ევრო გაუფასურებას განაგრძობს.
ამჟამინდელი კურსით დოლართან გათანაბრდა და 1 ევრო 1 დოლარი ღირს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა ევროზონის ქვეყნებს დოლარში შესყიდულ იმპორტში უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ქვეყნებიდან განხორციელებული ექსპორტი გაიაფდება.
ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რატომ უფასურდება ევრო და რა შესაძლო გავლენა ექნება ამას ევროპასა და საქართველოზე.
რამ გამოიწვია ევროს გაუფასურება
ბოლოს იმგვარი ვითარება, როდესაც ევრო აშშ დოლარის ეკვივალენტი ან მასზე უფრო დაბალი ღირებულების მატარებელი იყო, დაახლოებით 20 წლის წინ ფიქსირდებოდა.
მას შემდეგ ევრო დოლართან და, შესაბამისად, ყველა სხვა უმეტესი ვალუტის მიმართ მყარდებოდა. 2008 წელს ერთი ევრო 1.60 აშშ დოლარიც კი ღირდა.
ევრომ გაუფასურება წელს, თებერვალში დაიწყო, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, უკრაინაში ომისგან გამოწვეული კრიზისის გავლენა და ეკონომიკის რეცესიის, ანუ შემცირების მოლოდინია.
ევროს გაუფასურება კიდევ უფრო დაჩქარდა მას შემდეგაც, რაც გაძლიერდა შიშები იმის შესახებ, რომ რუსეთი დაწესებული სანქციების საპასუხოდ დასავლეთს სრულად შეუწყვეტდა გაზის მიწოდებას.
ევროს ღიღებულება წლების განმავლობაში
11 ივლისს ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენმა, რომელიც ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, მუშაობა შეაჩერა სარემონტო სამუშაოებისთვის, რომელიც 10 დღე უნდა გაგრძელდეს, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ შესაძლოა, რუსეთმა სამუშაოები დასავლეთზე ზეწოლისთვის კიდევ უფრო გაახანგრძლივოს და ამით არსებული კრიზისი გააღრმაოს.
საქმეს ართულებს ისიც, რომ ევროზონის ქვეყნებში შენარჩუნდა რეგიონისთვის უჩვეულო მაღალი ინფლაციაც – 8.6 პროცენტი, რაც გარდა ენერგიის ფასებისა, სხვა პროდუქციასა და მომსახურებებზეც გავრცელდა.
ევროპის ცენტრალური ბანკი, განსხვავებით აშშ-სა და სხვა დიდი ეკონომიკებისაგან, მოსალოდნელი რისკების საპასუხოდ განსაკუთრებულად მკაცრი მონეტარული პოლიტიკით არ გამოირჩევა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე მოხდება და, მაგალითად, ძალიან გაიზრდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს და გაზრდის რეცესიის მოლოდინებს. ამის გამო ევროპის ცენტრალური ბანკი ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტია.
შესაძლო გავლენა საქართველოზე
ISET-ის ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის, დავით კეშელავას განცხადებით, ევროს გაუფასურებას საქართველოზე გავლენა სამი ძირითადი მიმართულებით ექნება, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ფასებისა და გზავნილების მიმართულებით.
- იმპორტი-ექსპორტი
მისი განცხადებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი გაძვირდება, ხოლო საქართველოში იმპორტი გაიაფდება.
„ეკონომიკურ თეორიაში, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, ანუ ამ შემთხვევაში, ევროსთან მიმართებაში ლარი მყარდება, ექსპორტი ხდება ნაკლებად კონკურენტული. მიზეზი ისაა, რომ ჩვენ მიერ შეტანილი პროდუქციის ფასები, საბოლოო ჯამში, იზრდება.
სამაგიეროდ, დადებითი ეფექტი ისაა, რომ იმპორტი იაფდება. მაგალითად, თუ ევროკავშირიდან რაიმე შემოდის, მისი ფასი ლარის გამყარების შემთხვევაში შემცირდება“, – განაცხადა დავით კეშელავამ.
2022 წელს იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტის 16.7 პროცენტი და იმპორტის 22.3 პროცენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო არ არის ევროზონის ქვეყანა, საგარეო ვაჭრობაში, ამერიკულ დოლართან ერთად, ხშირად ევროც გამოიყენება.
- ფასები და ინფლაცია
ეკონომისტის თანახმად, როგორც წესი, ლარის გამყარების დროს ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია მსოფლიოში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით.
„როდესაც კურსი სტაბილურია და არის მყარი, ავტომატურად იაფდება იმპორტირებული პროდუქცია, მაგრამ რადგან ინფლაცია ძირითადად გამოწვეულია სხვა ფაქტორებით, მათ შორის მსოფლიოში ღირებულების ჯაჭვებისა და საწვავის ფასების გაძვირებით, ეს ფაქტორები იმდენად ძლიერია… მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს ფასების შემცირებას.
მხოლოდ კურსის გამყარებით ინფლაციის შემცირება იქნება შეუძლებელი, თუმცა გაცვლითი კურსი ფასებზე დამატებით წნეხს აღარ შექმნის“, – აცხადებს იგი.
- გზავნილები
„პრობლემა ისაა, რომ მდგომარეობა რთულდება იმ ქართველებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მუშაობენ.
თუ ევროკავშირში რეცესიაა მოსალოდნელი, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათი მდგომარეობა გართულდება, ხოლო ევროს გაუფასურების დროს, მათ მიერ გადმორიცხული ფული ლარსა და დოლარში იქნება უფრო მცირე“, – აცხადებს დავით კეშელავა ნეტგაზეთთან საუბრისას.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულის დაახლოებით 40-45 პროცენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე მოდიოდა. ვითარება შეიცვალა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რა დროსაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთის ფედერაციიდან იგზავნება.
TBC capital-ის თანახმად, საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია ევროს გამყარება.