კომუნალურ გადასახადებს და შტატიან 5 თანამშრომლის ხელფასს ქალაქის ბიუჯეტი იხდის. გარდა ამისა, კინოთეატრს წლიურად 130 ათასი ევრო აქვს ადგილობრივი ბიუჯეტიდან შემოსავალი. 130 ათას ევრომდე აქვს შემოსავალი კინოთეატრს ბილეთების გაყიდვიდან და სხვადასხვა გზით მოპოვებული დაფინანსებებიდან.

 

ნიუნგბერგის ნახევარმილიონიან ქალაქის რამდენიმე დარბაზიან კინოთეატრში მაყურებელთა რიცხვი ყოველწლიურად 40 ათას აჭარბებს. წელიწადში, კინოჩვენებების რიცხვი კი 2000-ს. კინოთეატრის სტატისტიკური მონაცემით, მხოლოდ ერთი წელიწადში 9 ათასი მოსწავლე ესწრება კინოჩვენებებს.


“კინო არის ხედვის სკოლა, რომელსაც შეუძლია ბევრი რამე ასწავლოს ახალგაზრდებს. ბავშვებისთვის საბაზისო რაღაცეებით უნდა დაიწყოს კარგი კინოს ჩვენება. პირადაპირ შავ-თეთი ან დოკუმენტური ფილმებით შეიძლება ვერ გაუჩინოთ ინტერესი. აუცილებელია, კინო, არა როგორც შემოსავლის წყარო, არამედ ხელოვნების ნაწარმის განვითარება. როგორც კი კინოს თემად ვაქცევთ, მერე სხვა ყველა ელემენტი დაემატება,”- ამბობს კორნელია კლაუსი.


არაკომერციული, არამეინსტრიმული ფილმების ჩვენებებით, ქალაქში სადისკუსიო სივრცეც შეიქმნა.


ოქტომბერში ნიურნბერგში ადამიანების უფლებების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფესტივალი ტარდება.


“მსგავსი პროექტის განვითარებით, ნებისმიერი ქალაქი ბევრად უფრო მიმზიდეველი გახდება, ინვესტორებისთვის და ზოგადი კლიმატი შეიცვლება.”


დღეს გერმანიაში მუნიციპალური კინოთეატრების წლიური დახმარება ბიუჯეტიდან 3 ათასი ევროდან 1 მილიონამდე მერყეობს. თუმცა, პრობლემები მაინც არსებობს.


“ვცდილობთ, ფილმები ორიგინალის ენაზე. ძირითადად ახალ ფილმებს ვუშვებთ. საარქივო კინოს ლიცენზიები უფრო ძვირი ღირს, შესაბამისად, ზოგჯერ ამის რესურსი არ გვაქვს. ზოგადად, კვირაში დაახლოებით, 120-150 ევრო ჯდება ფილმების ჩვენება, ლიცენზიისთვის საჭირო თანხები მინიმალურია ჩვენთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი გარკვეულ ოდენობას გადააჭარბებს, მაშინ მეტი გვაქვს გადასახადი,”- ამბობს ქრისტიანე.



გერმანელი ექსპერტების თქმით, ზოგადად, სადაც კინოს უჭირს, იქ ოპოზიცია აქტიურობს ხოლმე – “კინომაყურებელი ხომ პოტენციური ამომრჩეველია.”


რა ვითარებაა საქართველოში?


გერმანელ ექპერტებთან შესახვედრად გოეთეს ინსიტიტუში საქართველოს 40-მდე რეგიონიდან კულტურის სფეროს წარმომადგენელი ჩამოვიდა. არამეინსტრიმული კინოთეატრების განვითარება რეგიონებში შორეულ პერსპექტივად მიაჩნიათ. ყველა მათგანი ამბობს, რომ მათ რეგიონში კინოთეატრის შენობებიც კი აღარ არსებობს, ან თუ არსებობს,- კერძო ინვესტორების მფლობელობაშია.


“დღეს არც ერთი კინოთეატრი არ გვაქვს ქუთაისში. მალე მულტიკომპლექსი იხსნება 4 კინოდარბაზით. რა თქმა უნდა მისი მფლობელი დაინტერესებული იქნება კომერციული ფილმები გაუშვას, რომელიც მხატვრულ ღირებულებას ნაკლებად შეიცავს. მე ქუთაისის უნივერსიტეტში კინოს ისტორიას ვასწავლი. ბევრი სტუდენტი კინოში არ არის ნამყოფი, დიდ ეკრანზე არ უნახავს ფილმები. კულტურული შიმშილია ქვეყნის მეორე ქალაქში,”- ამბობს თამთა თურმანიძე, ქუთაისის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი.


იგივე სიტუაციაა ყველა სხვა ქალაქშიც. მაგალითად, ფოთში 5800 კვ. მ ფართობის კინოთეატრის ტერიტორია კომპანია “ვისოლმა იყიდა” და დღემდე შენობაში არაფერი ფუნქციონირებს.


“აი, წყნეთშიც, 2012 წელს კინოთეატრი ქალაქის მერმა წაიღო,”- მერაბ თავაძე “ქართული ფილმის” გენერალური დირექტორი.


1991 წლიდან მუნიციპალური კინოთეატრების შენობები “ქართულ ფილმს” გადაეცა. 2004 წლის შემდეგ მათი ინტენსიური შესყიდვა მოხდა- ეკონომიკის სამინისტრომ მათი გაყიდვა დაიწყო.


“რეგიონებში დავდივართ ხშირად. ახალგაზრდებმა არ იციან რა არის კინო. რა დააშავეს რეგიონებმა, თბილისში მხოლოდ რუსთაველისა და ამირანის კინოთეატრებით რატომ უნდა ჩაიკეტოს საზოგადოება?”- ამბობს მერაბ თავაძე.

 

როგორ უნდა განვითარებს მუნიციპალური კინოთეატრები საქართველოში


“ჩვენმა კულტურის მინისტრმა ერთხელ იხუმრა, რომ ერთი ღამე დაჭირდა და ბევრი ფული იმისთვის, რომ ფინანსთა მინისტრთან დაელია და დაერწმუნებინა, რომ კინოთეატრებისა და კინოს განვითარებაში უნდა დაიხარჯოს ფული,”-ამბობს კორნელია კლაუსი, ექსპერტი გერმანიიდან.

 

ის, რომ კომუნალური კინოთეატრების განვითარებისთვის მხოლოდ კეთილი ნება საკმარისი არ არის და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული არსებული კინოთეატრების რეაბილიტაცია, ახალი კინოთეატრების აშენება თუ მათი ტექნიკური აღჭურვა, ამას სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ამბობენ.

“თუმცა, კულტურის სამინისტრო ძალიან შეუწყობს ხელს, რაც მის შესაძლებლობის ფარგლებშია ყველაფერს გააკეთებს. მაგრამ მხოლოდ კულტურის სამინისტრო ვერაფერს გახდება, თუკი სხვა სტრუქტურებიც, განათლების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროც არ ჩაერთვნენ,”- ამბობს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ბაია მელიავა.


კონფერენციის ორგანიზატორს, კინოფესტივალ პრომეთეს გენერალურ დირექტორს, გაგა ჩხაიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში ამ მხრივ იმედის მომცემი იქნება.

 

“დღეს კარგი დროა იმისთვის, რომ რაღაც ფუნდამენტურად გადავწყვიტოთ. როგორც ვხედავთ, ყველაფერი დეცენტრალიზაციისკენ მიდის და რეგიონები უნდა განვითარდეს. ვერ დაველოდებით, სანამ კომერციული კინოთეატრები როდის გაზრდიან ქსელებს.  რეგიონები უნდა გაძლიერდეს, შესაბამისად, შანსი იქნება, რომ კულტურული კერები შეიქმნას რეგიონებში. ყველაზე საწყის ეტაპზე, ალბათ, უკეთესი იქნება, გაირკვეს, ვინ არიან დღეს მუნიციპალიტეტებში კინოთეატრების მფლობელები, ხომ არ შეიძლება მათი დაბრუნება, ან გამოსყიდვა და რაიმე ფორმით მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა,”- ამბობს გაგა ჩხაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი