ეკონომიკა

რუსეთის საგარეოში „არ გამორიცხეს“ თბილისთან ფრენების აღდგენა – ТАСС

11 დეკემბერი, 2022 • 2026
რუსეთის საგარეოში „არ გამორიცხეს“ თბილისთან ფრენების აღდგენა – ТАСС

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალების, „ტასის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „არ გამორიცხეს“ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა:

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, – თუკი ამისათვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება, – და თბილისში კარგად იცნობენ ამ პირობებს, – ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას“.

მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორნიშნა რიცხვებამდე გაიზარდა ძირითადად რუსეთიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების, რუსეთიდან გზავნილებისა და ვაჭრობის წყალობით“.


ამჟამად ფრენა თბილისსა და მოსკოვს შორის ერევნის გავლითაა შესაძლებელი.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა, – 20-21 ივნისის დემონსტრაციების შემდეგ.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს კი თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები.


ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა რუსულ მედიაში თბილისთან ფრენების აღდგენაზე იყო საუბარი, 2022 წლის მაისში იყო, რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ საკითხზე იმუშავებდა.

ამაზე პასუხად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ BMG-სთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციით, ეს საკითხი მაშინ განხილვის საგანი არ უნდა ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი