ახალი ამბები

მიხაილ ფრიდმანი ბრიტანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს – მედია

3 დეკემბერი, 2022 •
მიხაილ ფრიდმანი ბრიტანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს – მედია

დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

გამოცემა, NCA-ზე დაყრდნობით წერს, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ რეზიდენციაში პირველ დეკემბერს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს კიდევ ორი ადამიანი. ყველა მათგანს ბრალი ფულის გათეთრებაში ედება.

NCA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკავებულების ვინაობა ნახსენები არაა, თუმცა „უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 58 წლის მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია, რომელიც აქტივებს საქართველოშიც ფლობს.

IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშთაბიანი ომის  დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, ამის მიზეზად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა. თუმცა 13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს გადაეცა.

მაშინ ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო.ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანია განმარტავდა რომ, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი