ბიზნესი მცირე ბიზნესის გარეშე

ახალ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით   საგადასახადო სისტემა ახლად დაარსებულ, ან უკვე არსებულ მცირე კომპანიებს მნიშვნელოვნად უკლავს განვითარების სტიმულს და მოსალოდნელი წარმატებისათვის ”ჯარიმას” ახდევინებს.

მშრალ ხიდი. თბილისი. ფოტო: გვანცა კორძახია
მშრალ ხიდი. თბილისი. ფოტო: გვანცა კორძახია

ახალ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით   საგადასახადო სისტემა ახლად დაარსებულ, ან უკვე არსებულ მცირე კომპანიებს მნიშვნელოვნად უკლავს განვითარების სტიმულს და მოსალოდნელი წარმატებისათვის ჯარიმას ახდევინებს.

2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი საგადასახადო კოდექსში  დამტკიცებას დამტკიცებას თან ახლდა  ერთი “მოულოდნელად” შემოთავაზებული სიურპრიზი მთავრობის მხრიდან: აღნიშნული კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტით, მცირე მეწარმეებად განსაზღვრულნი იყვნენ ის სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა 200 000 ლარს არ აღემატება. თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა,  მცირე მეწარმეებად  კვლავ ისინი ჩაითვლებიან, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 000 ლარს არ აღემატება. სწორედ ეს არის ის ცვლილება, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ არა ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, არამედ სოციალური დახმარების ახალი მიმართულება.

100 000 ლარი წლის განმავლობაში არის ის თანხა, რა ბრუნვაც აქვს თითქმის ნებისმიერ მცირე მაღაზიას, ე.წ. ბაზრობებზე მდგომ მოვაჭრეებს და ა.შ. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, წლის განმავლობაში საწარმოთა ბრუნვა 100 000 ლარამდე ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ საწარმოებს თვეში აქვთ 8300 ლარზე ოდნავ მეტი შემოსავალი, ხოლო დღის განმავლობაში აღნიშნული შემოსავალი 280 ლარსაც ვერ აღწევს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ აქ საუბარია ბრუნვაზე და არა მოგებაზე. თუ მცირე საწარმოდ მივიჩნევთ “უბნის მაღაზიებს”, რომლებსაც ნორმალურ პირობებში, სპეკულაციური ზემოგებების გარეშე მიღებული შემოსავლების დაახლოებით ათი პროცენტი რჩებათ, აღმოვაჩენთ, რომ დასახელებული 280 ლარიდან მათ საშუალოდ 28 ლარი დარჩებათ. ამას კვლავ აკლდება მაღაზიის პერსონალის ხარჯი, კომუნალური გადასახადები და ა.შ. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ რეალურად მცირე საწარმო არსებობდეს და მისი ბრუნვა მინიმუმ 100 000 ლარს არ აჭარბებდეს. გამომდინარე აღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში იმ ფორმულირებით, რასაც ახალი საგადასახადო კოდექსი გვთავაზობს, რეალური მცირე ბიზნესი არ იარსებებს. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. მცირე ბიზნესის მიმართ აღნიშნულ დამოკიდებულებას უფრო სოციალური პროგრამა შეიძლება დაერქვას, ვიდრე ბიზნესის ხელშეწყობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული “შეღავათი” სამომავლოდ არანაირი ფისკალური ეფექტის მატარებელი არ იქნება.

დასახელებული შეღავათი ე.წ. უმუშევრობის დაზღვევას უფრო ჰგავს, ოღონდ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შემოსულ თანხებს კი არ აძლევს დაუსაქმებელ მოქალაქეებს, არამედ ეუბნება, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული საქმიანობა აწარმოონ და სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის არაფერი გადაიხადონ.

ამასთან, დასახელებული შეღავათების შედეგად შესაძლებელია ერთ დამატებით პრობლემას წავაწყდეთ. თუნდაც ე.წ. მცირე ფირმა, რომელიც 100 000 ლარს მიაღწევს,  ან უკვე მიღწეული აქვს, სამართლებრივად გაიყოფა ორ ფირმად და აჩვენებს, რომ თითოეულის შემოსავალი არ აღემატება დასახელებულ თანხას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო მოქმედ კომპანიებს აჩვენებს გზას, თუ როგორ უნდა მოატყუონ ისევ სახელმწიფო. აღნიშნულ ლოგიკას აუცილებლად ეყოლება შემომდავებელი და იტყვის, რომ მკაცრი ადმინისტრირების პირობებში მსგავსი შემთხვევები გამორიცხულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ე.წ. მკაცრი ადმინისტრირება და ზედმეტად მონდომებული “ადმინისტრატორები” ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები არიან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებები არა ზემოთ აღნიშნული “სოციალური დახმარებაა”, არამედ მართლაც რეალურად მიმართულია მცირე ბიზნესის განვითარებაზე, მაინც უამრავ საკამათო საკითხს აღმოვაჩენთ. კერძოდ, დავიწყოთ აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზნის განსაზღვრიდან: ჩვენ გვინდა, რომ მცირე ბიზნესი მუდმივად დარჩეს “მცირე ბიზნესად”,  თუ ჩვენი ნაბიჯები იმისკენ არის მიმართული, რათა ხელი შევუწყოთ დასახელებული მცირე ბიზნესის ზრდასა და განვითარებას?

 თუ  ახალი საგადასახადო კოდექსის მიზანია, რომ   კოდექსის მიხედვით განმარტებული “მცირე ბიზნესის” მუდმივად დარჩეს მცირე ბიზნესად,  ეს საოცრად არასწორი, გაუაზრებელი და ეკონომიკური პოლიტიკის ცოდნას მოკლებული ნაბიჯებია.  მაგრამ თუ საქართველოს ეკონომიკური  პოლიტიკა მცირე ბიზნესის ზრდა და ამ ზრდის პარალელურად ახალი მცირე ბიზნეს სუბიექტების გაჩენის ხელშეწყობაა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ამ პოლიტიკის საპირისპირო ეფექტის მატარებელია. საპირისპირო ეფექტი კი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ დასახელებულ მცირე საწარმოებს მათ მიერ მოპოვებული წარმატებისათვის ძალიან სწრაფად “ვსჯით”. კერძოდ, ახალ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით საგადასახადო სისტემა ახლად დაარსებულ, ან უკვე არსებულ მცირე კომპანიებს მნიშვნელოვნად უკლავს განვითარების სტიმულს და მოსალოდნელი წარმატებისათვის ჯარიმას ახდევინებს. აქ იგულისხმება ის, რომ როგორც კი მცირე ბიზნეს სუბიექტი დასახელებულ 100 000 ლარიან ბრუნვის ზღვარს გადაცდება, უკვე განსხვავებული სისტემით, ანუ უფრო მეტი გადასახადებით დაიბეგრება.

უკიდურეს შემთხვევაში, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის ბარომეტრად მართლაც 100 000-იანი ბრუნვის ზღვარს ავიღებდით, მაშინ უმჯობესი იქნებოდა, შემდგომი ნაბიჯი რეგრესული  (როცა შემოსავლების ზრდასთან ერთად გადასახადი მცირდება) გადასახადების შემოღება ყოფილიყო.

სამწუხაროდ, ახალ საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილ ცვლილებებს რადიკალურ საგადასახადო რეფორმას ვერ ვუწოდებთ. გასაგებია, რომ რადიკალური რეფორმების განხორციელება არაპოპულარულია და უფრო მეტ გამბედავ ნაბიჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს პერიოდი, როდესაც “არჩევნებამდე შორია”, ხოლო ძალაუფლებას ერთი სახელისუფლებო გუნდი ფლობს, საგადასახადო სისტემის ძირეული ლიბერალური რეფორმისათვის საუკეთესო დროა.

ბიზნესი სტაბილურად და თავისუფლად განვითარდება მაშინ, როდესაც იქნება  რეალურად ლიბერალური და იმდენად მარტივი საგადასახადო კოდექსი, რომ ის თავისუფლად გასაგები გახდება ნებისმიერი კომპანიის ბუღალტერისათვის. როდესაც კოდექსში “სამართლებრივი მოტყუების” ელემენტები არ იქნება დაფიქსირებული და იგი არ იქნება დატვირთული ისეთი ტიპის “სოციალური ორიენტირებით”,  რომელთა ეფექტი ნულოვანია  და რომლებიც მეწარმე სუბიექტებს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი აბაშიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის დოქტორანტი