ეკონომიკა

სანქცირებულ ოლიგარქთან დაკავშირებულ „ბილაინს“ ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს

5 მაისი, 2022 • 7380
სანქცირებულ ოლიგარქთან დაკავშირებულ „ბილაინს“ ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს

კომუნიკაციების კომისიამ მწვანე შუქი აუნთო „ბილაინის“, იგივე „ვიონი საქართველოს“ გაყიდვას — მის 100%-იან წილს ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად „ვიონი საქართველოს“ ორი მფლობელი ჰყავს. კერძოდ:

  • წილების 71% ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ Watertrail Industries-ს;
  • წილების 29% ეკუთვნის იქვე რეგისტრირებულ Investico Alliance-ს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ორ კომპანიას ფლობს „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“,  რომელიც კორპორაცია Veon-ის ნაწილია.

Veon პოზიციონირებს, როგორც ნიდერლანდებში დაფუძნებული კორპორაცია.

ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ს ფლობს კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებშია მოყოლილი (აქციების 43.8% საფონდო ბირჟაზე თავისუფალ ვაჭრობაშია).

5 მაისს კომუნიკაციის კომისიის სხდომაზე დადასტურდა, – და „ნეტგაზეთს“ ხვიჩა მაქაცარიას კომპანიაშიც დაუდასტურეს, – რომ ქართველი ბიზნესმენი „ვეონი საქართველოს“ 100%-იანი წილის შესყიდვას გეგმავს.

უფრო ზუსტად, ხვიჩა მაქაცარია გეგმავს, „ვიონი საქართველოს“ მფლობელი ორივე კომპანიის, Watertrail Industries-ისა და Investico Alliance-ის, 100-100%-იანი წილები შეისყიდოს.

კომუნიკაციების კომისიამ 5 მაისის სხდომაზე მიიჩნია, რომ:

„ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან“.

ხვიჩა მაქაცარია ბიზნესმენია, რომელიც რესტორნების, სასტუმროების, სამშენებლო და სავაჭრო ბიზნესში სხვადასხვა კომპანიის სხვადასხვა ოდენობის წილს ფლობს. მათ შორის აქვს წილები „თელასში“, „თბილისი მოლში“ და ლატარიის ეროვნულ კომპანიაში. იგი CBS ჯგუფის დამფუძნებელია.

„ვიონი“ 2007 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე „მობიტელის“ სახელით და ფიჭური კომპანია „ბილაინის“ ბრენდით დაიწყო მუშაობა. „მობიტელი“ ეკუთვნოდა რუსულ „ვიმპელკომ ჯგუფს“, რომელსაც 2017 წლის რებრენდინგის შედეგად „ვიონი“ ეწოდა.

სანქცირებული რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი, რომელიც „ვიონი ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელია, საქართველოში ასევე ფლობს კომპანია „ბორჯომს“, რომელმაც ცოტა ხნის წინ წარმოება შეაჩერა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი