ეკონომიკა

ხვნა-თესვა იწყება, საწვავზე სუბსიდირება არ იქნება — რა ელით ფერმერებს

13 აპრილი, 2022 • 5936
ხვნა-თესვა იწყება, საწვავზე სუბსიდირება არ იქნება — რა ელით ფერმერებს

საქართველოში მალე ხვნა-თესვის სეზონი დაიწყება, ფერმერებს კი მოუწევთ, ახალ რეალობას გაუმკლავდნენ — საწვავავის ფასები, წინა სეზონთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა გავლენა ექნება გაძვირებულ საწვავის ფასებს სასოფლო სამუშაოებზე, როგორ იმოქმედებს ეს პროდუქციის საბოლოო ფასსა და რაოდენობაზე. ასევე, აქვს თუ არა სახელმწიფოს შემუშავებული გეგმა, ფერმერებს შეღავათიან ფასად საწვავი მიაწოდონ.

საწვავის ფასების დინამიკა – რას უნდა ველოდოთ

13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში დიზელის სხვადასხვა საწვავის ფასი ბრენდირებულ ქსელებში, საშუალოდ, 4.15-დან 4.50 ლარამდე მერყეობს. საწვავის ფასი შედარებით იაფია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე.

დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში ერთი ლიტრი დიზელი 2.70-2.80 ლარი ღირდა.

წელს დიზელზე ფასები განსაკუთრებით გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დირექტორის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებამდე საერთაშორისო ბაზარზე ერთი ტონა დიზელი 813 დოლარი ღირდა, თუმცა მარტის თვის დასაწყისში 1260 დოლარი გახდა.

როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მოგვიანებით, ფასები შედარებით შემცირდა და ამჟამად, საშუალოდ, 1 066 დოლარია, თუმცა ფასები საცალო ბაზარზე ჯერჯერობით არ შემცირებულა, რადგან კომპანიებმა საწვავი პიკურ ფასებში შეიძინეს და ბაზარს სწორედ ამ საწვავს აწვდიან.

მისი განცხადებით, ფასების დაწევა მოსალოდნელია, რადგან მსოფლიო ბაზარზე პროდუქცია იაფდება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რეზერვების გახსნის გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რამდენი თეთრით შეიძლება გაიაფდეს დიზელის საწვავი და დაუბრუნდება თუ არა, მაგალითად, შარშანდელ მდგომარეობას, ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირში პასუხის გაცემა უჭირთ.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გაძვირებულ საწვავს ადგილობრივ წარმოებაზე

ერთწლიანი მარცვლეული კულტურების, მათ შორის, ხორბლის, სიმინდისა და ქერის, წარმოებისთვის საჭიროა ნიადაგის დახვნა, კულტივაცია, დაფრეზვა, დათესვა, სასუქების, ჰერბიციდების, პესტიციდებისა და სხვა პრეპარატების შეტანა, რიგ შემთხვევაში, მორწყვა, საბოლოოდ კი, მოსავლის მექანიზებული გზით აღება.

საქმიანობის ყველა ეტაპზე გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც, როგორც წესი, დიზელის საწვავზე მუშაობს.

არასამეწარმეო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, რომ  საწვავის ფასების გაძვირება პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქციის ფასზე.

„ზოგადად, ძალიან ბევრი რამ გაძვირდა, მათ შორის, საწვავი, პესტიციდები და ყველა სხვა სამეურნეო საშუალება.

ეს ძალიან მალე შეეტყობა საადრეო ბოსტნეულის ფასებს. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია თურქეთიდან ბოსტნეულის დემპინგურ ფასად შემოსვლა, აქ ძალიან გაჭირდება ქართული პროდუქციის რეალიზაცია და დაიჩაგრება მეწარმე“, — აცხადებს იგი.

მისი განცხადებით, საწვავის ფასებისა და სხვა სამეურნეო პროდუქციის გაძვირებამ, შესაძლოა, ფერმერულ საქმიანობა წამგებიანი გახადოს.

„ვფიქრობ, წვრილი ფერმერები, ალბათ, მაინც დაამუშავებენ და შეეცდებიან, ამ მხრივ გარკვეული შედეგები მიიღონ, მაგრამ ისინი, ვინც ამ ყოველივეს კომერციულად უყურებდნენ, ალბათ, კარგად დაითვლიან და აწონიან, რამდენად უღირთ ეს ყოველივე, რადგან შესაძლოა, საბოლოოდ, მოგების მარჟა ნულამდე დავიდეს, ან წაგებაშიც კი წავიდნენ“, – აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

ნეტგაზეთის დაანგარიშებით, რომელიც გურიაში, კახეთსა და შიდა ქართლში მყოფ ფერმერებთან კონსულტაციით მიიღო, 1 ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსაყვანად საჭიროა 2 010 ლარი, სიმინდის მოსაყვანად – 2 105 ლარი, ხოლო ქერისთვის – 2 359 ლარი.

აღნიშნული დაანგარიშება პირობითია. მარცვლეულის წარმოებისთვის შესაძლოა, ფასები განსხვავდებოდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რაც დამოკიდებულია მეურნეობის ტიპზე, მექანიზაციაზე, სათესლე მასალის, სასუქებისა და პრეპარატების ფასებზე და სხვა გარემოებებზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ბუნებრივია, ჯერ არ გამოუქვეყნებია საგაზაფხულო კულტურების, მათ შორის, ქერის, ხორბლის, სიმინდისა და სხვა ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობების რაოდენობა 2022 წელს, თუმცა საშემოდგომო კულტურები (ქერი და ხორბალი) გასულ წელთან შედარებით 4.5 ათასი ჰექტრით არის შემცირებული და წელს 60.3 ათასი ჰექტარი იყო.

იქნება თუ არა სუბსიდირება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ წელს სახელმწიფო საწვავს არ დაასუბსიდირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი