ეკონომიკა

საქართველოში კაცი მენეჯერების საშუალო ხელფასი 2768 ლარია, ქალი მენეჯერების – 1863

31 ოქტომბერი, 2022 • 2045
საქართველოში კაცი მენეჯერების საშუალო ხელფასი 2768 ლარია, ქალი მენეჯერების – 1863

2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა  მენეჯერების პოზიციაზე და 2414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა დაფიქსირდა არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე (674.1 ლარი).

შესაბამის ცნობას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით.

სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი – 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული პოზიციებისა და სქესის მიხედვით.

სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 16142.8 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.0% შრომის ანაზღაურებაზე მოდის, ხოლო 3.0% – სხვა დანახარჯებზე (თანამშრომლების სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მსგავსი სახის ღონისძიებები).

2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები საშუალოდ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 32.3%-ით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სექტორების მიხედვით, სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში ფიქსირდება და 29 201.0 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი – განათლების სფეროში გამოვლინდა და 10 152.9 ლარით განისაზღვრა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულ მუშაკზე.

სახელმწიფო სექტორში სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯები 19.8%-ით დაბალია არასახელმწიფოსთან შედარებით და, შესაბამისად, 13 932.2 და 17 372.0 ლარს შეადგენს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამუშაო ძალაზე გაწეული ხარჯების განაწილება სექტორების მიხედვით:

მასალების გადაბეჭდვის წესი