ახალი ამბები

მზად ვართ “ფრონტერასთან” პოზიტიური და საგნობრივი დიალოგისთვის – თურნავა

25 ივნისი, 2020 • 1184
მზად ვართ “ფრონტერასთან” პოზიტიური და საგნობრივი დიალოგისთვის – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “ფრონტერას” მოუწოდებს მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ.

თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, “ფრონტერას” საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეს დღეის მდგომარეობით არსებული სალიცენზიო არეალის ფარგლებში. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამერიკული კომპანიები.

მინისტრის თქმითვე, კომპანია “ფრონტერა”, როგორც ამერიკული ინვესტიცია, “ქვეყნისთვის ფასეულია”. მეტიც, მთავრობა ხედავს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს “ფრონტერა”, როგორც ამერიკული ინვესტიცია.

“ფრონტერასთან” აქამდეც ძალიან ცივილიზებულად ვიქცეოდით და როცა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე კითხვები გაჩნდა, მასზე პასუხი მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო არბიტრაჟს მივანდეთ. არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, პოზიტიური პასუხი მივიღეთ ქართული მხარის მიერ დასმული პრაქტიკულად ყველა საკითხზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ “ფრონტერამ” სალიცენზიო არეალის 90% სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ პოზიტიური, საგნობრივი დიალოგისთვის, რომელიც შეეხება იმას, რომ კომპანია “ფრონტერას” მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე, იმ დარჩენილი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, რაც მას დღეს გააჩნია. ჩვენ ასევე მზად ვართ ვისაუბროთ ვადებსა და პირობებზე. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იქ 90-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი ბედი გვაღელვებს, თუმცა ამისთვის საჭიროა, “ფრონტერამ” შეწყვიყტოს არაფრისმომცემი საჯარო კამპანია და მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდეს. ჯერჯერობით ისინი რატომღაც თავს არიდებენ ჩვენთან სასაუბროდ მაგიდასთან დაჯდომას “,-ამბობს თურნავა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ის ელჩათან შეხვედრამ ხომ არ შეაცვლევინა მთავრობას “ფრონტერასთან” დაკავშირებით პოზიცია, თურნავა პასუხობს: “ელჩთან შეხვედრამ განგვიმტკიცა ის პოზიტიური მზადყოფნა დიალოგისკენ, რაც მანამდეც ჩამოგვიყალიბდა”. შეხვედრა ეკონომიკის მინისტრსა და კელი დეგნანს შორის 22 ივნისს გაიმართა.

“ელჩთან საუბრისას გავაჟღერეთ ჩვენი მზადყოფნა, რამაც ძალიან დადებითი შეფასება დაიმსახურა”, – აცხადებს თურნავა.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავა ქართული მხარის გამარჯვებით დასრულდა. ფრონტერა კი ამტკიცებს, რომ მთავრობა ცრუობს და შედეგეით ისინიც კმაყოფილები არიან. ქართული მხარე ასევე აცხადებს, რომ მზადაა, გაასაჯაროოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუმცა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ამის უფლება ამ ეტაპზე არა აქვს და უკვე მიმართეს კომპანიას შედეგების გასაჯაროებაზე თანხმობის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი