“სიმბოლური ლარით” თავის მოტყუება

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებული რეალური სავალუტო სტატუს ქვო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ “მოჩვენებითად მყარი” ლარის ვირტუალური გავლენის ქვეშ, ხოლო რეალურად კი უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულნი ვიქნებით.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებული რეალური სავალუტო სტატუს ქვო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ “მოჩვენებითად მყარი” ლარის ვირტუალური გავლენის ქვეშ, ხოლო რეალურად კი უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულნი ვიქნებით.

გვჭირდება თუ არა ეროვნული ვალუტა – ლარი, ან რა დოზით გვჭირდება ის – ეს არის თემა, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ არის აქტუალური საქართველოში, რომ ამ საკითხზე საუბარი ტაბუდადებული და “საშიშია”. არც თუ დიდი ხნის წინათ საქართველოში ეროვნული ვალუტის საჭიროების თემაზე მცირე დისკუსია, უფრო სწორად, კომენტარების გაცვლა მოხერხდა, თუმცა ამაზე წინ საქმე არ წასულა.

ეროვნული ვალუტის საჭიროების თემაზე მსჯელობისას, მეცნიერული დასაბუთებების გარდა (რომლებიც, როგორც წესი, არსებული რეალობიდან ხშირად შორს დგას), წმინდა პრაქტიკული ასპექტებიც უნდა მოვიშველიოთ. კერძოდ, შეგვიძლია დავასახელოთ რამოდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გვჭირდება ლარი, როგორც გაცვლის ერთადერთი საშუალება, ანუ რატომ გვჭირდება ოფიციალურ მიმოქცევაში დამატებით უცხოური ვალუტების – დოლარისა და ევროს შემოტანა.

მოსახლეობა “აზროვნებს” დოლარში

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ოდნავ მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების მოძრაობას (ყიდვას, გაყიდვას, ანაბარს) შეეხება, საკუთარ გადაწყვეტილებებს დოლარში ასახავს. შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება ვირტუალურად ან ფაქტობრივად ლარში განხორციელდეს, თუმცა მოსახლეობის აზროვნებაში ლარი დოლარის ექვივალენტს წარმოადგენს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლარი საქართველოს მოქალაქეებისათვის იმ უცხო ენას ჰგავს, რომელიც კარგად არ იცი და წინადადება რომ დააწყო, ჯერ მშობლიურ ენაზე უნდა მოიფიქრო, რისი თქმა გინდა და მხოლოდ ამის შემდგომ სცადო მისი გადათარგმნა უცხო ენაზე. “მშობლიური ენა” კი ამ შემთხვევაში დოლარია.

მოსახლეობა მომავალს დოლარს უკავშირებს

მოსახლეობის ფინანსური მომავლის დაგეგმვის ერთ-ერთი საშუალება ფულადი დანაზოგების არსებობაა. საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა (ამ შემთხვევაში იგულისხმება მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც საერთოდ ახერხებენ დანაზოგების გაკეთებას) დანაზოგებს უცხოურ ვალუტაში, დოლარში ან ევროში ათავსებს. საბანკო ანაბრების გარდა არსებული მცირე დანაზოგები კი, რომლებსაც მოსახლეობა, შესაძლებელია, სახლში ინახავდეს, ძირითადად, ასევე, უცხოურ ვალუტაში გამოიხატება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყოველივე  იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ეროვნული ვალუტის – ლარის სტაბილური მომავლის იმედი.

საქართვეოლოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის II კვარტალში მთლიან დეპოზიტებში უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების წილი 71.7 პროცენტს შეადგენს.

საშუალო და მსხვილი პროექტები ლარს “არ საჭიროებს”

ლარში განთავსებული ანაბრების აბსოლუტური უმრავლესობიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ საბანკო სექტორს, თავის მხრივ, საკმაოდ შეზღუდული აქვს რესურსი იმისათვის, რათა გასცეს კრედიტები ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, კრედიტების აბსოლუტური უმრავლესობა დოლარში, ან ცალკეულ შემთხვევებში, ევროში გაიცემა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2010 წლის II კვარტლის მდგომარეობით, გამომდინარე შიდა ბაზრის სტრუქტურიდან, სესხები უცხოურ ვალუტაში ორჯერ და უფრო მეტად აღემატება ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებულ სესხებს.

რამოდენიმე თვის წინ საქართველოს ცალკეული ბანკების  მიერ ფართოდ იყო რეკლამირებული ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემის თემა. თუმცა აღნიშნულ ინიციატივას საფუძველშივე არ ჰქონდა დიდი მომავალი ისევ რესურსების არასებობის გამო და შესაბამისად, სწრაფად შეწყდა რეკლამები, ისევე როგორც სწრაფად შემცირდა ლარში სესხების გაცემის რაოდენობა. რეალურად, საქართველოს ნებისმიერ ბანკში ვიზიტის და ლარში სესხის მოთხოვნის შემთხვევაში, აუცილებლად მიგანიშნებენ ამ სურვილის “სირთულეზე” და შემოგთავაზებენ უცხოურ ვალუტას, უპირატესად დოლარს “შესანიშნავი პირობებით”.

მოსახლეობა გადაწყვეტილებებს დოლარში იღებს

ქართულ ბაზარზე ნაკლებად კვალიფიციური კვლევის ჩატარების შემთხვევაშიც კი, მარტივი აღმოსაჩენია, რომ ეროვნული ვალუტის – ლარის ფაქტობრივი მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ შეზღუდული სფეროთი შემოიფარგლება. კერძოდ, ლარის საშუალებით გარიგებები ქართულ ბაზარზე მხოლოდ ორ ძირითად შემთხვევაშია შესაძლებელი:

1.            ქვეყნის შიდა ბაზრის გარკვეული ნაწილში – პროდუქტები, ტრანსპორტი, საყოფაცხოვრებო ინვენტარის ნაწილი, ტანსაცმელი –  გარიგებები ლარში ხორციელდება.

2.            სახელმწიფო და სხვა უალტერნატივო გადასახდელების ნაწილში – გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში, სწავლის გადასახადი, კომუნალური გადასახადები და ა.შ. ლარი “იძულებითი” გადასახდელი ვალუტაა, რადგან გამორიცხულია, მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტში სხვა ვალუტით გადასახადების გადარიცხვა, ისევე როგორც სხვა ვალუტით შეუძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა და ა.შ.

ქართულ ბაზარზე მეტ-ნაკლებად ცნობილი მსხვილი გარიგებები სწორედ დოლარში ან მცირე გამონაკლისების შემთხვევაში, ევროში მიიღება. დასახელებულ თეორიას ყველაზე მეტად ამყარებს უძრავი ქონებისა და ავტომობილების ბაზარზე არსებული ვითარება. ორივე ამ სფეროში გარიგებების სრული უმრავლესობა სწორედ უცხოურ ვალუტაში ხორციელდება. ზემოთხსენებული ფაქტის გასამყარებლად შეგვიძლია გავეცნოთ უძრავი ქონების სააგენტოების ან ავტომობილების ბიზნესის მფლობელთა მიერ შექმნილ ვებ-გვერდებს, სადაც გარიგების ფასები უცხოურ ვალუტაში ღიად არის მითითებული.

საქართველოს კანონმდებლობა გარიგებებში გამოყენებად საშუალებად ეროვნულ ვალუტას აღიარებს, ფაქტობრივი გარიგებების პირობებში კი ადამიანები რეალურად დოლარს ან ევროს იყენებენ, ხოლო ნოტარიუსისა თუ საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ სხვადასხვა ტიპის ოფიციალურ ხელშეკრულებებში გარიგების საშუალებად ლარი ფორმალურად ფიქსირდება. გამომდინარე აღნიშნულიდან, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლარის “ფურცელზე” გამოყენებით მოსახლეობა “ატყუებს” სახელმწიფოს, სახელმწიფო კი თავს იტყუებს, რომ ნებისმიერი გარიგება ქვეყანაში ლარში ხორციელდება.

სინამდვილეში, დღევანდელ ვითარებაში არა გამოსავლის ძიება, არამედ არსებული რეალობის დაფიქსირებაა საჭირო. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფომ ქვეყანაში ოფიციალური გაცვლის საშუალებად უნდა დაუშვას და აღიაროს ლართან ერთად დოლარი და ევრო. აღნიშნულ მოსაზრებას ბევრი კრიტიკოსი ეყოლება უამრავი თეორიული დასაბუთებებით, თუმცა არ არის საჭირო თეორიების ტყვეობაში ცხოვრება, უფრო მეტად საჭიროა არსებული რეალობის აღიარება. ფაქტობრივად, საქართველოში დე-ფაქტოდ აღიარებულია დოლარისა და ევროს მიმოქცევა. სინამდვილეში, ვერავინ, პრაქტიკული ანალიზის საფუძველზე, ვერ დაასაბუთებს იმას, თუ რატომ არის ლეგალურად დაშვებული და შესაძლებელი საქართველოში დოლარში ან ევროში სესხის გაცემა და რატომაა აკრძალული ამავე ვალუტებში სხვადასხვა ტიპის გარიგებების განხორციელება (ქონების შეძენა და ა.შ.).

ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებული რეალური სავალუტო სტატუს ქვო, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ “მოჩვენებითად მყარი” ლარის ვირტუალური გავლენის ქვეშ, ხოლო რეალურად კი უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულნი ვიქნებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი აბაშიშვილი