ეკონომიკა

თბილისის ახალი ბიზნეს ცენტრი რკინიგზის ნაცვლად

23 აპრილი, 2010 • 1768
თბილისის ახალი ბიზნეს ცენტრი რკინიგზის ნაცვლად

შემოვლითი რკინიგზის აშენების შემდეგ ”დიდუბესა” და ”ნავთლუღს” შორის  ახალი ბიზნეს ცენტრი აშენდება. გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საუკუნოვანი დაბინძურების მატარებელ ტერიტორიაზე, ეკოლოგიური შესაწავლის გარეშე, ურბანული ცენტრის აშენება დაუშვებელია.

 თბილისის მერიის ვებგვერდზე წერია, რომ სარკინიგზო ხაზის თბილისის ზღვასთან გადატანით, შესაძლებელი გახდება ”რკინიგზით ხელოვნურად გაყოფილი ქალაქის გაერთიანება. გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი „ბიზნეს სითი“‒ს გაშენება.”

შეიქმნება ტერიტორიის განვითარების გეგმა და ”ხელოვნურად გაყოფილი დედაქალაქი გაერთიანდება. ”ელია,” ”ჩუღურეთი,” ”კუკია” პირდაპირ დაუკავშირდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს. ინვესტიციების მოზიდვით შეიქმნება 21‒ე საუკუნის ქალაქის მრავალფუნქციური საზოგადოებრივ – საქმიანი სივრცე. გადაწყდება ეკოლოგიური პრობლემები, შეიქმნება სამუშაო ადგილები”- აცხადებს თბილისის მერია.

 მერიის განცხადებით, პროექტი შესწავლილია: Booz&Co, Colliers CRE &Locun Consulting-ის მიერ. თუმცა, ჯერ არ აქვს ამ ტერიტორიის განვითარების გეგმა.

”ევროკავშირის Neighbourhood Investment Facility (NIF) გრანტით რამოდენიმე კვირაში დაიწყება გამოსათავისუფლებელი მიწის დაბინძურების შესწავლა. პროცეში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი გერმანული გარემოსდაცვითი კომპანია ERM. ზემოთხსენებული გრანტი ასევე დააფინანსებს შემდგომში გამოთავისუფლებული ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავებას, –  აცხადებს მერიის პრესსამსახური. 

თბილისის მერია გამოაცხადებს საერთაშორისო ტენდერს. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დავალების წერა, რაშიც ჩართული არიან როგორც, ”საქართველოს რკინიგზა” და თბილისის მერია, ასევე, ბრიტანული კომპანია PlaceFirst, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

 გამოსათავისუფლებელი ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების შემდეგ დაიწყება ტერიტორიის განვითარება. ტერიტორიის განვითარების დაწყებამდე საჭიროა რკინიგზის გადატანა, რაც 3 წელს მოითხოვს.

”საქართველოს რკინიგზის” დაკვეთით შესრულებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში წერია, რომ ”დიდუბესა” და ”ვაგზლის მოედანს” შორის 73,2 ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზე ურბანული ინფრასტრუქტურა აშენდება.

 ”ცენტრალურ გაგზალსა” და ”ნავთლუღს” შორის დარჩენილი 36 ჰექტრის ფართობს მუნიციპალიტეტი გამოიყენებს საქალაქო სატრანსპორტო დერეფნად, რომელიც დედაქალაქში მოძრაობას განტვირთავს.

 ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე, ამბობს, რომ ”დიდუბისა” და ”ნავთლუღის სადგურებს” შორის ტერიტორია არის ისტორიული დაბინძურების მატარებელი და ბუნებრივ და სოცილურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში არ არის დათვლილი დაბინძურების მაჩვენებელი. ასევე გაურკვეველია რის აშენებას აპირებენ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე.” 

 ”ამ ტერიტორიაზე ურბანული ტიპის დასახლების გაშენება დაუშვებელია. დაბინძურებული გარემო აუცილებლად მოახდენს გავლენას იქ მაცხოვრებლებსა და დასაქმებულებზე,”- აცხადებს ჩხობაძე.

 გზშ-ში ნათქვამია, რომ ეს ტერიტორია არის დაბინძურებული. (ამონარიდი გზშ-დან) ”მწვანეთა მოძრაობის” გაცხადებით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ გზშ-ში დეტალურად არ არის გაწერილი ნარჩენების მართვის მექანიზმები.

 ერთ-ერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ნარჩენების მართვას ეხება, არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილის 2003 წლის 24 თებერვლის ბრძანება:

”საყოფაცხოვრებო გადანაყრების გასაუვნებელი პოლიგონები უზრუნველყოფენ ნარჩენების იზოლაციასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საიმედო მდგომარეობას.”

”მსგ (მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების) პოლიგონები ღებულობენ ნაგავს საცხოვრებელი სახლებიდან, საზოგადოებრივი შენობებიდან და დაწესებულებებიდან, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, ქუჩიდან, ბაღებიდან და პარკებიდან. ასევე სამშენებლო ნაგავსა და ზოგიერთი სახის მყარ ინერტულ სამრეწველო გადანაყარს, რომელთაც არ გააჩნიათ ტოქსიური ან რადიაქტიური თვისებები. ასეთი გადანაყრების სია უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან,”- ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

 ”საქართველოს კანონში გარემოს დაცვის შესახებ,” მითითებულია მყარი ნაჩენების მდგრადი მართვის პრინციპები. კანონის მეცხრე თავის 34-ე მუხლის მიხედვით:

”საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების შემცირება, გაუვნებელყოფა, უტილიზაცია, განთავსება და დამარხვა გარემოს დაცვის, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.”

 ასევე, ”საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების განთავსება და დამარხვა ნებადართულია სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში გარემოს დაცვის, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.”

 რაც შეეხება უშუალოდ, ქართულ კანონმდებლობას ნარჩენების მართვის შესახებ, იგი ჯერ კიდევ იქმნება და სამართლებრივი ძალა არ აქვს.

გზშ-ში რეკომენდაციის სახით არის ნათქვამი, რომ ”სასურველია სახელმძღვანელოდ ევროკავშირის დირექტივებისა და საუკეთესო საერთაშორისო პტაქტიკის გამოყენება.

რკინიგზის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენები (აზბესტი, ნეონის ნათურები) ინფრასტრუქტურის დემონტაჟის დაწყებამდე უნდა გაიტანონ ან იქვე გაანადგურონ.

თუმცა, გზშ-ში ზუსტად არ არის ნათქვამი როგორი ტიპის ნარჩენებზეა საუბარი:

”ჯერ კიდევ არ არის ზუსტად ცნობილი რკინიგზის რომელი ობიექტები დაექვემდებარება  დემონტაჟს. აქედან გამომდინარე განხილულია იმ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, რომლებიც შესაძლოა არსებობდნენ ამ ტერიტორიებზე.”

 მათი განცხადებით, ამ პროექტით ირღვევა ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი. დიდუბისა და ნავთლუღის სადგურებს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაშლისა და გაყიდვის შემდეგ დასავლეთიდან მომავალი მგზავრი ნავთლუღამდე ტრანსპორტის გამოუცვლელად ვერ ჩაღწევს, რადგან ბოლო გაჩერება სადგურ ”დიდუბეში” იქნება. ამის გამო შესაძლოა მგზავრების რაოდენობამ იკლოს, რაც მწვანეთა მოძრაობის თქმით ბსგზშ-ში უნდა ყოფილიყო მითითებული.

 შემოვლითი რკინიგზა ზაჰესიდან იწყება და ლილოს დასახლებასთან მთავრდება. სარკინიგზო ხაზი 29 კმ-ის სიგრძის იქნება და მშენებლობის დასრულების შემდეგ (2013 წელს) სარკინიგზო ხაზზე 7 სადგური იქნება. თბილისში შემომავალ მატარებლებს მიიღებენ დიდუბისა (დასავლეთიდან მომავალი მატარებლებისთვის) და ნავთლუღის (აღმოსავლეთიდან) სადგურები. ხოლო მატარებლები, რომლებსაც თბილისში საქმე არ ექნებათ შემოვლითი რკინიგზით გააგრძელებენ მოძრაობას.

 შპს ”საქართველოს რკინიგზამ” 2010 წლის 17 მარტს უკვე გააფორმა სასესხო ხელშეკრულება კომერციულ სესხზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), და მაისში მოსალოდნელია ასევე კომერციული სესხის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB).

 დემონტაჟისთვის საჭირო იქნება 6 თვე. აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვის შემდეგ ”საქათველოს რკინიგზა” აღებული კრედიტის დასაფარად გამოიყენებს.

რკინიგზის შემოვლითი პროექტის განხორციელება 3 წელიწადში უნდა დასრულდეს,   გამოთავისუფლებული ტერიტორიის მრავალმხრივი განვითარება 5 -10 წელიწადში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი