ეკონომიკა

რა ღირს შაქარი და პური დედაქალაქში?

27 იანვარი, 2011 • • 5086
რა ღირს შაქარი და პური დედაქალაქში?

შაქრის ფასი ყოველდღიურად იმატებს, რის მიზეზადაც  სუპერმარკეტების მენეჯერები მწარმოებელი კომპანიების მიერ ფასების მატებას ასახელებენ. შაქარზე ფასების მატებას პურის გაძვირებაც დაემატა.

ინფორმაციის მისაღებად და ფაქტების გადასამოწმებლად პურის ქარხნებს მივმართეთ, სადაც ჯერჯერობით ფასების გაძვირებას უარყოფენ, თუმცა მათივე განცხადებით, ფასების მომატება მომავალში დაგეგმილია.

ფასების მატებასთან დაკავშირებით სუპერმარკეტების ქსელებს მივმართეთ.  ნეტგაზეთთან საუბარში სუპერმარკეტების ქსელ „ჯი მარტში“ აღნიშნეს, რომ მათ ქსელში პურის ფასმა  5-10 თეთრით მოიმატა, რაც შეეხება შაქარს, იგი გაყიდვაში არ არის დაფასოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

სუპერმარკეტების ქსელ „იბისიში“ პური ჯერ არ გაძვირებულა, ხოლო შაქრის ფასმა მოიმატა და 2.70 ლარს შეადგენს.

სუპერმარკეტების ქსელ „ლუქსში“  როგორც პურის, ასევე შაქრის ფასმაც მოიმატა, პური 5 თეთრით გაძვირდა, შაქარი კი 3 ლარი ღირს.

სუპერმარკეტების ქსელ „იოლი გასტრონომიაში“ პური ჯერჯერობით არ გაძვირებულა, შაქარი კი  2.65 ლარი ღირს.

სუპერმარკეტების ქსელ „ვეჯინში“ შაქრის ფასი 2.50 ლარიდან 2.80 ლარამდე მერყეობს,  როგორც აღნიშნულ სუპერმარკეტში გვითხრეს, შაქრის ფასი მოწოდების ფასზეა დამოკიდებული.

სუპერმარკეტების ქსელ „ბიგ-ბენში“ შაქარი 2.80 ლარი ღირს, პური ჯერ არ გაძვირებულა.

რაც შეეხება სუპერმარკეტების ქსელ „პოპულს“, მათ  ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ პური ჯერჯერობით არ გაძვირებულა, შაქარზე ფასმა კი 25 თეთრით მოიმატა.

სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ პურის ზოგიერთი სახეობა 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო შაქარი 2.45 ლარი ღირს. აღნიშნული პროდუქტის შეძენა ჩამოთვლილ სუპერმარკეტებსა და სხვადასხვა უბნის მარკეტებში ყველაზე იაფად სწორედ  „სმარტშია“  შესაძლებელი.

ბაზარზე გარკვეული სახის პროდუქტის დეფიციტია, რადგან  ფასების გაძვირების გამო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროდუქტის მომარაგებას ცდილობს. ეს ძირითადად  პირველადი მოხმარების პროდუქტებს – შაქარს, პურს, ზეთს და მარილს ეხება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ჩადუნელმა ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ  საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და გარანტირებულია საქართველოს მთავრობის მიერ,  შესაბამისად, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი