დაუცველი ფული

იმ შემთხვევაში თუ ბანკის ლიკვიდაცია მოხდა, ფიზიკური და იურიდიული პირები დაზარალდებიან, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი კახა კოჟორიძე.

იმ შემთხვევაში თუ ბანკის ლიკვიდაცია მოხდა, ფიზიკური და იურიდიული პირები დაზარალდებიან, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი კახა კოჟორიძე.

არის თუ არა დაცული ფული, რომელსაც დეპოზიტის სახით მომხმარებელი ბანკში ინახავს და სად წავა ბანში განთავსებული მომხმარებლის დანაზოგი, თუ ბანკს ფინანსური პრობლემები შეექმნა, კანონში განმარტებულია.

კანონი კომერციული ბანკების შესახებ,იმ თანმიმდევრობას ადგენს, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში დაკმაყოფილდება კანონიერი მოთხოვნები. ფიზიკურ პირთა ანაბრები ამ  სიის მეორე ადგილზეა,  თუმცა აქვე მითითებულია ანაბრის რაოდენობა“ არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობის“. მესამე ადგილზე კი სწორედ ის ანაბრები მოდის, რომლებიც აღემატება 1500 ლარს (გ) ფიზიკურ პირთა ანაბრები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად). ამ ჩამონათვალს მოყვება სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტი.

 რაც შეეხება პირველ რიგში დასაფარ ვალდებულებას, სიის სათავეში სააგენტო და სხვა კრედიტორებია, რომლის მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ.

კანონის მიხედვით, იმ შემთვევაში თუ თანხა არ არის საკმარისი მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით– ვკითხულობთ კომერციული ბანკების შესახებ კანონში.

 ეს კი ნიშნავს, რომ თანმიმდევრობა, რომელიც კანონით არის გაწერილი, დაცული იქნება იმ შემთხვევაში, თუ თანხა იქნება საკმარისი.ხოლო თუ თანხა არ იქნება საკმარისი, მაშინ მოვალეებზე ფული თანაბარი პროპორციით განაწილდება.

 „მაგალითად თუ მქონდა 10 ათასი ლარი შენახული, ამ კანონის მიხედვით, თუ ბანკს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მე შეიძლება ორი ლარი შემხვდეს“,– ამბობს კახა კოჟორიძე, იურისტი.

 მისივე თქმით, თუ თანხა, რომელიც ბანკის ყველა მოვალეზე უნდა განაწილდეს, საკმარისია, ამ შემთხვევაში საერთოდ არ დადგება დღის წესრიგში ბანკის ლიკვიდაციის საკითხი:  „თუ პასივები მეტია აქტივებზე ეს წესი ნებისმიერ შემთხვევაში დაირღვევა  და ადამიანი ვერ მიიღებს იმ თანხას უკან რაც შეიტანა ბანკში.“ 

 ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კახა ბარამიძეც ადასტურებს, რომ არ არის გამორიცხული ბანკში დეპოზიტზე შენახულ თანხაზე ნაკლები ოდენობა შეხვდეს მომხმარებელს, ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში.

„თეორიულად შესაძლებელია, რომ პირმა ნაკლები თანხა მიიღოს ვიდრე მას ანგარიშზე ჰქონდა.“

ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური ამბობს, რომ ევროპაში დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმი არსებობს, რაც სავალდებულოა. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ბანკს ფინანსური პრობლემები შეექმნება, მომხმარებელს დაზოგილ თანხას სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს.

 საქართველოში კი ამ ტიპის დაზღვევა არც ერთ ბანკს არა აქვს. შესაბამისად, საქართველოში არსებულ ბანკებში შენახული დეპოზიტი მხოლოდ იმ კანონით რეგულირდება, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ.

 ნოდარ ხადურის თქმით, საქართველოს საბანკო სისტემამ ამ ტიპის სერიოზულ გამოწვევებს (ლიკვიდაციის საფრთხეებს)  გაუძლო 2008-09 წლებში. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დეპოზიტების დაზღვევის არარსებობის გამო,  მომხმარებლის დაზარალების რისკი სერიოზულია.

 „არ არსებობს დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმი. ამდენად შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დიდი რაოდენობით დეპოზიტი და  მიიღოს   გაცილებით მცირე თანხა ვიდრე ჰქონდა შეტანილი იმ შემთხვევაში   თუ ბანკმა შეწყვიტა ფუნქციონირება და გახდა გადახდის უუნარო.   კანონმდებლობა ითვალისწინებს ბანკის ქონების სრულ რეალიზაციას ამ შემთხვევაში, ამავე დროს უნდა მოხდეს იმ კრედიტების ამოღება, რომელიც გაცემულია და   ყველა დეპოზიტი უნდა დაიფაროს პროპორციულად”,  –ამბობს ხადური.

 ბანკის ლიკვიდაციის მიზეზი შეიძლება იყოს პოლიტიკური გარემო, სამხედრო რისკები. მართალია, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური დღეს, საქართველოში ბანკების დახურვის რისკს ვერ ხედვას, თუმცა ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია: „ დაზღვეული არ ვართ, ყირგიზეთის ტიპის მოვლენების დროს, შესაძლოა ყირგიზეთში რომელიმე კომერციული ბანკი დაიხუროს, გაკოტრდეს და ასე შემდეგ, მაგრამ იმედია, რომ ეს საქართველოში არ მოხდება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ყანჩაშვილი