ეკონომიკა

კომუნალური გადასახადები და ბუნებრივი მონოპოლიების გაერთიანება

8 ნოემბერი, 2010 • 3266
კომუნალური გადასახადები და ბუნებრივი მონოპოლიების გაერთიანება

სახელმწიფომ გადაწყვიტა, საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე, თავისი ძალაუფლების გამოყენებით, დახმარებოდა იმ ყოვლად არაეფექტურ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებისათვის ვერც ხარისხიანი პროდუქტის, ვერც მომსახურების უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ და იმის საფასურის აღებაც უჭირთ, რასაც აკეთებენ.

ძნელია მოძებნო ეკონომისტი, რომელიც შესაფერის ეკონომიკურ დასახელებას მოუძებნის იმ ბოლო სამთავრობო გადაწყვეტილებას, რომელიც კომუნალური გადასახადების ერთიან გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ერთიან სანქციებს ეხება. მიუხედავად ამისა, მაინც საჭიროა, წმინდა ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების გაანალიზება.

ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილება თბილისში ოთხ მიმართულებას შეეხება. ეს მიმართულებებია: ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის მიწოდება და დასუფთავების სამსახურის მომსახურება. საფუძველშივე შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, თუ ის შესაბამის მომსახურებასა და სარგებელს იღებს. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი დეტალი: რამდენად სამართლიანია ისეთი ვითარება, როდესაც, მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებენ და ის ადამიანები, რომლებსაც წყლის გრაფიკი არ ეხებათ, თანაბარ გადასახადს იხდიან?

საქმე ისაა, რომ დასახელებული ოთხი სფეროდან, როგორც მინიმუმ, სამი მიეკუთვნება ბუნებრივ მონოპოლიას, ხოლო ერთი – ხელოვნურად შექმნილ მონოპოლიას. ბუნებრივი მონოპოლია ნიშნავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ერთ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი ან მომსახურება მნიშვნელოვნად მცირე დანახარჯებით, ვიდრე ორ ან მეტ ფირმას.

ჩვენ მიერ დასახელებულ შემთხვევაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიმწოდებელი კომპანიები ექსკლუზიურად ფლობენ ქალაქში შესაბიმის ინფრასტრუქტურას და გამომდინარე აღნიშნულიდან, ძნელად წარმოსადგენია, რომ მათ ოდესმე კონკურენტი გამოუჩნდეთ. ნებისმიერ ახალ ფირმას, რომელიც შესაძლებელია თეორიულად გამოჩნდეს ბაზარზე, მოუწევს ელექტროენერგიის, წყლისა თუ ბუნებრივი აირის მიწოდების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ქალაქში, რაც ცხადია, ფანტაზიის სფეროა.

იმ დროს, როდესაც, ზოგადად, მონოპოლიებს სამთავრობო დაცვისა თუ ძირითადი რესურსების ფლობის გარეშე უჭირთ ბაზარზე დომინანტის სტატუსის შენარჩუნება, ბუნებრივ მონოპოლიებს ნაკლებად ემუქრებათ მონოპოლიური ძალაუფლების შემცირება ბაზარზე ახალი კონკურენტების გამოჩენის შედეგად. თეორიულად, ბუნებრივი მონოპოლია მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი გახდეს კონკურენტული ბაზრის ნაწილი, როდესაც ბაზარი იზრდება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, მით უმეტეს, თბილისის ბაზრის თუნდაც პოტენციური ზრდის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად შეუძლებელია.

ძირითადი განსხვავება მონოპოლიასა და კონკურენტულ ფირმას შორის ფასების საკითხზე გადის. კონკურენტულ ფირმას ფასს ბაზარი განუსაზღვრავს, ხოლო მონოპოლია, ჩვენს შემთხვევაში კი, ბუნებრივი მონოპოლია, ფასს თავად საზღვრავს, ან უარეს შემთხვევაში, ფასს სახელმწიფოსთან ათანხმებს გარკვეული, ყოვლად უაზროდ წარმოქმნილი აბსურდული შუამავლების, ე.წ. მარეგულირებლების საშუალებით.

სიტუაცია, რომელიც ახალი სამთავრობო გადაწყვეტილებით თბილისში შეიქმნა, შეიძლება დახასიათდეს, როგორც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი ბუნებრივი მონოპოლიების ოლიგოპოლიური გაერთიანება.

ბუნებრივ მონოპოლიაზე ბევრი ვისაუბრეთ, ხოლო ოლიგოპოლია კი ნიშნავს ისეთ სიტუაციას, როდესაც რამოდენიმე ფირმა მოქმედებს ისე, როგორც ერთი. სინამდვილეში, ოლიგოპოლია, კონკურენციის შეზღუდვის გზით, მნიშვნელოვნად აზარალებს ბაზარს.

არსებულ ვითარებაში უამრავი კითხვა ჩნდება: რატომ სჭირდება აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს? რატომ ერევა სახელმწიფო იმ საქმიანობაში, რომლის შესრულებაც მხოლოდ კერძო სექტორის საქმეა და მას უკეთესად შეუძლია? ხომ არ გვაქვს საქმე გავლენიანი ჯგუფების ინტერესებთან?

ერთი რამ ცხადია, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე, თავისი ძალაუფლების გამოყენებით, დახმარებოდა იმ ყოვლად არაეფექტურ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებისათვის ვერც ხარისხიანი პროდუქტის, ვერც მომსახურების უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ და იმის საფასურის აღებაც უჭირთ, რასაც აკეთებენ.

სინამდვილეში, აღნიშნული გადაწყვეტილება ნამდვილად ვერ იმოქმედებს დადებითად ქვეყნის ხელისუფლების, როგორც ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების მოსურნე ტექნოკრატების იმიჯზე იმდენად, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილება უფრო მეტად ადმინისტრაციულ-მბრძანებლური (ანუ კომუნისტური) ეკონომიკის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებას ჰგავს.

თემის უპრეცედენტო აქტუალობიდან გამომდინარე, გამოჩნდებიან და გამოჩნდნენ კიდეც პოპულისტების მთელი წყება, რომლებიც არსებული სიტუაციიდან სხვადასხვა ტიპის “გონივრული გამოსავლების” ძებნას დაიწყებენ. უკვე ისმის ერთ-ერთი ასეთი “გამოსავალი”, რომელიც მთავრობის მხრიდან მართულ ბუნებრივ მონოპოლიას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში თუ, ზოგადად, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ არსებული სიტუაციიდან ეს ყველაზე ცუდი გამოსავალი იქნებოდა.

იმ დროს, როდესაც ბუნებრივი მონოპოლიის მფლობელობის სტატუსზე ვსაუბრობთ, უნდა შევაფასოთ სიტუაცია, თუ როგორ უყურებს ესა თუ ის მფლობელობა წარმოების დანახარჯებს. რეალურად, კერძო მფლობელობას მინიმალური დანახარჯების და აქედან გამომდინარე, მოგების წილის გაზრდის სურვილი აქვს და თუ ამას ვერ მოახერხებს და თავის მხრივ, მთავრობა მას ექსკლუზიურ პირობებს არ შეუქმნის (ანუ სრულიად თავისუფალი საბაზრო პირობები იქნება ქვეყანაში), მაშინ ფირმა ბაზარს დატოვებს და ადგილს სხვა ფირმას დაუთმობს. სახელმწიფო მფლობელობის, ან უარეს შემთხვევაში, სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ არსებული ფსევდო კერძო მფლობელობის შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა წარმოების დანახარჯების შემცირება, ანუ, თუ ბუნებრივ მონოპოლიას მმართველები ცუდად მართავენ, ამ დროს, ძირითადად, ხდება გადასახადების “დასაბუთებული” ზრდა. არსებულ ვითარებაში კი დაზარალებულები ისევ მომხმარებლები და, ზოგადად, გადასახადების გადამხდელები რჩებიან, ვინაიდან ბუნებრივი მონოპოლიების მმართველების მფარველი სახელმწიფო ბიუროკრატია ხდება.

ბუნებრივ მონოპოლიებთან მიმართებაში სახელმწიფოს საუკეთესო პოლიტიკა არაფრის კეთებაა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუ ბუნებრივი მონოპოლიის მმართველი არის კერძო ფირმა, სახელმწიფო არანაირად (არც ე.წ. “მარეგულირებლების” საშუალებით) არ უნდა ჩაერიოს აღნიშნულ ფირმასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში. სრულიად თავისუფალი ბაზრის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლების ინტერესთა ჯგუფები და ბუნებრივი მონოპოლიების მმართველები ურთიერთობას თვითონ უფრო ეფექტურად გაარკვევენ, ვიდრე სახელმწიფოს ჩარევის შემთხვევაში. სახელმწიფოს ჩარევა აუცილებლად დააზარალებს ერთ რომელიმე მხარეს და პრაქტიკიდან გამომდინარე (თუნდაც საქართველოს მაგალითი ავიღოთ), ეს “ერთი რომელიმე მხარე” საბოლოო ჯამში ყოველთვის მომხმარებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი