ეკონომიკა

ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა

31 ივლისი, 2023 • 3072
ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა 28 ივლისის ნაცვლად 20 სექტემბრამდე გადაიდო.

მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის. კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთებისთვის კანდიდატებს 2023 წლის 19 ივნისამდე ჰქონდათ ვადა.

კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა 28 ივლისი იყო, თუმცა, ბოლო ცვლილებების მიხედვით, 20 სექტემბრამდე გადაიწია.

შეტყობინების ვადა გულისხმობს, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო თითოეულ კანდიდატს აცნობებს, გადალახა თუ არა საკვალიფიკაციო ეტაპი და დადებითი პასუხის შემთხვევაში წინადადების წარდგენას სთხოვს.

30 ივნისს, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას სახელმწიფო წელს დაიწყებს, პარალელურად კი გააგრძელებს მუშაობას ინვესტორებთან. მისივე ინფორმაციით, ანაკლიის პორტზე „სერიოზულმა ინვესტორმა“ გამოთქვა ინტერესი, რომელსაც ვერ დაასახელებს.

ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე „სერიოზულმა ინვესტორმა“ გამოთქვა ინტერესი

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი