კინოხელოვნება

თბილისში მალკოლმ მაქდოუელი ჩამოდის

19 მაისი, 2012 • 1579
თბილისში მალკოლმ მაქდოუელი ჩამოდის

21 მაისს, 03:00 საათზე საქართველოში ჩამოდის ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მალკოლმ მაქდოუელი.  მსახიობი თბილისს ეწვევა საპროდიუსერო კომპანია „იბერია ფიქჩერზის“  და „სთორიმენ პროდაქშენის“ ერთობლივი პროექტის „თბილისი, ჩემი ქალაქის“ ფარგლებში.

მაქდოუელი მონაწილეობას მიიღებს ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორის ნიკა აგიაშვილის ფილმში. გადაღებები გაგრძელდება 4 დღის განმავლობაში. მსახიობი თბილისს 26 მაისს დატოვებს.
მაქდოუელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა ცნობილი კინოჟურნალი ”Deadline Hollywood”.

საპროდიუსერო კომპანია „იბერია ფიქჩერზ“–მა  2011 წლის დეკემბერში გამოაცხადა თბილისის თემატიკასთან დაკავშირებული  სცენარების კონკურსი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 40–მდე რეჟისორმა. 50–მდე სცენარიდან საბოლოოდ პროექტისთვის 13 სცენარი შეირჩა.
პროექტის სახელწოდებაა „თბილისი, ჩემი ქალაქი“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება 13 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი თბილისის თემატიკაზე. ეს იქნება ცამეტი ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი ისტორია. ცამეტი სხვადასხვა თაობის რეჟისორის ხედვა თბილისზე. აღნიშნულ ფილმში  თბილისი წარმოჩნდება როგორც დასავლური კულტურის მატარებელი ქალაქი და იმავდროულად ნაჩვენები იქნება მისი თვითმყოფადობა.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორები.
ალექსანდრე რეხვიაშვილი (საქართველო), თამარ შავგულიძე (საქართველო), ლევან თუთბერიძე (საქართველო), თორნიკე ბზიავა (საქართველო), გიორგი ბარაბაძე (საქართველო), ბაკურ ბაკურაძე (მოსკოვი), დიმიტრი მამულია (მოსკოვი), ლევან ღლონტი (საქართველო); ირაკლი ჩხიკვაძე (საქართველო); ნიკა აგიაშვილი (ამერიკა), ალექსანდრე ქვირია (ლონდონი), შოთა გამისონია (მოსკოვი).

აღნიშნული რეჟისორების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საბოლოოდ ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად შეიკვრება, სახელწოდებით „თბილისი, ჩემი ქალაქი“.

ფილმების წარმოების პროცესი დაიწყო 25 მარტს, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 5 რეჟისორის ფილმის გადაღება.

(თამარ შავგულიძე „ნელი“, ოპერატორი: გიორგი შველიძე,
ლევან თუთბერიძე: „სე ლა ვი“, ოპერატორი: გოგა დევდარიანი,
ლევან ღლონტი: „ჯვრისწერა“, ოპერატორი: გიორგი ბერიძე,
ირაკლი ჩხიკვაძე „ტყვიების ბაღი“, ოპერატორი: გიორგი შველიძე,
ალექსანდრე ქვირია „სტუმარი“, ოპერატორი: გიორგი ბერიძე).

მასალების გადაბეჭდვის წესი