Interviewsეკონომიკა

მომსახურების სექტორში ხელფასები მოიმატებს — აკაკი ცომაია კადრების დეფიციტზე

27 ივლისი, 2022 • 2625
მომსახურების სექტორში ხელფასები მოიმატებს — აკაკი ცომაია კადრების დეფიციტზე

ბოლო პერიოდში მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიები კადრების დეფიციტს უჩივიან. რა არის ამის მიზეზი? რა განაპირობებს არსებულ ვითარებას? როგორ გამოსწორდება ვითარება?

„ნეტგაზეთს“ ამ საკითხებზე ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია, „საქართველოს უნივერსიტეტის“ ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ბატონო აკაკი, მომსახურების სექტორი ბოლო რამდენიმე კვირაა, მასობრივად უჩივის კადრების, – და არამხოლოდ კვალიფიციური კადრების, – დეფიციტს. თქვენი აზრით, რით არის ეს დეფიციტი გამოწვეული?

ამაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება.

როგორც ჩანს, მოთხოვნა სამუშაო ძალაზე გაიზარდა. ეს, სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე მოხდა, რაც გულისხმობს მოულოდნელად მეტი ტურისტის მიღების საჭიროებას ქვეყანაში. როგორც ჩანს, ფირმებს მომსახურების სექტორში სჭირდებათ დამატებითი ოფისების გახსნა და საჭიროებენ დამატებით მუშახელს, რის გამოც გამწვავდა დეფიციტის პრობლემა, რომელიც, როგორც ჩანს, იქმნება უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

რაც შეეხება სამუშაო ძალის მიწოდების შემცირებას, რაც წარმოქმნის ამ დეფიციტს, სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ სამუშაო ძალა დღეს გლობალურ ეკონომიკაში გახდა რესურსი, რომელიც იყიდება, ქირავდება საერთაშორისო ბაზარზე. ვგულისხმობ იმას, რომ:

  • საქართველოდანაც შესაძლებელია საზღვარგარეთ მომსახურების გაწევა და გარკვეულ სექტორებში არის მოთხოვნა საზღვარგარეთ;
  • ფართო შესაძლებლობებია გაზრდილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმების და მიგრაციის მაჩვენებელიც, გადინებაც ძალიან მაღალია.

შეიძლება თუ არა, მომსახურების სექტორში სამუშაო ძალის მიწოდების შემცირებაზე გავლენა ჰქონოდა ე.წ გიგ-ეკონომიკაში, – მაგალითად, საკურიერო მომსახურების კომპანიებში, როგორიცაა „გლოვო“ და „ვოლტი“, – ადამიანების დასაქმებას?

დიახ, ალბათ ესეც არის ფაქტორი, მაგრამ, ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ სარესტორნო მომსახურება ამით არ მცირდება. სწორედ სარესტორნო მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება,  ანუ უფრო მეტი კლიენტი ჰყავთ, მეტი გაყიდვები უფიქსირდებათ და, აქედან გამომდინარე, მეტი რაოდენობის ადამიანი სჭირდებათ.

სხვა რა ფაქტორები განაპირობებს სამუშაო ძალის მიწოდების შემცირებას?

კიდევ ერთი ფაქტორი უკავშირდება სოციალური დაცვის არსებულ სისტემას. დღეს შრომისუნარიანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველთა ბაზებშია, იღებს [სახელმწიფოსგან] შემოსავალს და თუ დაიწყებს სამსახურს, ფაქტობრივად, კარგავს ამ შემოსავალს, ამიტომ მას არ უღირს იმ ხელფასზე, რასაც სთავაზობენ, შესთავაზოს თავისი სამუშაო ძალა.

[სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარება 2022 წლის ივნისში 661 061 ადამიანმა მიიღო. ეს მთლიანი მოსახლეობის 17.7%-ია. საქსტატის თანახმად კი, სამუშაო ძალა შეადგენს 1.490 მლნ ადამიანს, ხოლო მათგან უმუშევარია 289 600].

გარდა ამისა, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი და ეს ფაქტორიც ხელის შემშლელია. ადამიანები ძალიან ბევრ უსარგებლო თანამდებობაზე არიან დასაქმებული. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეპოტიზმის ზეიმია.

სავარაუდოდ, ნეპოტიზმი მართლაც არის საჯარო სამსახურებში დასაქმების პრობლემა, თუმცა შეიძლება თუ არა რაიმე სიზუსტით თქმა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რა პროცენტზეა საუბარი?

ძალიან გაიზარდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. ამას სტატისტიკა აჩვენებს. ამასთან, ეს არ არის მხოლოდ საშტატო განრიგით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, აქ შეფარულად, საბიუჯეტო ნაწილში, „სხვა საქონლის“ მუხლით ხარჯები ყოველწლიურად იზრდებოდა; სხვადასხვა შეფარული ფორმით ბევრი ადამიანი დასაქმდა და ეს ტრენდი არის მზარდი, რაც, ცხადია, რომ ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას.

[საქსტატის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 301 000, ხოლო კერძოში – 916 000 ადამიანი].

როგორია ინფლაციისა და რეალური ხელფასების შემცირების გავლენა ამ სექტორზე?

ინფლაცია ძალიან კომპლექსური მოვლენაა. დღეს ინფლაცია მხოლოდ საქართველოში არ არის, გლობალური მოვლენაა ყველა ქვეყანაში. და ეს არის ცუდი მოვლენა იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილი ამ დროს ღარიბდება, ხოლო მცირე ნაწილი მდიდრდება… ფასები როდესაც იზრდება, ბევრი ადამიანის ხელფასი არ იზრდება. შესაბამისად, ინფლაციის დროს კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც წესი, სარგებლობს სახელმწიფო სექტორი, ბიუჯეტში შენატანები ნომინალში იზრდება და, შესაბამისად, ხარჯვაც იზრდება. ამიტომ, ვინც ხარჯვაში მონაწილეობს, ისინი სარგებლობენ.

ასევე, ამით სარგებლობენ ისინი, ვინც არიან საგარეო მოთხოვნის სექტორში და შემოსავალი აქვთ ფაქტობრივად უცხოურ ვალუტაში, მათი უცხოური სავალუტო შემოდინებები იზრდება და იზრდება მათი შემოსავალი, მაგრამ ზოგადად ფასების დონე რომ იზრდება და ბევრის ხელფასი არ იზრდება, რა თქმა უნდა, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აღარიბებს. და ეს არის პრობლემა…

გამოდის, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით აღარ უღირს ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას იმ ხელფასზე მუშაობა, რასაც დამსაქმებელი სთავაზობს?

დიახ, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა კლებულობს და აქ მოქმედებს გლობალური კონკურენცია, რომელსაც ადგილობრივმა ბიზნესმა თვალი უნდა გაუსწოროს იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანს აქვს გარშემო ისტორიები, რომელშიც ადამიანები ან ადგილიდან, ან საზღვარგარეთიდან, ან საზღვარგარეთის სასარგებლოდ მუშაობენ, ან უბრალოდ მიდიან და იქ მუშაობენ.

ამის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მომსახურების ბაზარზე?

ვფიქრობ, იმ დარგებში, სადაც დღეს სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს. ბაზრის მექანიზმი უნდა აღსრულდეს. ეს დროის საკითხია. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს „ხისტი ხელფასების თეორია“ და ეს დროებითი ფრიქციაა.

შეგიძლიათ, განგვიმარტოთ, ეს [ე.წ Sticky Wages] თეორია რას გულისხმობს და როდესაც ამბობთ, რომ ახლა ეს გვაქვს სახეზე, რას გულისხმობთ?

ზოგადად, ბაზრის მექანიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ფასები. ფასი წარმოადგენს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას. ფასი არის ყველაზე ოპტიმალური ინფორმაცია, რომელსაც ადამიანები იღებენ და ეყრდნობიან, რათა ასახონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

თუმცა ფასები ბევრი კატეგორიის მომსახურებაზე მოქნილი არ არის. როდესაც ხდება მოთხოვნის ან მიწოდების ცვლილება, ფასის კორექტირება ვერ ხორციელდება მყისიერად, სწრაფად. მას სჭირდება გარკვეული დრო. ასეთი არის ფასი სამუშაო ძალის რესურსზე და ამას ეწოდება ხელფასი.

ამდენად, როდესაც პრობლემა არის, რეალობა არის ის, რომ უნდა მოხდეს ხელფასების მომატება, ეს მყისიერად ვერ აისახება.

რომ შევადაროთ, – რეცესიის პერიოდში, როცა ეკონომიკა მცირდება, დღის წესრიგში დგას, რომ ხელფასები უნდა შემცირდეს, თუმცა ესეც ვერ ხდება მყისიერად. მალევე ვერ აისახება. ბიზნესს უჭირს ხელფასების შემცირება, რადგან ეშინია, რომ თანამშრომლები გაიქცევიან, პროტესტს გამოაცხადებენ, პროდუქტიულობა შემცირდება და ეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ფრიქცია. დროებითი ფრიქცია, საბაზრო ჩავარდნა.

იგივე ეხება ფასებს. საქონელზე როდესაც მოთხოვნა იზრდება, თუ ვერ ხერხდება მიწოდების რაოდენობის გაზრდა, შესაბამისად, დროთა განმავლობაში ამან უნდა გამოიწვიოს ფასების მომატება. მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რომ მოხდეს ამის კორექცია. ამიტომაც ვამბობ, რომ გვაქვს ხისტი ფასები, რომელიც ეხება ხელფასებს.

და, შესაბამისად, მე მაქვს ამ სექტორში ხელფასების ზრდის მოლოდინი იმიტომ, რომ ბაზრის მექანიზმი უნდა აღსრულდეს.

კი ბატონო, დავუშვათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მომსახურების სფეროში იყვნენ დასაქმებული, ამჟამად უარს ამბობენ იმავე, არსებული სამუშაო ადგილების დაკავებაზე, – სხვადასხვა მიზეზით, – იქნება ეს თანხის სიმცირე ინფლაციის გამო, ან მათი სხვაგან დასაქმება, მათ შორის დისტანციურად. ეს გასაგებია… თუმცა ქვეყანაში ამავე დროს არსებობს დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც შეადგენენ სამუშაო ძალას, მაგრამ გამოდის, რომ არ არიან გააქტიურებული [მოთხოვნა არ არის მხოლოდ კვალიფიციურ კადრებზე]. როგორ უნდა მოხდეს მათი გააქტიურება?

პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ გარდა სოციალური შემწეობისა, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი დამოკიდებულია ასევე ფულად გზავნილებზე.

[ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში გზავნილების ნაკადების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 მლნ ლარი) შეადგინა].

ამაზე დამოკიდებულებას ვერაფერს ვერ ვუზამთ. ეს უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა.

აქ ბიზნესმა უნდა უპასუხოს, თუ სხვა გამოსავალი არ აქვს. როგორც ვთქვი, თუ მას უნდა მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, უნდა გაზარდოს ხელფასები და გაზრდის კიდეც. ბაზრის მექანიზმი სთხოვს მას, რომ ეს გააკეთოს.

რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფომ, პირველ რიგში, უარი უნდა თქვას ბევრ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც წარმოადგენს რესურსების უნიათო ხარჯვას და ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას.

თუმცა აქ საპირისპირო პოზიციის ადამიანი იტყოდა, რომ მტკივნეული იქნება საზოგადოებისთვის, სოციალურად ძალიან დაარტყამს მოსახლეობის დიდ ნაწილს ასეთი ხისტი რეფორმა. ასე არ არის?

ეს შესაძლოა იყოს მტკივნეული რეფორმა, მაგრამ იქნება სწორი რეფორმა. ზოგადად, როცა სახელმწიფო პროგრამები იწყებს განხორციელებას, მისი შეწყვეტა ყოველთვის მტკივნეული ნაბიჯია… საბოლოო ჯამში, მთავრობა მაინც მივა იქამდე, რომ მოუწევს მთელი რიგი პროგრამების დახურვა და შეწყვეტა.

მთავრობა დგას გადასახადებსა და სესხებზე. თუ კერძო სექტორმა ვერ გაზარდა შემოსავლები, საბიუჯეტო შემოსვლები ვერ გაიზრდება. ასევე, მთავრობა ვერ შეძლებს განუსაზღვრელი რაოდენობის სესხების და კრედიტების აღებას.

ამიტომ, მისი დანახარჯები, ასე თუ ისე, შეზღუდულია. ან უნდა გამოიწვიოს მაღალი ინფლაცია, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს, საბოლოო ჯამში, პრობლემას. და რაც მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით ნაკლებად მტკივნეული იქნება; რაც უფრო გვიან მოხდება, მით უფრო მტკივნეული იქნება.

და სოციალური დახმარების შეწყვეტა მათ ავტომატურ რეაქტივაციას გამოიწვევს? თუ იმას გულისხმობთ, რომ მეტად იქნებიან მოტივირებული, რომ სამსახური ეძებონ?

რა თქმა უნდა, სოციალური დაცვა უნდა იყოს უფრო მიზნობრივი და კონკრეტულ ჯგუფებზე ორიენტირებული. შემწეობის მიმღებნი უნდა იყვნენ, მაგალითად, შშმ პირები და ადამიანები, რომლებსაც დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა გააჩნიათ; უნდა იყოს მიმართული სხვა პაკეტებზე, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაზე, საცხოვრებელი სახლების ელემენტარულ მოთხოვნილებებზე; უფრო ასეთი, მიზნობრივი, წერტილოვანი პროგრამები უნდა იყოს და არა ისეთი, როგორც ახლა არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი