დილა საბაჟოზე
სამშაბათსა და პარასკევს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი განსაკუთრებით გადატვირთულია, ფეხით მოსიარულეთა ნაკადი დილიდან გროვდება. თურქულ დაბა ქემალფაშაში გადამსვლელები სწორედ ამ დღეებში საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩადიან. საბაჟო პროცედურების გავლას და პასპორტში საჭირო ბეჭდების ჩარტყმას ერთი საათი მაინც სჭირდება. ქართველი მებაჟეები პასპორტისა და მისი მფლობელის იდენტურობას გაცილებით მეტ დროს ანდომებენ, ვიდრე თურქები. მაგრამ მეზობელ ქვეყანაში მათ გადასვლას, ძირითადად, მაინც თურქული მხარე ბლოკავს.
ჭიათურის `მარშუტკიდან~, რომელსაც ქემალფაშას ბაზრობაზე მგზავრები მიჰყავს, თურქულ საბაჟოზე, ძველი პასპორტების გამო, რამდენიმე ქალბატონს არ ატარებენ. ერთი დღით ადრე ასეთი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა აკრძალული არ იყო. იმავე მიზეზით საზღვარი ვერც თბილისელმა ქალბატონმა გადაკვეთა. ახალი პასპორტების მფლობელებიდან ერთ-ერთს თურქმა მებაჟემ უარი განმარტების გარეშე უთხრა. თუმცა, ბაზრობაზე მიმავალთა უმრავლესობა საბაჟოზე მაინც გადადის.
საპასპორტო ჯიხურის ტერიტორიის ხალხისაგან გასათავისუფლებლად თურქულმა მხარემ მარტივი გზა მოიფიქრა: რიგში მდგარი ადამიანების ნაწილი ერთდროულად აწვდის მებაჟეს პასპორტებს, მათი გადახედვისა და ბეჭდის დასმის შემდეგ მეორე მებაჟეს პასპორტების შეკვრა გამოაქვს და სახელებს იძახებს. `საბაჟოგადაკვეთილი~ ადამიანი კი იქით მიიჩქარის, სადაც ქემალფაშაში მიმავალი ტრანსპორტი ელის.
ქართული ვალუტა თურქეთში
ქემალფაშა სწორედ ის ადგილია, სადაც უპირატესობა თურქულ ლირასთან, დოლართან და ევროსთან შედარებითაც კი, ქართულ ლარს აქვს. ეს უფრო მოსახერხებელია მყიდველებისთვის და მეორეც, ვალუტის გადაცვლის შემთხვევაში ფასი იზრდება. ვაჭრებს კი უნდათ, რომ მათი საქონელი რაც შეიძლება ნაკლები ღირდეს. ბაზრობის `ხიბლი~ ხომ სწორედ მის ფასებშია.
ქემალფაშა
ბაზარი ორ ქუჩაზეა გადაჭიმული. ქვაფენილიანი გზები ბაზრობის დღეებში სამანქანედ აღარ გამოიყენება, აქ ფეხით მოსიარულეები სახელდახელოდ გამოფენილ ნაირ-ნაირ საქონელს ათვალიერებენ. ყოველი მხრიდან ისმის თავაზინი მიპატიჟება _ `მოფრძანდით, მოფრძანდით, სამი ცალი 5 ლარად… ან 5 ცალი 10 ლარად~. იგივე ფასები ლათინურ ასოებითაც წერია. გამოფენილია თეთრეული, პირსახოცები, ფარდები, წინდები და იყიდება კიდეც. თუმცა, აქ იაფად ტანსაცმელსაც იყიდი. მყიდველები, ძირითადად, ქართველები არიან.
ქემალფაშას ბაზრობა უკვე ერთი წელია მოქმედებს. მყიდველების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ აქ ქარხნებიდან წუნდებული საქონელი შემოაქვთ. თურქეთში, ისე როგორც აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში, საქონელი ევროპის ქვეყნებისთვისაც იკერება. ევროპული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში (ვიზუალურად ეს შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს) საქონელი ევროპაში აღარ გააქვთ. სწორედ ეს საქონელი მოაქვთ ბაზრობაზე, ზოგი შესამჩნევი, ზოგიც ნაკლებად შესამჩნევი წუნით. არის საქონლის მეორე კატეგორიაც, რომელიც, ძირითადად, მცირე ზომის საამქროებში მზადდება. ერთი ასეთი მინისაამქრო, სადაც მამაკაცის მაისურებს კერავენ, პირდაპირ ბაზრობის ტერიტორიაზეა. საქონლის დიდ ნაწილს შეფუთვა და გასაყიდი საქონლის ფორმა არა აქვს, მისი შეძენა ქართველი მყიდველისთვის ფასის გამოა მისაღები.
რადგან მყიდველები, ძირითადად, ქართველები არიან, საქონლის მეპატრონეები მყიდველთან ურთიერთობისთვის ქართველ გამყიდველებს ამუშავებენ. `6 თვეა აქ ვმუშაობ. თვეში 600 ლარს მიხდიან. სარფელი ვარ. სამუშაო ვიზა არ მაქვს, ამიტომ პერიოდულად გადავდივარ ხოლმე~, _ ამბობს მაღაზიის გამყიდველი, სადაც თეთრეულთან ერთად საბნებს, პლედებსა და პირსახოცებსაც ყიდიან.
მეორე მაღაზიაშიც გონიოელი გოგონები მუშაობენ. ისინი დღეში 20 ლარს იღებენ. მათთან თეთრეულის ერთ-ერთი წარმატებული თურქული ბრენდის _ თAჩ-ის საქონელსაც ნახავ, მაგრამ გამყიდველი ამბობს, რომ `ეს ის არ არის~.
ქუჩაზე, სადაც ბაზრობაა, საცხოვრებელი შენობების პირველ სართულებზე მაღაზიებიც გაიხსნა. ახლა უკვე ნებისმიერ დროს შეიძლება ქემალფაშაში გადასვლა _ მაღაზიები ღიაა.
მუჯაეთ ილდირიმი ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელია, მისი ოჯახი ოცი წელია ვაჭრობს. ადრე მხოლოდ ადგილობრივი კლიენტები ჰყავდათ და ისინიც საკუთარი ხელნაკეთი საქონლით ვაჭრობდნენ. ახლა მათ დიდი ვაჭრობა აქვთ, ბაზრობის დღეებში მათი შემოსავალი 4-5 ათასი ლარია. `საქონელი, ძირითადად, ბურსლიდან, დენისლიდან და ახლო ქალაქებიდან შემომაქვს. არის სტამბულის საქონელიც. იაფი იმიტომ ღირს, რომ პირდაპირ ქარხნებიდან მოგვაქვს, ან კიდევ წუნდებული და ჩაწოლილია~, _ განმარტა გამყიდველმა.
ქართული პროდუქტები
ბაზრობის ორ ქუჩას ერთმანეთისგან მომცრო ხიდი ჰყოფს. აქ ქართველები ქართული საქონლით, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობენ. თხილი და ნიგოზი (ნაჭუჭით და გარჩეული), თაფლი, ვაშლი, მანდარინი და კაკლის ნერგებიც კი _ ეს ქართული საქონელია. ამ პროდუქტის გადატანა ასეთი სახით აკრძალულია, ამიტომაც ქალბატონები ამბობენ, რომ საქონლის საზღვარზე გატანა უჭირთ: `ვწვალობთ, ზოგჯერ ნახევარს იქვე გვატოვებინებენ, მაგრამ რა ვქნათ, მაინც რისკზე მივდივართ. კაპიკებს ვიღებთ. შემოსავლის სხვა წყარო არ გვაქვს, გვიღირს აქ გადმოსვლა. კაკალი იქ სამ ლარად ავიღე, აქ ოთხად ვყიდი. სამშაბათს და პარასკევს ექვს საათამდე ვზივართ ამ ხიდზე, დანარჩენ დღეებში ჩვენი ვაჭრები მიმოფანტული არიან ხოფაში, ფაზარაში, ჩაილერში. კაკალი ისე გაძვირდა ჩვენთან, რომ უკვე აღარც ღირს გადმოტანა. მანდარინს 50 თეთრად ვყიდი, ერთი ტომარა გავყიდე. რომ არ თქვან გურჯები ძუნწები არიანო, იაფად ვაძლევ. ვაშლიც გადმოვიტანე. იქით 10 ლარი მივეცი და თორმეტად გავყიდე, 15 კილოს თრევა 2 ლარისთვის არ ღირს, მაგრამ რა ვქნა. ასე 10 ლარს მაინც მიიტან სახლში. მადლობა ღმერთს. ღმერთო ახარე და ადიდე თურქეთი… და საქართველოც~.
სამუშაო ადგილი – გადამზიდავი
ხუთი-ექვსი საათისთვის ფეხით მოსიარულეები ისევ კვეთენ საზღვარს, ოღონდ ახლა უკვე ტვირთით ხელში. დიდ, პოლიეთილენის შავ პარკებში გამოტენილი საქონლით დატვირთული მგზავრები, ძირითადად, ქალბატონები, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ წინ წასვლას. კვლავ ერთად შეგროვებული პასპორტები, თურქი მებაჟე კმაყოფილი იერით, გაღიმებული (ალბათ, იმიტომ, რომ მალე მძიმე სამუშაო დღე დამთავრდება) იძახის ქალბატონების სახელებს: `ჟუ-ჟუ-ნა, ნა-ნუ-ლი…~ და კვლავ ბეჭედი. პასპორტს ისე გაძლევს, არც გიყურებს.
საზღვრის გადმოკვეთისას მოქალაქეებმა იციან, რომ უფასოდ 1000-ლარამდე არაერთგვაროვანი საქონლის გადმოტანა შეიძლება. ამიტომაც ისინი, ვინც ხშირად კვეთენ გასაყიდი საქონლით საზღვარს, კომბინირებულად მოქმედებენ. მათ თურქულ მხარეს ხვდებიან ქალბატონები და, შესაბამისი ანაზღაურების ფასად, ტვირთის გადმოტანაში ეხმარებიან. ტვირთი ისე ნაწილდება, რომ დადგენილ ნორმას არ აღემატება.
ქალბატონი ეთერი სარფში ცხოვრობს და ამ საქმეშია ჩართული. ბაზრობის დღეებში საქონლის `გადატვირთვით~ მთელი ოჯახია დაკავებული. ოჯახის სამი წევრი და მათი ქუთაისელი ნაცნობი საზღვარს თურქეთიდან საქართველოში ერთად კვეთენ. შემდეგ გადმოტანილ საქონელს საგულდაგულოდ, `სკოჩებით~ ფუთავენ და ქუთაისის ან თბილისისკენ მიმავალ ავტობუსში დებენ. გასამრჯელოთი კმაყოფილი მასპინძელი და ტვირთით მშვიდობიანად გადმოსული სტუმარი მომავალ ბაზრობამდე ერთმანეთს ემშვიდობებიან.
1 მარტიდან
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1 მარტიდან სარფის სასაზღვრო პუნქტის ფეხით გადაკვეთა შეუძლებელი იქნება, თურქეთის გამშვებ პუნქტზე ქართულ და თურქულ ენაზე წერია. ამან მგზავრებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამბობენ, რომ მომავალში საბაჟოს გადაკვეთა ფასიანი გახდება, თუმცა, მებაჟეები ამ ინფომაციას უარყოფენ: `თურქეთს, არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან, საქართველოს გარდა, არა აქვს ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი. 1 იანვრიდან აქაც უნდოდათ ასეთი აკრძალვის შემოღება, მაგრამ ვერ მოახერხეს, ამიტომ 1 მარტამდე გადადეს. ახლა მიდის მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ ვისი ტრანსპორტით გადაიყვანენ მგზავრებს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე. მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ტერიტორიაზე ჩასხდებიან~.
ამ ბაზრობის არსებობა კარგია
მელორი მშვიდობაძე, ეკონომისტი
ვაჭრობის ეს ფორმა, რომელიც დღეს თურქეთ-საქართველოს შორისაა, კარგია. ასეთი ბაზრობები მომგებიანია იმ თავლსაზრისით, რომ საქონელი იაფია. თუმცა, არის მეორე მხრეც, ჩვენ არ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ, რაც ცუდია.
ერთი რამ ნამდვილად ვიცი _ მოთხოვნა იაფ საქონელზეა. ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია ვთქვა. ჩემი მეუღლე გადავიდა ერთხელ და სხვა წვრილმანთან ერთად იმდენი სარეცხი საშუალება იყიდა, რომ ექვსი თვის განმავლობაში აღარ შეგვიძენია. ასეთ დასკვნამდე მივედი: პროდუქცია, რომელიც აქ შემოდის, ალბათ, არ არის აღრიცხული თურქეთში, თორემ არაფრით არ შეიძლება ამ ფასში გაყიდვა. ფასებს შესაძლებელია იაფი მუშახელიც განაპირობებს.
საერთოდ, თურქეთის რესპუბლიკა ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებს. ღია ვაჭრობა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ კარგად გამოიყენეს. სამწუხაროდ, ასეთი ვაჭრობის დროს არსებული შეღავათები არ ეხება პროდუქტებს, რომლის გატანაც ჩვენ თურქეთში შეგვიძლია, საუბარი მაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე.
ბაზრობის ანალოგიური ფორმა, როგორიც ქემალფაშაშია, ჩემთვის ნაცნობია. ამის მსგავსი იყო პოლონეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ხოლო მაშინ, როცა კოოპერატივები ჩანასახში იყო, ბალტიისპირეთში, ვილნიუსში, ვნახე ასეთი სახის ვაჭრობა. ჩინეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას შეჰქონდა ამ ფორმით და ასეთივე საქონელი ერთ-ერთ კუნძულზე.
ვაჭრობა, ზოგადად, ორივე მხარისთვის მომგებიანია. ცნობილი ეკონომისტის ადამ სმიტის ნაშრომებში ვკითხულობთ, რომ საგარეო ვაჭრობის საფუძველი სწორედ იმ საქონლის სხვისგან შეძენაში დევს, რისი წარმოებაც შენ არ შეგიძლია ან უფრო ძვირი დაგიჯდება.
განუბაჟებელ საქონელს რაც შეეხება, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, რადგან ჩვენთან საუკეთესო პირობებში ისედაც არ არიან იმპორტიორები. აქცენტს უფრო იმაზე გავაკეთებ, რომ ჩვენ თურქეთისთვის არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია. ეს არის ცუდი.
გატანილ და შემოტანილ საქონელს შორის ანუ იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა ჩვენთან უარყოფითია. ეს სხვაობა კი, რომელიც ასეთი სახით შემოტანილ საქონელს თან ახლავს, კიდევ უფრო იზრდება.
რაც შეეხება თურქეთში ქართული ვალუტით ვაჭრობას. ეს გარკვეულად სიამაყის საფუძველიც შეიძლება იყოს. ისრაელის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი მახსენდება. როცა გაიგო ქვეყანაში ყალბი ფულის დამამზადებლები აღმოაჩინესო, სიცილი დაიწყო. ბევრი ვერ მიხვდა, რა უხაროდა. მან ახსნა _ ჩვენი ფულის გაყალბება თუ დაიწყეს, ესე იგი ვიღაცას სჭირდებაო. ამ შემთხვევაში კი ლარსაც იმიტომაც აღიარებენ, რომ მას ფუნქცია აქვს. ჩემი აზრით, ეს კარგის ნიშანია. როცა ვაჭრობა ქართულ ვალუტაში წარმოებს ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან მასზე მოთხოვნა იზრდება. თუმცა, მასშტაბების შესახებ ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია არ მაქვს.
ასე რომ, ამ ბაზრობის არსებობა კარგია. თავის დროზეც, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, შიმშილისა და სიცივისაგან ისევ თურქეთმა გვიხსნა. როცა მომარაგების ტრადიციული არხები მოიშალა, თურქეთიდან შემოტანილმა იაფმა პროდუქციამ გადაგვარჩინა. რაც შეეხება დაბალ ფასებს, ეს იმის პრობლემაა ვინც ყიდის, მას უნდა აინტერესებდეს რამდენად მომგებიანია ფასები მისთვის, თორემ მყიდველისთვის დაბალი ფასები კარგია. ჩვენ იმიტომაც ვიძენთ, რომ გვჭირება. საბაზრო ეკონომიკაში ეს მაქანიზმი დევს.