კინოხელოვნება

მსოფლიო კინოპრემიერები აპრილში

2 აპრილი, 2013 • • 1942
მსოფლიო კინოპრემიერები აპრილში

“იურული პერიოდის პარკი 3D”

იურული პერიოდის პარკი
იურული პერიოდის პარკი

20 წლის შემდეგ Universal Pictures სტივენს სპილბერგის კლასიკად ქცეული „იურული პერიოდის პარკის“ სამგანზომილებიან ვერსიას უშვებს. 3D ფორმატში გადამუშავებული ბლოკბასტერი კინომოყვარულთა ახალ თაობას ფილმის დიდ ეკრანზე პირველად ხილვის საშუალებას აძლევს,  უფროსი თაობის სპილბერგის მოყვარულებს კი ახალი ტექნოლოგიებით უცოცხლებს იურული პერიოდის სამყაროს, სამ განზომილებაში, რაც ფილმის პირველი გამოსვლის დროს 1993 წელს შეუძლებელი იყო.

 

სცენები, სადაც დინოზავრები მთლიანად ჩანდნენ, კომპიუტერული გრაფიკა იყო გამოყენებული, მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილის გადასაღებად კი დინოზავრების მექანიკური ფიგურები იყო გამოყენებული, რომელთა წინაც 6-7 ტონას აღწევდა.

 

სპილბერგმა გადაღებების დასრულების შემდეგ იმდენად აღარ ეპარებოდა ეჭვი ფილმის წარმატებაში, რომ მთელი პოსტ-პროდაქშენის პროცესი ჯორჯ ლუკასს მიანდო, თვითონ კი „შინდლერის სიის“ გადაღებას მიჰყო ხელი.

 

 

 

 

 

“ტრანსი” 

ტრანსი
ტრანსი

ბრიტანელმა რეჟისორმა დენი ბოილმა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ჰოლივუდში გადაღებული ფილმების („28 დღის შემდეგ“, „მილიონერი ნაგავსაყრელიდან“, „პლაჟი“, „127 საათი“) შემდეგ გახდა, თავისი ახალი თრილერი ისევ ბრიტანეთში გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ჯეიმზ მაკევოი, ვინსენ კასელი და როზარიო დოუსონი ასრულებენ. მისი მთავარი გმირი, სახვითი ხელოვნების ცნობილი აუქციონერი, საიმონი აზარტული თამაშების ვალების გადახდის იმედით, ფრანცისკო გოიას ძვირფასი ტილოს მოპარვას გადაწყვეტს და კრიმინალურ დაჯგუფებასთან შეკრავს კავშირს. ნამდვილი პრობლემები კი მაშინ იწყება, როცა ტვინის შერყევის შედეგად ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად გადამალა მოპარული შედევრი საიმონის მეხსიერებიდან ქრება. მისი განრისხებული პარტნიორი ფრენკი კი ნახატის ადგილმდებარეობის გასარკვევად ჰიპნოტერაპისტს მიმართს. ელიზაბედმა (როზარიო დოუსონი) ნახატი საიმონის ქვეცნობიერში უნდა მოძებნოს. აქ იწყება თავგადასავალი რელურისა და ირეალურის მიჯნაზე. საიმონს კი ეშინია. იცის, როგორც კი ნახატს იპოვნიან, მას მაშინვე მოკლავენ.

 

„ტრანსზე“ ბოილმა თავისი ბრიტანული პერიოდის ფილმების Trainspotting-ისა და Shallow Grave-ის სცენარისტთან, ჯონ ჰოჯთან ერთად იმუშავა. ფილმის ბრიტანული პრემიერა მარტის მიწუეულს შედგა. 5 აპრილს კი „ტრანსი“ ბოილის „მეორე სამშობლოს“ -შეერთებული შტატების ეკრანებზე გამოდის.

 

 

 

 

“დავიწყებული”

Oblivion
Oblivion

ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა „Universal Pictures“-ისა და „Thron“-ის შემქმნელებისაგან, კომპიუტერული სპეცეფექტების მოყვარულებისათვის ალბათ ყველაზე მთავარი მოვლენაა აპრილის თვეში. ფილმის მოქმედება 2073 წელს ვითარდება, 60 წლის შემდეგ, რაც დედამიწა თითქმის მთლიანად განადგურდა უცხოპლანეტელების თავდასხმის შემდეგ. ტომ კრუზის გმირი, ჯეკ ჰარპერი მასშტაბური ოპერაციის შესრულებისას, რომელიც დედამიწაზე დარჩენილი სასიცოცხლო რესურსების მოპოვებას გულისხმობს, ჩამოვარდნილი კოსმიური ხომალდიდან 22 წლის უცნობ გოგონას გადაარჩენს. შემდეგ განვითარებული მოვლენები კი ტომ კრუზის გმირს აიძულებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საკუთარი მისია და ყველაფერი, რაც მანამდე დედამიწაზე მომხდარი ომის  შესახებ იცოდა. საზოგადოება კი რომელშიც ის ცხოვრობდა შესაძლოა პოლიციური სახელმწიფოა.

 

ვისაც გხიბლავთ დინამიური სპეც-ეფექტები ან ტომ კრუზის შეუვალი მზერა მოგენატრათ თვალი გეჭიროთ ფილმზე. „Oblivion”, სლოგანით – „დედამიწა ეს მეხსიერებაა, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს“ – მსოფლიო ეკრანებზე 19 აპრილს გამოდის.

 

 

 

 

“კონ-ტიკი”

კადრი ფილმიდან - კონ ტიკი
კადრი ფილმიდან – კონ ტიკი

ევროპული (ბრიტანეთი, ნორვეგია, დანია, გერმანია) სათავგადასავლო დრამა ლეგენდარული მკვლევარის თურ ჰეიერდალის ეპიკური მოგზაურობის ეკრანიზაციაა. კონ-ტიკი პრიმიტიული საზღვაო ხომალდია, რომლითაც 1947 წელს ნორვეგიელი მწერალი და მკვლევარი წყნარი ოკეანის გადაცურვას შეეცადა სამხრეთ ამერიკიდან პოლონეზიის კუნძულებამდე. ხომალდს კონ-ტიკი ინკური მზის ღმერთის სახელის მიხედვით დაარქვეს. მისი მეშვეობით 7 000 კილომეტრის გადაცურვით, ჰეიერდალს სურდა დაემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ კოლუმბის მოგზაურობამდე, იმავეს გაკეთება სამხრეთამერიკელებისთვისაც იყო შესაძლებელი. ფილმს საფუძვლად თურ ჰეიერდალისვე წიგნი უდევს. მისი დიდი ნაწილი ერთდროულად ორ ვერსიად, ნორვეგიულ და ინგლისურ ენებზე არის გადარებული. 2013 წელს „კონ-ტიკი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარზე იყო წარდგენილი. მსოფლიო ეკრანებზე ფილმი 26 აპრილს გამოვა.

 

 




“ნისლში”


ნისლში
ნისლში

საფესტივალო ცხოვრების შემდეგ, აპრილში მსოფლიო ეკრანებზე გამოდის სერგეი ლოზნიცას ახალი ფილმიც „ნისლში“.

 

სურათის პრემიერა 2012 წლის კანის ფესტივალზე შედგა. ვასილი ბიკოვის რომანის მიხედვით არის გადაღებული ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირის დასავლეთის ფრონტზე მიმდინარეობს. რეგიონი გერმანელებს აქვთ ოკუპირებული. ლოკალური პარტიზანები კი წინააღმდეგობის მოძრაობაში იბრძვიან.

 

პარტიზანები გერმანელთა მატარებელს რელსებიდან გადაიყვანენ. ამ ადგილიდან ძალიან ახლოს კი სოფელში რკინიგზის მუშა, სუშენია, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. უდანაშაულო სუშენიას საბოტაჟისტებთან ერთად აპატიმრებენ. თუმცა გერმენელი ოფიცერი მის გათავისუფლებას გადაწყვეტს. მალევე სუშენიას ღალატის ხმები ვრცელდება. პარტიზანებს შურისძიება სურთ. როცა პარტიზანებს თავიანთი მსხვერპლი ტყეში მიჰყავთ, ისინი გერმანელების ხაფანგში ხვდებიან. მალე სუშენია დაჭრილი მტრის წინაშე პირისპირ აღმოჩნდება.

 

„უძველესი ტყის სიღრმეში, სადაც არც  მტრები არიან და არც მეგობრები, ხაზი კი ღალატსა და გმირობას შორის ქრება, სუშენია იძულებულია არამორალურ გარემოებებში მურალური არჩევანი გააკეთოს“ – გვამცნობს ფილმის ოფიციალური სინოფსისი. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი