“მთავარი პრობლემები არის ბანკებს გარეთ არსებულ დაწესებულებებში და არა იმდენად საბანკო სექტორში”, – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა იმ ადამიანების პრობლემების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომელთაც საფინანსო ორგანიზაციებიდან ფულს სესხულობენ.
ამ საკითხზე ქადაგიძე რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა:
“როდესაც კომერციულ ბანკებზე ვსაუბრობთ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, საიდანაც მოვდივართ. 1990-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად საბანკო კოლაფსი გამოვიარეთ: დაკარგული ანაბრები და ა.შ. ის, სადაც დღეს საბანკო სისტემის მეშვეობით მივედით, ძალიან მნიშნელოვანი მიღწევაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ საბანკო სისტემისადმი მეანაბრეების ნდობა დავაბრუნეთ. დღეს ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ანაბრებს კომერციულ ბანკებში ინახავენ და არ ეშინიათ, რომ ხვალ გაიღვიძებენ და საკუთარ ანაბრებს დაკარგავენ. ამის გამო ანაბრების ოდენობამ მიაღია რეკორდულ რიცხვს: დაახლოებით 15 მილიარდ ლარს. ეს არის ის თანხა, რომელსაც ბანკები აკრედიტებენ და ამ თანხით ხდება ბიზნესის თუ სხვა სამომხმარებლო სექტორის დაკრედიტება. ასე რომ, ბანკები არიან შეზღუდულები. ისინი არ განკარგავენ საკუთარ თანხებს ისინი მეანაბრეების თანხებს განკარგავენ.”, – განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა: “რა თქმა უნდა, ბანკებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ის პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ”.
“მათ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ მსესხებლების მდგომარეობა და გააკეთონ რესტრუქტურიზაციები, რათა გრაფიკი მაქსიმალურად შეუწყონ მსესხებლებს. არის ზღვარი, რომელსაც ისინი ფიზიკურად ვერ გადალახავენ. თუ ვინმე იტყვის, რომ მსესხებლის მხრიდან წარმოდგენილი ყველა პოტენციური აპლიკაცია, უნდა დაკმაყოფილდეს, ეს იქნება პოპულიზმი და არარეალისტური.
სინამდვილეში გაცილებით უფრო დიდი პრობლემა არის ბანკების მიღმა. ბანკებში მეტნაკლებად მაინც ხდება მსესხებლებთან ინდივიდუალურად მუშაობა და უმარავი სესხის რესტრუქტურიზაცია. ბანკების მიღმა არის მიკროსაფინანსოების, ლომბარდების, არარეგისტრირებული სასესხო და კრედიტების კავშირების უზარმაზარი სექტორები, სადაც ერთი მხრივ, საპროცენტო განაკვეთი ბანკებზე გაცილებით მაღალია, ხოლო მეორე მხრივ სრულიად განსხვავებულია დოლარიზაციის მაჩვენებელი – პრაქტიკულად ყველა სესხი დოლარშია [გაცემული]. იქ გვაქვს ჩვენ მთავარი პრობლემა. ეს სფეროები არ რეგულირდება დღევანდელი კანონმდებლობით. მთავარი პრობლემები არის ბანკებს გარეთ არსებულ დაწესებულებებში და არა იმდენად საბანკო სექტორში”, – თქვა ქადაგიძემ.
რაც შეეხება გამოსავალს ამ პრობლემიდან, ქადაგიძე აგრძელებს:
“ერთადერთი რაც მანდ შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საკანონმდბელო ინიციატივა… ოღონდ ჩვენ უნდა გვესმოდეს: კანონის დაწერა არ ნიშნავს რომ ის სისრულეში მოვა. ამაზე უნდა შეიქმნას შესაბამისი ჯგუფი. რამდენადაც მე ვიცი ამაზე მუშაობა მიდის, თუმცა ეს არის ძალიან რთული საკითხი.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებები. მაგალითად შესაძლოა, გატარდეს ისეთი ღონისძიება რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პირველივე ან მეორე გადაცილებაზე არ მოხდება იმ ოქროს რეალიზაცია, რომლითაც სესხია უზრუნევყოფილი”.