ეკონომიკა

რა პირობებს გვთავაზობენ ბანკები იპოთეკური სესხის აღებისას?

28 იანვარი, 2011 • • 4947
რა პირობებს გვთავაზობენ ბანკები იპოთეკური სესხის აღებისას?

სესხები საქართველოში საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია. დიდია ასევე არჩევანის შესაძლებლობაც;  ყველა ბანკი სესხების სხვადასხვა პირობებს სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა, სესხის გასაცემად საჭირო ძირითადი მოთხოვნები ყველა ბანკისათვის საერთოა. შესაძლებელია, განვიხილოთ, თუ რომელი ბანკი რა პირობებს სთავაზობს მომხმარებელს უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკურ სესხებზე.

 

TBC ბანკი იპოთეკური სესხის შემდეგ პირობებს სთავაზობს მომხმარებელს: სესხის მაქსიმალური თანხა 500 000 დოლარი/ 800 000 ლარი, მინიმალური კი 2000 დოლარი/3500 ლარია, რაც ბევრად აღემატება „საქართველოს ბანკში“, „ბანკ რესპუბლიკასა“ და „პროკრედიტ ბანკში“ გასაცემი იპოთეკური სესხების მაქსიმალურ რაოდენობას. აღნიშნული სესხით სარგებლობის მსურველს  „TBC ბანკი“ სესხის აღების მაქსიმალურ ვადად ლარზე 10 წელს, დოლარზე კი 15 წელს აძლევს. სესხების დროს ყველაზე დიდ მნიშვნელობას მომხმარებელი საპროცენტო განაკვეთს ანიჭებს. აღნიშნული ბანკი ლარზე წლიურ საპროცენტო განაკვეთს 15,5 %-დან, ხოლო დოლარზე 14,5%-დან სთავაზობს მსესხებელს. თუმცა, აღნიშნული საპროცენტო განაკვეთები ყველაზე მაღალია ჩვენ მიერ განხილული ბანკების საპროცენტო განაკვეთებს შორის. რაც შეეხება დაფარვის სიხშირეს, TBC ბანკში დაფარვა ყოველთვიურად უნდა მოხდეს ისე, რომ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამი ერთი და იგივე თანხას შეადგენდეს. ბანკში სესხის გაცემის საკომისიო კი 1%-ია, მინიმუმ 20 დოლარი.

საქართველოს ბანკი იპოთეკური სესხის ასაღებად მომხმარებელს „იპო +“ -ს სთავაზობს. მისი ფორმულა შემდეგნაირია-თუ პიროვნებას სურს ბინის შეძენა და არ აქვს საკმარისი ფული, „საქართველოს ბანკში“ 50 000 დოლარის აღების შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14 % იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ყოველწლთვიურად ჩარიცხავს შემოსავალს თავის ანგარიშზე და თვეში თუნდაც 100 დოლარს დაზოგავს, სესხის საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 3.5 %-ით შემცირდება და წლიური 14 %-ის მაგივრად 10.5 % იქნება.

„იპო +“-ით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს სტაბილური თვიური შემოსავალი.

ბანკი სესხს გასცემს, აგრეთვე, ფართის შეძენა/მშენებლობაზე 3000 დოლარიდან და ფართის რემონტის/ავეჯის შეძენაზეც ასევე 3000 დოლარიდან.

„საქართველოს ბანკში“ სესხის აღების შემთხვევაში, დაფარვის ვადა 6 თვიდან 10 წლამდე იქნება, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 14 %-ია.

რაც შეეხება ბანკ რესპუბლიკას, მათ ახალი აქცია აქვთ იპოთეკურ სესხზე, რომელიც  11 %-იან საპროცენტო განაკვეთს ითვალისწინებს დოლარში.  აქციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს, არ არის აუცილებელი მსესხებელი „ბანკ რესპუბლიკის“ კლიენტი იყოს. აღნიშნული პირობა სხვა ბანკების მიერ არ არის შემოთავაზებული. თანხის ოდენობა ამ შემთხვევაში შეუზღუდავია.  აღნიშნულ პირობასაც მხოლოდ „ბანკ რესპუბლიკაში“ ვხვდებით. სესხის მაქსიმალური ვადა კი 25 წლამდეა.

სესხის უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ უძრავი ქონებით, რომლის შეძენასაც აპირებს მომხმარებელი, მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონებით და ნებისმიერი სხვა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სესხის დაფარვა შესაძლებელია, როგორც ყოველთვიურად, ასევე ყოველკვარტლურად.

რაც შეეხება ბანკის მოთხოვნებს, მსესხებლის სამუშაო გამოცდილება უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი, მინიმალური ხელფასი კი –400 დოლარი.

პროკრედიტ ბანკი სტანდარტული იპოთეკური სესხის აღების მსურველს შემდეგ პირობებს სთავაზობს-თანხის რაოდენობა 500-დან 100,000 დოლარამდეა/300-დან 17,000 ლარამდე. სესხის დაბრუნებისთვის კი მომხმარებელს მაქსიმუმ 15 წელი აქვს. გადახდის სხვა ალტერნატივა პროკრედიტ ბანკში არ არის და მომხმარებელს ყოველთვიური თანაბარი შენატანები ეკისრება, რაც ასევე განსხვავებულია სხვა ბანკების მიერ შემოთავაზებული პირობებისგან, რომელიც სესხის ეტაპობრივად დაფარვას ეხება.

„პროკრედიტ ბანკიდან“ იპოთეკური სესხის გამოტანა შეუძლია ყველას, ვისაც სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი აქვს და შეძლებს ამ სესხის განსაზღვრულ პერიოდში დაფარვას. არნიშნული მოთხოვნა, როგორც აღმოჩნდა საერთოა ყველა ბანკისათვის.

რაც შეეხება „ბაზისბანკს“, საცხოვრებელი ბინის, სახლების, აგარაკების შესაძენად, ასაშენებლად ან გასარემონტებლად,  იგი მომხმარებელს მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 100 000 აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს სთავაზობს ლარში. სესხის ვადა, ისევე როგორც „საქართველოს ბანკში“, მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 10 წელია, საპროცენტო განაკვეთი 14 %-ია, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის სიდიდე  დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე ვადაზე, აგრეთვე, მსესხებლის მუშაობის სტაჟზე, შრომითი ხელშეკრულების მოცულობაზე და სხვა მონაცემებზე, სესხის დაფარვა შესაძლებელია თვეში ორჯერ ან ყოველთვიურად, ამასთან ისე, რომ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამი თითოეული დაფარვისას ერთსა და იმავე მოცულობას შეადგენდეს. სესხის უზრუნველსაყოფად საჭიროა დასაკრედიტებელი ობიექტი, ავტომანქანა ან დამატებით სხვა უძრავი ქონება. იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია სტაბილური და დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი – მინიმუმ 500 ლარის ოდენობით, ამასთან, „ბანკ რესპუბლიკის მსგავსად“, აქაც საჭიროა მუშაობის სტაჟი, რომელიც არ უნდა იყოს 2 წელზე, ხოლო მიმდინარე სამუშაო ადგილზე 6 თვეზე ნაკლები.

რაც შეეხება „ვითიბი ბანკს“, უძრავი ქონების შესაძენად, ასაშენებლად და გასარემონტებლად ბანკი 5 000-დან 500 000-მდე დოლარის ოდენობის სესხს გვთავაზობს, სესხის ვადა 120 თვეა, წლიური საპროცენტო განაკვეთი 13%-დან იწყება, სესხის გაცემის საკომისიო 1 %-ია, ხოლო სესხის დაფარვა ყოველთვიურად ან თვეში 2-ჯერ შეიძლება, სესხის უზრუნველსაყოფად საჭიროა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ან შესაძენი უძრავი ქონება,  ან  კიდევ მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მსესხებლის მიმართ ვითიბი ბანკში შემდეგი მოთხოვნებია: მსესხებელს, გადასახადების გადახდის შემდგომ, ყოველი თვის ბოლოს, მინიმუმ, 1000 ლარის ოდენობის შემოსავალი უნდა გააჩნდეს, ამასთან, მსესხებლის ასაკი 23-დან 65 წლამდე უნდა იყოს, აღნიშნული მოთხოვნა სხვა ბანკებთან არ შეგვხვედრია, ხოლო რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, მსესხებელს მინიმუმ 12– თვიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

მართალია, ბანკები მიმზიდველ პირობებს სთავაზობენ მომხმარებელს, თუმცა სასურველია, კლიენტი ყურადღებით გაეცნოს ხელშეკრულებას, რომელსაც სესხის აღების დროს ბანკთან აფორმებს და გაითვალისწინოს ის რისკები და დამატებითი გადასახადები, რომელთაც ყველა ბანკი უწესებს საკუთარ მომხმარებელს. რეალური სურათის გაცნობის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც მომხმარებელზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი