ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი და რა ემუქრება რუსეთს | მარტივად ახსნილი

12 აპრილი, 2022 • 19995
რას ნიშნავს დეფოლტი და რა ემუქრება რუსეთს | მარტივად ახსნილი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის შეფასებით, რუსეთის მთავრობა „შერჩევითი დეფოლტის“ მდგომარეობაშია, რადგან გადააცილა საგარეო ვალის გარკვეული ნაწილის გადახდის ვადას.

„ნეტგაზეთის“ ამ სტატიიდან გაიგებთ, რა არის დეფოლტი და საგარეო ვალი, ზუსტად რა ხდება ახლა რუსეთთან დაკავშირებით და რა პრობლემებს გამოიწვევს ეს რუსეთის მთავრობისათვის.

რა არის დეფოლტი?

დეფოლტი ნიშნავს აღებული ვალების გადაუხდელობას – დადგენილ ვადებში ვალის  არდაბრუნებას ან ვერდაბრუნებას.

ეს სიტყვა, ფართო გაგებით, მიემართება ყველას: ფიზიკურ პირებს (ანუ ადამიანებს), სხვადასხვა სახის კომპანიასა და მთავრობებს/სახელმწიფოებს.

ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიმართ დეფოლტის ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინ „გაკოტრებას“.

ამ შემთხვევაში, რახან რუსეთის მთავრობას განვიხილავთ, გამოვიყენებთ სიტყვა „დეფოლტს“.

ამავე დროს, „დეფოლტი“ განსხვავდება მონათესავე ტერმინებისგან, როგორებიცაა:

  • არალიკვიდურობა (როდესაც მოვალეს არასაკმარისი თანხა [ან სხვა ლიკვიდური ქონება] აქვს და ამიტომ ვერ იხდის ვალს);
  • გადახდისუუნარობა (როდესაც მოვალე, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ვერ იხდის ვალს)

შესაძლოა, ტერმინი დეფოლტი გამოყენებული იქნას ვალის ნაწილობრივ გადაუხდელობის შემთხვევაშიც.

„შეიძლება დადგეს ტექნიკური დეფოლტი, ფინანსური დეფოლტი და ა.შ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ თუკი ერთ შემთხვევაში მხარე, სახელმიწფო, უბრალოდ ვერ იხდის ვალს იმიტომ, რომ საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს, მეორე შემთხვევა დგება მაშინ, როდესაც მხარე ვალის დაბრუნებას ფიზიკურად ვერ ახერხებს იმის გამო, რომ კონტრაქტი ითვალისწინებს გარკვეულ ფინანსურ პირობას“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ ეკონომისტი დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსიტუტიტის უფროსი მკვლევარი.

მისი განმარტებით, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ვერ ან არ მოემსახურება საგარეო ვალს, ავტომატურად ცხადდება დეფოლტი:

„ამ დროს ამბობენ ხოლმე, რომ ქვეყანამ გამოაცხადა დეფოლტი, რადგან ვერ ან არ გადაიხადა, უარი განაცხადა გარკვეული მიზეზების გამო თავისი ვალდებულებების შესრულებაზე“, – ამბობს იგი.

საგარეო ვალი არის ამა თუ იმ მთავრობის მიერ აღებული ვალი სხვა სახელმწიფოებისგან, უცხოური ბანკებისგან ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ჩვეულებრივ, დაბალ პროცენტში და ხანგრძლივი ვადით.

რუსეთის ფედერაციას, სხვა ქვეყნების მსგავსაც, აღებული აქვს საგარეო ვალი. 2021 წელს რუსეთის საგარეო ვალის მოცულობა მშპ-ს მიმართ 26.9% იყო.

რა ხდება რუსეთთან დაკავშირებით

12 აპრილს გასაჯაროვდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავრობამ „შერჩევითი დეფოლტი“ გამოაცხადა.

S&P (იგივე The Standard and Poor) არის 160-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია, რომელიც ადგენს საერთაშორისო საფინანსო ბაზრის რეიტინგებს.

„შერჩევითი დეფოლტი“, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ქვეყანა დეფოლტს აცხადებს კონკრეტულ ვალდებულებებთან და არა მთელ საგარეო ვალთან მიმართებაში.

რუსეთის „შერჩევით დეფოლტირებულად“ გამოცხადება უკავშირდება ორ ობლიგაციას, რომელიც რუსეთის მთავრობისთვის ორ ამერიკულ ბანკს ჰქონდა გამოცემული.

ჯერჯერობით ამ ბანკების დასახელება ცნობილი არ არის, თუმცა სხვადასხვა გამოცემა მათ შორის ასახელებს JPMorgan Chase-ს.

ჯამში, ორივე ობლიგაციის ღირებულება 649 მილიონი აშშ დოლარია. ამ ვალის დასაფარად რუსეთის მთავრობას  4 აპრილამდე ჰქონდა ვადა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 6 აპრილს განაცხადა, რომ სცადა ამ 649 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციის გადახდა, თუმცა რუსულ ვალუტაში, რუბლში, რაც კრედიტორებმა არ მიიღეს.

რატომ?

„რუსული კომპანიების და რუსეთის მთავრობის ვალდებულებები არის უცხოურ ვალუტაში. მათ აქვთ ვალდებულება, რომ უცხოურ ვალუტაშივე დაფარონ ეს ვალდებულებები“, – განმარტავს ეკონომისტი დავით კეშელავა.

შესაბამისად, მისი თქმით, კრედიტორ მხარეს აქვს „ლეგიტიმური უფლება, მოითხოვოს ანგარიშსწორება იმ ვალუტაში, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული“.

2022 წლისთვის რუსეთის ფედერაციის მთავრობას რეზერვები 640 მლრდ აშშ დოლარამდე ჰქონდა გაზრდილი, რომლის თითქმის 50%-მდე რაოდენობა დოლარსა და ევროში იყო – თუმცა მისი დიდი ნაწილი განთავსებულია დასავლურ ბანკებში, სადაც სანქციების გამო ეს რეზერვები გაყინულია.

„რუსეთს აქვს უცხოური ვალუტის ნაკლებობა. სანქციების გამო, იმის გამო, რომ რეზერვების დიდი ნაწილი გაყინულია ევროპულ და ამერიკულ ანგარიშებზე, მას უცხოურ ვალუტაზე წვდომა აქვს შეზღუდული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კაპიტალის ძალიან მძიმე კონტროლია, – მთავრობა ექსპორტიორებს აიძულებს, გადაახურდავონ შემოტანილი უცხოური ვალუტის დიდი ნაწილი რუბლში და, ამავე დროს, უცხოური ვალუტის ტრანზაქციები აქვს შეზღუდული, – მას მაინც უჭირს საკმარისი უცხოური ვალუტის მოძიება ვალდებულებების დასაფარავად“, – ამბობს ეკონომისტი.

დავით კეშელავას თანახმად, არ არის გასაკვირი, რომ დასავლური ბანკები არ იღებენ რუბლს:

  • „ერთი მხრივ, რუბლი არასტაბილური ვალუტაა;
  • მეორე მხრივ, რუბლის გადაცვლა მარტივი არ არის“, – ამბობს იგი.

ამის გათვალისწინებით, კრედიტორებს ნაკლები სტიმული აქვთ, დათანხმდნენ რუსეთის მთავრობის შეთავაზებას ვალდებულებების რუბლში მომსახურებაზე.

„თუ არ დათანმხდებიან და რუსეთი ვერ შეძლებს საკმარისი უცხოური ვალუტის მოძიებას, ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევენ ხოლმე კრედიტორები მხარეს. და თუკი კვლავ ვერ მოხდა ვალის მომსახურება, ამ შემთხვევაში დეფოლტი გამოცხადდება“, – განმარტავს დავით კეშელავა.

შესაბასმიად, ტექნიკურად, რუსეთის ფედერაციის მთავრობას ამჟამად 30-დღიანი ვადა აქვს (4 მაისამდე) ვალდებულებების შესასრულებლად.

თუმცა კომპანია S&P-ს არ მიაჩნია, რომ რუსეთი მოახერხებს ამ რაოდენობის რუბლის დოლარში გადაცვლას, რის გამოც აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობამ შერჩევითი დეფოლტი გამოაცხადა.

რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის?

დეფოლტის გამოცხადება სახელმწიფოს საკრედიტო რეიტინგებზე აისახება.

„რუსეთის შემთხვევაში პრაქტიკულად ეს ყველაფერი უკვე ასახულია. ძირითადი სარეიტინგო სააგენტოების რეიტინგებში რუსული აქტივების დიდი ნაწილი უკვე შეფასებულია, როგორც junk, „ნაგავი“. ის ძალიან სარისკოა საინვესტიციო თვალსაზრისით. რუსულ აქტივებს უაღრესად დაბალი, ნეგატიური რეიტინგი ექნებათ, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება რუსულ აქტივებში ინვესტირების სურვილი. პრინციპში, არც ახლა აქვს ამის სურვილი ვინმეს“, – ამბობს დავით კეშელავა.

ამასთან, დეფოლტის გამოცხადება ზრდის ქვეყნის მიმართ გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთს:

„თუკი ვინმე მაინც გადაწყვეტს, კრედიტი [სესხი] მისცეს მათ, საპროცენტო განაკვეთები იქნება ძალიან მაღალი, რათა ეს უზარმაზარი საკრედიტო რისკები იყოს დაზღვეული. დიდი ალბათობით, ამის სურვილსაც არავინ გამოთქვამს“, – ამბობს კეშელავა.

რა უფლებები აქვთ კრედიტორებს?

დავით კეშელავას თქმით, დეფოლტის გამოცხადებისას კრედიტორებისთვის რამდენიმე სცენარი არსებობს:

  1. „თუკი კრედიტორებს ხელი მიუწვდებათ ქვეყნის თუ კომპანიის აქტივებზე, ცდილობენ, რომ ეს აქტივები გაყინონ და საჭიროების შემთხვევაში ჩამოართვან, თუკი უახლოეს მომავალში არ მოხდება ვალის დაფარვა;
  2. მეორე ვარიანტია, რომ მხარეები იწყებენ მოლაპარაკებას ვალის რესტრუქტურიზაციაზე; შეიძლება, გადაანაწილონ ეს ვალი, ან დროებით შეაჩერონ მისი გადახდა და ა.შ…
  3. მესამე ვარიანტია, როდესაც მედიაციისთვის მესამე მხარე ერთვება, რომელიც ცდილობს გარანტორად დაუდგეს მოვალეს, ან თავად მისცეს კრედიტი სახელმწიფოს ან კომპანიას: ამის მაგალითი იყო საბერძნეთი – როცა მან დეფოლტი განიცადა, საქმეში მედიაციისთვის შემოვიდა ევროკავშირი და ის დაეხმარა, თუმცა საბერძნეთს მოუწია თავისი ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება ვალის მომსახურებისთვის“.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დავით კეშელავას თქმით, რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ კრედიტორებისგან:

„რუსეთის შემთხვევაში არაორდინალური სიტაუციაა. აქტივების დიდი ნაწილი უკვე გაყინულია და ის, თუ რამდენად მოხდება მათი კონფისკაცია ვალის დაფარვის მიზნით, არა მხოლოდ ლეგალური, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. ასე რომ, რთული სათქმელია, ამ კუთხით რა მოხდება“.

რას იზამს რუსეთი?

კეშელავას თქმითვე, რუსეთის ფედერაცია ეცდება, დეფოლტი თავიდან აირიდოს მოლაპარაკების ან უცხოური ვალუტის მობილიზაციის გზით:

„აქ მთავარი მიზეზია ის, რომ დეფოლტი პროპაგანდისტული თვალსაზრისით არამომგებიანი მდგომარეობაა, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაიწყებს რუსეთის დეფოლტზე საუბარს; რუსეთის მთავრობის ნარატივი, რომ სანქციები არ მუშაობს, ჩავარდება. ამიტომ ის მაქსიმალურად ცდილობს, დეფოლტი თავიდან აირიდოს“.

თუმცა ამის ალბათობაც დაბალია.

„თუ ასე გაგრძელდა, თუკი ასეთი მკაცრი სანქციები შენარჩუნდა მომავალშიც, გარდაუვალი იქნება დეფოლტი. რუსეთის ფედერაცია, ყველაფრის მიუხედავად, ფიზიკურად ვეღარ გამოძებნის საკმარის რესურსს ვალის დასაფარავად“, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი