ეკონომიკა

აშშ და საქართველოს პოლიტიკა მაგისტრალურ გაზსადენზე

8 ივლისი, 2010 • 3100
აშშ და საქართველოს პოლიტიკა მაგისტრალურ გაზსადენზე

საქართველო აპირებს იმ ობიექტების სიიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, ამოიღოს მაგისტრალური გაზსადენი, რომლის რეაბილიტაციაზეც აშშ-მ 35 მილიონი დოლარი დახარჯა. კანონპროექტი  პარლამენტმა  6 ივლისს, ჰილარი კლინტონის ვიზიტის მეორე დღეს, პირველი მოსმენით მიიღო. გაზსადენის  რეაბილიტაციის კონტრაქტით, ობიექტის გასხვისება 2011 წლამდე ნებადართული არ არის.

მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნამ, შესაძლებელია, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი მიაყენოს და საქართველოს მოკავშირე ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების გაღიზიანება გამოიწვიოს.  ექსპერტები ამბობენ, რომ, თუ გაზსადენი რუსეთმა შეისყიდა, არ არის გამორიცხული, მაგისტრალის დაცვის მოტივით, რუსეთმა საქართველოში შეიარაღებული ძალების მსგავსი სტუქტურები შემოიყვანოს.

თუკი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს, პარლამენტში მესამე მოსმენითაც გავიდა, სახელმწიფოს სამართლებრივი უფლება ექნება, გაზსადენის 100%-ვე  გაასხვისოს.

კანონში ცვლილებების ინიციატორები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე პავლე კუბლაშვილი და მისი მოადგილე ლაშა თოლორდავა არიან.  გადაწყვეტილების სახელისუფლებო არგუმენტი ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკაა.

“მთავარი პრინციპი არის ის, რომ კერძო სექტორს უკეთ შეუძლია ამგვარი ობიექტების მართვა, ვიდრე სახელმწიფოს,“ – განაცხადა დეპუტატმა ლაშა თორდიამ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რეზო საყევარიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების არგუმენტი, კერძო კომპანიის მიერ სამეურნეო საქმიანობის უკეთ განხორციელების თაობაზე, შესაძლებელია გამართლებულად მივიჩნიოთ, ოღონდ არა ამ შემთხვევაში, როცა გაზსადენის რეალური მფლობელი შესაძლოა ოკუპანტი ქვეყანა გახდეს.

მას შემდეგ, რაც ინიციატივის განხილვას პარლამენტში აზრთა სხვადსხვაობა მოჰყვა, ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო მაგისტრალური გაზსადენის საკონტროლო პაკეტს არ გაყიდის. თუმცა ხელისუფლება არ დაეთანხმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შეთავაზებას, კანონში იმ პუნქტის შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც 49%-ზე მეტი აქციის გაყიდვაზე შეზღუდვას დააწესებს.

,,როდესაც არსებობს პოლიტიკური სუბიექტებისგან და საზოგადოებისგან მოთხოვნა, რომ კანონში ეს იყოს ფიქსირებული, არაფერი არ უნდა უშლიდეს ხელს მის გაფორმებას. ეს რომ არ ხდება, სწორედ ამიტომაა საეჭვო  ის გაცხადებული მიზანი, რაც არის ხელისუფლებიდან წამოსული”, – ამბობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რეზო საყევარიშვილი.

”გაცხადებულ მიზანში” საყევარიშვილი გულისხმობს პრემიერ–მინისტრ  ნიკა გილაურის მიერ 2 ივლისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც,  მთავრობა გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას არ აპირებს.

რუსეთი მაგისტრალური გაზსადენის ყიდვით ჯერ კიდევ 2005 წელს იყო დაინტერესებული. რუსული კომპანია ,,გაზპრომი”  ღიად გამოთქვამდა მისი შეძენის სურვილს. თუმცა, მაშინ საქართველო-ამერიკას შორის “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ (MCC) ფარგლებში დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ამ გაზსადენის რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად, იმ პირობით, რომ პროექტის დასრულებამდე საქართველო ობიექტს არ გაასხვისებდა.

ამერიკის პოზიციით, საქართველოს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა მაგისტრალის პრივატიზების დროს, რადგან  გასხვისების შემთხვევაში,  საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მოსკოვზე გაიზრდებოდა. ამიტომ ამერიკამ პროექტისათვის 35 მილიონი დოლარი გამოყო. შედეგად, საქართველო იმ მიზეზით, რომ მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის ფული არ ჰქონდა, მას ვეღარ გაასხვისებდა.

არჩილ გეგეშიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ფიქრობს, რომ ამერიკას აუცილებლად ექნება რეაქცია, თუკი საქართველო გაზსადენის გაყიდვას დააპირებს.

მაგისტრალური გაზსადენით რუსეთიდან შემომავალი გაზი საქართველოს გავლით სომხეთში გადის. საქართველო ტრანზიტის საფასურს, გატარებული გაზის 10% -ს იღებს. ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ ლიანა ჯერვალიძის თქმით,  ეს საქართველოს მიერ მოხმარებული გაზის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით  8 %-ია.  

საყევარიშვილი ამბობს, რომ, თუკი საქართველო მომავალში გაზის რუსეთიდან შესყიდვას გადაწყვეტს, მისი მოწოდება  ამ მილსადენის გამოყენებით მოხდება.  ,,გაზპრომის” საფასო პოლიტიკის თანახმად, ყველაზე ძვირად გაზს მისგან სწორედ საქართველო ყიდულობს. ,,როცა სხვა ქვეყნებისათვის გაზის საფასური 180-240 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ,,გაზპრომი” ღიად აცხადებს, რომ საქართველოსათვის ბუნებრივი აირის საფასური 270 დოლარი იქნება”, – განმარტავს საყევარიშვილი.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ მაგისტრალის შეძენა ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძის გაძლიერებას გამოიწვევს. ჯერვალიძის თქმით, რუსეთი ამ მილსადენით სამხრეთ პარტნიორებისაგან (ირანი, სომხეთი) მოწყვეტილია. მისი განმარტებით, თუ საქართველო აქციების საკონტროლო პაკეტს არ დაიტოვებს და გაზსადენის მყიდველიც რუსეთი აღმოჩნდება, მაშინ ჩრილოეთ-სამხრეთის ღერძი აღდგება, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი პირდაპირ დაუკავშირდება სომხეთსა და ირანს.

ამ შესაძლო სცენარის განხორციელებას ნაკლები შანსი ექნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მაგისტრალის საკონტროლო პაკეტს არ გაყიდის – ვარაუდობს ექსპერტი.

,,თუ გაიყიდება, ალბათ, ამის მყიდველი რუსეთი იქნება. იმიტომ, რომ სხვა მყიდველი ამ გაზსადენს არა ყავს. რუსეთი კიდევ ერთ და, ალბათ, ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ ობიექტს დაეპატრონება საქართველოში.  საერთო ჯამში რუსეთმა შეიძლება მიიღოს ის კრიტიკული მასა ეკონომიკურ ობიექტებზე კონტროლისა, რაც შემდგომ, შესაძლოა, უკვე პოლიტიკურ ბერკეტში გადაიზარდოს ”,-  განმარტავს არჩილ გეგეშიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

რა შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ბერკეტი? საყევარიშვილის თქმით, რუსეთის დუმას უკვე მიღებული აქვს (პრეზიდენტის ხელმოწერით) კანონად ქცეული ნორმა, რომლის თანახმად, რუსეთი იტოვებს უფლებას, მეზობელ სახელმწიფოებში გარკვეული ქმედებები განახორციელოს, საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის არგუმენტით:  ,,ამიტომ მას თავისუფლად შეუძლია, გაზსადენის დაცვის მოტივით, საქართველოში შეიარაღებული ძალების მსგავსი სტრუქტურები ჩააყენოს. რეალურად ეს ქვეყნისათვის საფრთხეა”.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, მაგისტრალის 49%-ზე ნაკლების გაყიდვის შემთხვევაში, გარკვეულ პოზიტიურ მოვლენებსაც ხედავს. ლიანა ჯერვალიძის აზრით, აქციათა ნაწილის შეძენის მოტივი კომპანიისათვის შესაძლებელია მილსადენის მეტად დატვირთვა იყოს,  რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს შეიძლება მეტი შემოსავალი მისცეს.

კანონპროქტი, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების ნებართვას იძლევა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 6 ივლისს  პირველი მოსმენით მიიღეს. “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა 5–ის წინააღმდეგ 88 ხმით მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი