ეკონომიკა

საგარეო ვალი – ვინ გადაიხდის?

22 ნოემბერი, 2010 • 1910
საგარეო ვალი – ვინ გადაიხდის?

საგარეო ვალის მომსახურების ნაწილში საქართველოსთვის განსაკუთრებულად რთული პერიოდი 2013 წელს დადგება, როდესაც ქვეყანას მოუწევს 771,76 მილიონი ლარი საგარეო ვალის ნაწილის ძირი თანხის დაფარვას მოახმაროს.

ვალი არის საკითხი, რომელზე დისკუსიაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული ტერმინი განსაკუთრებულად აქტუალურია განვითარებადი ქვეყნებისთვის იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ქვეყნები რეფორმების განსახორციელებლად თუ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის სულ უფრო მეტ თანხას სესხულობენ როგორც ორხმხრივი, ისე მრავალხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში.

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმოხილვისას საგარეო ვალს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. სინამდვილეში, აღნიშნული თემის პოპულარობის ზენიტში არსებობის მიზეზი სახელმწიფოს (როგორც საგარეო, ისე საშინაო) ვალის რაოდენობას უკავშირდება.

საფუძველშივე უნდა აღინიშნოს, რომ ვალი არ ნიშნავს ცალსახად ცუდ მოვლენას. უფრო მეტიც, გონივრულ სესხს შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ ქვეყანას. თუმცა, სესხის გონივრულობა, უმთავრესად, განისაზღვრება მისი მიზნობრიობითა და დაბრუნების რეალურობით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი, მისი ყველაზე მსუბუქი გაგებით, საკმაოდ დამაფიქრებლად გამოიყურება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 2010 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6 მილიარდ 819 მილიონ 762 ათას ლარს შეადგენს, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით აღემატება, ხოლო 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 3 მილიარდნახევრით მეტია.

სახელმწიფო საგარეო ვალს ოთხი მიმართულება აქვს: პირველი – ეს არის ვალი მრავალმხრივი კრედიტორებისგან, რომლებშიც იგულისხმება საერთაშორისო ორგანიზაციები; მეორე – ორმხრივი კრედიტორებისაგან აღებული ვალი, როდესაც მთავრობა რომელიმე მეორე ქვეყნისგან სესხულობს ფულს; შემდგომი სიტუაციაა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვის გზით დაგროვილი ვალი და ბოლოს, როდესაც თანხის სესხება მესამე ქვეყნიდან, ან საერთაშორისო ორგანიზაციიდან ხდება სახელმწიფოს გარანტიის პირობით.

საქართველოს მიმდინარე საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი, თითქმის ხუთი მილიარდი ლარი, სწორედ ორმხრივ კრედიტორებზე მოდის. მათ შორის ლიდერობს მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც დავალიანება 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო შემდგომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი – თითქმის ორი მილიარდი დოლარით. ორმხრივ კრედიტორებს შორის ყველაზე ნაკლები დავალიანება საქართველოს სახელმწიფოს ევროგაერთიანების მიმართ აქვს და ეს თანხა ამ დროისათვის 33 მილიონ 203 ათას ლარს შეადგენს. 2009 წელს ორმხრივი კრედიტორების მიმართ საქართველოს დავალიანება დაახლოებით სამი მილიარდ რვაას მილიონამდე იყო.

ორმხრივი კრედიტორების მიმართ საქართველოს დავალიანება მილიარდ ლარს აღემატება. ორმხრივ კრედიტორებში ლიდერობს გერმანია, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფოს დავალიანება 356 მილიონ ლარამდეა. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს გარანტიით აღებული კრედიტიც აქვს და მისი ოდენობა ექვსმილიონნახევარ ლარამდეა. გერმანიის შემდგომ საქართველოს ყველაზე დიდი დავალიანება რუსეთის მიმართ აქვს და ეს თანხა თითქმის 209 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს დავალიანება 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ათი მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, ანუ 2008 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, მიმდინარე პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 50 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი. ყველაზე მცირე დავალიანება საქართველოს თურქმენეთის მიმართ აქვს და ეს თანხა 375 ათას ლარს შეადგენს.

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს დაახლოებით 900 მილიონამდე საგარეო ვალი წარმოექმნა სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების, ე.წ. ევრობონდების გამოშვების შედეგად.

ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს საგარეო ვალს განიხილავენ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში. მთლიან შიდა პროდუქტში იგულისხმება ყველა იმ საქონლისა და მომსახურების საბოლოო საბაზრო ღირებულება, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ პერიოდში.

როდესაც სახელმწიფო საგარეო ვალს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში განიხილავენ, იგულისხმება, მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქცია აწარმოა საქართველომ 2010 წელს, ხოლო ამავე 2010 წელს რამდენი მილიარდი ლარის ღირებულების საგარეო ვალი აქვს.

საქართველოს მთავრობის გათვლების თანახმად, 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 19 მილიარდ 46 მილიონ 400 ათასი ლარი იქნება. ამ მონაცემების ანალიზის თანახმად კი, შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი პროგნოზი: საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2010 წლის ბოლოსათვის შეადგენს ნომინალური მშპ-ის 37.1 პროცენტს მაშინ, როცა 2009 წლისთვის საგარეო ვალი ნომინალური მშპ-ის მხოლოდ 31.1 პროცენტი იყო.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 მილიარდ 788 მილიონ ლარამდე იზრდება. ორმხრივი კრედიტორების ნაწილში მიმდინარე პერიოდთან შედარებით თითქმის 400 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს დავალიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ, ხოლო რაც შეეხება სხვა ორმხრივ კრედიტორებს, თითქმის 619 მილიონამდე იზრდება დავალიანება გერმანიის მიმართ. სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების, ე.წ. ევრობონდების განთავსებით გამოწვეული დავალიანება დამატებით 25 მილიონი ლარით იზრდება.

გარდა სახელმწიფოს საგარეო ვალისა, ქვეყნას საშინაო ვალიც გააჩნია. აღნიშნული თანხა კი მილიარდ 912 მილიონ ლარამდეა. საშინაო ვალის მეოთხედზე მეტი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრებია. უნდა აღინიშნოს, რომ 2001-2002 წლებში სახელმწიფო ერთ-ერთი კომერციული ბანკისგან 250-300 პროცენტადაც კი სესხულობდა თანხას, რაც წმინდა წყლის ფინანსურ მაქინაციებს ჰგავს.

ჯამში, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა, 2011 წლის ბიუჯეტის პროგნოზის თანახმად, ათი მილიარდ შვიდას მილიონ ლარამდეა.

საგარეო ვალის მომსახურების ნაწილში საქართველოსთვის განსაკუთრებით რთული პერიოდი 2013 წელს დადგება, როდესაც ქვეყანას მოუწევს 771,76 მილიონი ლარი საგარეო ვალის ნაწილის ძირი თანხის დაფარვას მოახმაროს.

ზემოთ აღწერილი სიტუაციიდან ორი გამოსავალი არსებობს, პესიმისტური და ოპტიმისტური. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, უარეს შემთხვევაში, საქართველო გამოაცხადებს დეფოლტს, რაც საგარეო ვალებზე უარის თქმას ნიშნავს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ისეთ მაჩვენებელს მიაღწევს, რომ სახელმწიფოს “თავისუფლად” შეეძლება, საზოგადოებრივი დანაზოგის შექმნის გზით,  საგარეო ვალების გასტუმრება. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მონაცემები, მიმდინარე წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან დასახელებული წლების განმავლობაში მშპ-ის ზრდა საშუალოდ 5.9 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის არც თუ კარგი მაჩვენებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი