ეკონომიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-თბილისის მოსახლეობის 78% თვლის, რომ ქვეყანაში კორუფცია შემცირდა

9 დეკემბერი, 2010 •
საერთაშორისო გამჭვირვალობა-თბილისის მოსახლეობის 78% თვლის, რომ ქვეყანაში კორუფცია შემცირდა

„გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ეფექტური“ ან „ძალიან ეფექტურია“ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც აღნიშნულ სფეროში მთავრობის ძალისხმევა  „ეფექტურად“ ან „ძალიან ეფექტურად“ შეაფასეს, ყველაზე  მაღალია.  საქართველო გამოკითხულ ქვეყნებს შორის ლიდერობს მოსახლეობის დადებითი შეფასებით კორუფციის დონის შესახებ, ქართველ რესპონდენტთა 78% ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციის დონის „შემცირებაზე“ ან „ძალიან შესამჩნევ შემცირებაზე“ საუბრობს (შემდეგ ადგილზეა კენია გამოკითხულთა 48%–ით). თბილისში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ კორუფცია „(ძალიან) გაიზარდა“ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური-„თუ 2010  წლის გამოკითხვის შედეგებს 2004 წლიდან მოყოლებულ შედეგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მოქალაქეთა ნდობა ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორებიცაა: პოლიცია, ჯარი, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, მედია, ეკლესია, არასამთავრობო და კერძო სექტორი, გაიზარდა. თუმცა, პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა ისევ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად რჩებიან.“

გამოკითხულთა 56%–ის აზრით, მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში ყველაზე ეფექტური ინსტიტუტია. მხოლოდ 2%–ს სჯერა მედიის საშუალებით კორუფციასთან ბრძოლის ნაყოფიერების, ხოლო კერძო სექტორის როლს კორუფციასთან ბრძოლაში გამოკითხულთა მხოლოდ 1.6% ხედავს.

გამოკითხვა ადასტურებს, რომ მოქალაქეებს არ სურთ კორუფციის შემთხვევების შეტყობინება: 42%–მა განაცხადა, რომ ისინი ხმას არ აიმაღლებდნენ კორუფციის შემთხვევების შესახებ, 58%–მა კი განაცხადა, რომ ისინი შეატყობინებდნენ ასეთი შემთხვევების შესახებ. კითხვაზე, გადაუხდიათ თუ არა ქრთამი ბოლო 12 თვის განმავლობაში, გამოკითხულთა მხოლოდ 3%–მა უპასუხა დადებითად, რაც 2010 წელს გამოკითხულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. 58,4%–მა უპასუხა, რომ მათ არ გადაუხდიათ ქრთამი. თუმცა, გამოკითხულთა 38%-მა ამ კითხვაზე ან პასუხი საერთოდ არ გასცა, ან უპასუხა, რომ არ ახსოვდა, გადაიხარა ქრთამი თუ არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი