ეკონომიკა

რუსეთი დეფოლტს განიცდის – ბლუმბერგი

27 ივნისი, 2022 • 1895
რუსეთი დეფოლტს განიცდის – ბლუმბერგი

საგარეო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რუსეთი დეფოლტის ქვეშ მოექცა – ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. რუსეთის დეფოლტი მოჰყვა კვირას, 26 ივნისს ვალდებულებების შესრულების ბოლო დღეს, როდესაც რუსეთმა არ ან ვერ გადაიხადა დაკისრებული დავალიანება.

BBC-ის ცნობით, რუსეთს ჰქონდა ფული, რომ კვირას გადაეხადა დაკისრებული 100 მლნ დოლარი, თუმცა საერთაშორისო სანქციების გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხა. კრემლი დეფოლტის თავიდან არიდებას ცდილობდა, რაც ქვეყნის პრესტიჟისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.

რუსეთი აცხადებს, რომ 100 მლნ დოლარი, რაც მისი საერთაშორისო ვალის პროცენტის გადასახადია, ბანკ Euroclear-ში გადაგზავნა, რომელსაც შემდეგ ეს თანხა ინვესტორებისთვის უნდა გადაენაწილებინა. თუმცა, ბლუმბერგის თანახმად, ეს გადარიცხვა გაიჭედა და კრედიტორებმა თანხა ვერ მიიღეს. ამასთანავე, როიტერის მიხედვით, რუსეთისგან კუთვნილი თანხები ვერ მიიღეს ტაივანელმა კრედიტორებმაც.

Euroclear-ს არაფერი უთქვამს, დაიბლოკა თუ არა რუსული გადარიცხვა, თუმცა ბანკმა აღნიშნა, რომ მან ყველა საერთაშორისო სანქცია დაიცვა.

BBC-ის მიხედვით, მართალია, დეფოლტი სიმბოლური დარტყმაა, თუმცა რუსეთისთვის პრაქტიკულ უსიამოვნებებსაც ნიშნავს. მაგალითად, დეფოლტის ქვეშ მყოფი ქვეყანა საგარეო ვალს ვერ აიღებს. თუმცა, სანქციებიდან გამომდინარე, ისედაც გამორიცხულია რუსეთის მიერ დასავლური ბაზრებისგან სესხების აღება.

რა არის დეფოლტი?

დეფოლტი ნიშნავს აღებული ვალების გადაუხდელობას – დადგენილ ვადებში ვალის  არდაბრუნებას ან ვერდაბრუნებას.

ეს სიტყვა, ფართო გაგებით, ეხება ყველას: ფიზიკურ პირებს (ანუ ადამიანებს), სხვადასხვა სახის კომპანიასა და მთავრობებს/სახელმწიფოებს.

ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიმართ დეფოლტის ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინ „გაკოტრებას“.

ამ შემთხვევაში, რახან რუსეთის მთავრობას განვიხილავთ, გამოვიყენებთ სიტყვა „დეფოლტს“.

ამავე დროს, „დეფოლტი“ განსხვავდება მონათესავე ტერმინებისგან, როგორებიცაა:

  • არალიკვიდურობა (როდესაც მოვალეს არასაკმარისი თანხა [ან სხვა ლიკვიდური ქონება] აქვს და ამიტომ ვერ იხდის ვალს);
  • გადახდისუუნარობა (როდესაც მოვალე, ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ იხდის ვალს).

შესაძლოა, ტერმინი დეფოლტი გამოყენებული იქნას ვალის ნაწილობრივ გადაუხდელობის შემთხვევაშიც.

„შეიძლება დადგეს ტექნიკური დეფოლტი, ფინანსური დეფოლტი და ა.შ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ თუკი ერთ შემთხვევაში მხარე, სახელმიწფო, უბრალოდ ვერ იხდის ვალს იმიტომ, რომ საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს, მეორე შემთხვევა დგება მაშინ, როდესაც მხარე ვალის დაბრუნებას ფიზიკურად ვერ ახერხებს იმის გამო, რომ კონტრაქტი ითვალისწინებს გარკვეულ ფინანსურ პირობას“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ ეკონომისტი დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსიტუტიტის უფროსი მკვლევარი.

მისი განმარტებით, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ვერ ან არ მოემსახურება საგარეო ვალს, ავტომატურად ცხადდება დეფოლტი:

„ამ დროს ამბობენ ხოლმე, რომ ქვეყანამ გამოაცხადა დეფოლტი, რადგან ვერ ან არ გადაიხადა, უარი განაცხადა გარკვეული მიზეზების გამო თავისი ვალდებულებების შესრულებაზე“, – ამბობს იგი.

საგარეო ვალი არის ამა თუ იმ მთავრობის მიერ აღებული ვალი სხვა სახელმწიფოებისგან, უცხოური ბანკებისგან ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ჩვეულებრივ, დაბალ პროცენტში და ხანგრძლივი ვადით.

რუსეთის ფედერაციას, სხვა ქვეყნების მსგავსაცდ, აღებული აქვს საგარეო ვალი. 2021 წელს რუსეთის საგარეო ვალის მოცულობა მშპ-ს მიმართ 26.9% იყო.

რას ნიშნავს დეფოლტი და რა ემუქრება რუსეთს | მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი